პარიზის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეულის ფარგლებში, Vetements -ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის პრეზენტაცია შედგა. პანდემიიდან გამომდინარე, ბრენდმა ახალი კოლექცია კატალოგით წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ვეტმანის ბოლო ჩვენება 2020 წლის იანვარში ვიხილეთ. ივლისში, კორონავირუსის პირველი ტალღის გამო, ჩვენების გამართვა ვერ მოხერხდა, ამიტომ 2021 წლის იანვარში, ბოლო შოუდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, Vetements-მა ყველაზე დიდი, 165 ლუქიანი კოლექცია გამოუშვა.

Vetements შემოდგომა/ზამთარი 2021

ეს გახლავთ მეორე კოლექცია ვეტმანის ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელის და თანადამფუძნებლის, დემნა გვასალიას ბრენდიდან წასვლის შემდეგ. გვასალიამ თავისი ყველაზე გახმაურებული პროექტი, რომელმაც საერთაშორისო აღიარება და ბალენსიაგაში კრეატიული დირექტორის თანამდებობა მოუტანა, 2019 წლის სექტემბერში დატოვა. დემნას წასვლის შემდეგ, ვეტმანს მისი შემცვლელი არ დაუსახელებია. ბრენდის შემოქმედებით მხარეზე დიზაინერთა ანონიმური გუნდია პასუხისმგებელი, მათი სახელების, ან პოზიციების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ცნობილია მხოლოდ ერთი რამ, ვეტმანის გენერალური დირექტორი კვლავ გურამ გვასალიაა-დემნას უმცროსი ძმა და ბრენდის თანადამფუძნებელი. სწორედ გურამი გვევლინება ბრენდის მთავარ სახედ ახლა.

ამერიკული ვოგის ჟურნალისტთან ინტერვიუში, გურამმა ახალი კოლექციის მიღმა მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ჯოჯოხეთის და სამოთხის პარალელებს, რომლებიც შექმნილია კატალოგის ვიზუალურ იერსახეში. მან სოციალური ქსელით ახალი კოლექცია ამგვარად დააანონსა: “F**k THE PAST”. მიუხედავად ასეთი განაცხადისა, ვეტმანის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის შოუ უკვე კარგად და ბევრჯერ ნანახი წარსულის მარტივი ინტერპრეტაციაა. ის აერთიანებს იდეებს, რომლებსაც დემნა გვასალიას ბალენსიაგას და ვეტმანის კოლექციებში 2014 წლიდან ვხედავთ.

გურამმა ქართულ Forbes – თან ახალ ინტერვიუში აღნიშნა, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამოწვეულ კრიზისს ვეტმანი კარგად უმკლავდება. მეტიც, 2020 წელს ბრენდმა გაყიდვების გაზრდაც მოახერხა.

გურამ გვასალია: ცხოვრებაში, ყოველთვის კარგია, როდესაც რამდენიმე სხვადასხვა სცენარისათვის ხარ მზად. პანდემიამ გვასწავლა, რომ თუ საკმარისად მონდომებით იმუშავებ, საჭირო გადაწყვეტებსაც იპოვი. ჩვენი ბიზნეს-მოდელი ადაპტირდა არსებულ სიტუაციასთან, გავაუმჯობესეთ მომარაგების ქსელი, გავაძლიერეთ ურთიერთობა ჩვენს მწარმოებლებსა და შემსყიდველ პარტნიორებთან. რეალურად, მოვახერხეთ, რომ გაყიდვების მაჩვენებელი გაგვეუმჯობესებინა.

სრულად კოლექციის ხილვას შეძლებთ მითითებულ ლინკზე – Vetements Fall 2021