კარინ როიტფელდი მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურაა. როიტფელდი 25 წელია, რაც ტომ ფორდის კოლაბორატორია. 90-იანებში ის გუჩისა და ივ სან ლორანის სტილისტი იყო (ბრენდებს ტომ ფორდი ხელმძღვანელობდა), 2001 წელს კი ფრანგული ვოგის მთავარ რედაქტორად დაინიშნა. კარინმა ჟურნალს სახელი გადაარქვა და ის სახელი უწოდა, რომლითაც დღეს ვიცნობთ – “Vogue Paris”.

როიტფელდის რედაქტორობის დროს პარიზის ვოგი არასოდეს ყოფილა მოსაწყენი, პირიქით, ის ყოველთვის ახერხებდა ხალხის ალაპარაკებას. რისკიანი, ნოვატორი, საკამათო, ირონიული, პროვოკაციული – ეს სიტყვები გვახსენდება, როცა პარიზის ვოგში კარინის ერას ვიხსენებთ. როიტფელდი იყო პირველი, რომელმაც შავკანიანი ტრანსგენდერი მოდელი დაბეჭდა ფრანგული ვოგის გარეკანზე. ის იყო პირველი, რომელმაც მუსლიმი ჰიჯაბიანი გოგო მოახვედრა ფრანგული ვოგის ყდაზე. ის ჟურნალში ბეჭდავდა მოდელის პარამეტრებისგან განსხვავებული სხეულის ზომების მქონე ადამიანებს. კარინი იყო პირველი, რომელმაც მთელი ერთი თვის გამოცემა შავკანიან მოდელს მიუძღვნა. კარინ როიტფელდს ფრანგულ მოდაში დაახლოებით ისეთი როლი აქვს, როგორიც ფრანკა სოცანს ჰქონდა იტალიურ მოდაში.

Alessandro Garofalo

10 წლიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, 2011 წელს კარინმა ფრანგული ვოგი დატოვა. ამავე წელს მან საკუთარი ჟურნალი “CR Fashion Book” დააარსა, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა. მომდევნო წელს როიტფელდი ჰარპერს ბაზარის გლობალური ხელმძღვანელი გახდა.

როიტფელდს ტომ ფორდის გარდა, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა კარლ ლაგერფელდთანაც. შანელის კამპანიების უმრავლესობის მიღმა სწორედ როიტფელდი დგას. ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ, კარინი ამ უკანასკნელის სახელობის ბრენდის მრჩევლად დაინიშნა.

რამდენიმე საათში კარინ როიტფელდს ამერიკის მოდის საბჭო (CFDA) დამფუძნებელთა საპატიო ჯილდოს გადასცემს. გასულ წელს ეს ჯილდო დიზაინერმა კაროლინა ერერამ მიიღო, ხოლო 2017 წელს ჯილდო ლეგენდარულ მაკიაჟის არტისტს, პატ მაკგრათს გადაეცა.