მოდას ხშირად აღწერენ, როგორც მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ანარეკლს. მოდის ამგვარი დახასიათება ყველაზე ახლოს არის რეალობასთან. სწორედ ამიტომ, როდესაც 2017 წლის ოქტომბერში ნიუ-იორკ ტაიმსის სტატია წავიკითხე, რომელიც ჰარვი უაინშტაინის სკანდალს ეხებოდა, ვიცოდი, რომ მოდაში #Metoo მომენტი ჰოლივუდზე არანაკლები სიჩქარით და ხმაურით განვითარდებოდა. ჰარვის სკანდალმა გამოიწვია ქარიშხალი, რომელმაც მოიცვა მსოფლიო და უეცრად მოდაშიც, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს სარკესავით ირეკლავს, სექსუალური შევიწროება და მოდელების ისტორიები მნიშვნელოვანი პრობლემა გახდა. 2017 წლის შემდეგ, მოდის ინდუსტრია აღარ იყო ისეთი, როგორიც მანამდე.

ჯეიმსის ემოციური და ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა 2016 წელს

ანტუა არნო და ჯეიმს სკალი 2017 წელს


საზოგადოებაში ამ თემასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი დამოკიდებულება შეიმჩნევა, რაც , პირველ რიგში, იმ ქცევების ნორმალიზებიდან გამომდინარეობს, რაც სინამდვილეში სექსუალური შევიწროება და პიროვნების შეურაცხყოფაა. მაშინ, როდესაც საზოგადოების არც ისე მცირე ნაწილი, გაუპატიურების შემდეგაც, ტალახს მსხვერპლს ესვრის და არა მოძალადეს, ბუნებრივია, „მხოლოდ“ არასასურველი შეხება, შეძახილები და შეუფერებელი მოპყრობა, ხშირად, დანაშაულად არ აღიქმება. მსგავსი დამოკიდებულება მოდელებთან დაკავშირებით ორმაგად მძაფრია, რადგან მოდელების პროფესია კამერების წინ სიშიშვლეს და გამომწვევად პოზირებასაც მოიცავს. ამას ემატება მოდაში არსებული რეალობა, გავლენიანი მამაკაცების საკმაოდ დიდი ნაწილი ჰომოსექსუალია და სექსუალური შევიწროების მსხვერპლების დიდი ნაწილი მამაკაცია. თუ ქალი მსახიობების და მომღერლების განცხადების შემდეგ, საზოგადოების ნაწილში მაინც გაჩნდა უსამართლობის გრძნობა და ბრაზი, მერაია ქერის დაცვის ინტერვიუს ცინიზმის გარდა არაფერი მოჰყოლია. მხოლოდ ერთი მიზეზის გამო, ამ შემთხვევაში სექსუალურ შევიწროებაზე მამაკაცი საუბრობდა.

არსებული რეალობიდან გამომდინარე, მამაკაცი მოდელების დიდმა ნაწილმა ანონიმურობა არჩია,თუმცა ისტორიები გასაჯაროვდა და ინდუსტრიის ყველაზე დიდებული ფოტოგრაფების კარიერა დაასრულა. მარიო ტესტინო, ბრუს ვებერი, ტერი რიჩარდსონი და პატრიკ დემარშელიე, უხსენეთ ეს სახელები ნებისმიერს, ვისაც მოდისთვის, ვარსკვლავური კულტურისთვის ერთი წელი მაინც უდევნებია თვალი და პასუხად აუცილებლად მიიღებთ, რომ ისინი თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში ფოტოგრაფების ყველაზე მაღალ საფეხურს მიეკუთვნებიან. ასობით ისტორია, განსხვავებული ადამიანები ერთნაირი ტკივილით, რაც ჩვენს მიერ აღიარებულმა ლეგენდებმა მიაყენეს, მხოლოდ ერთი მარტივი მიზეზით – შეეძლოთ. რთულია იმ ადამიანების ბინძური მხარე დაინახო, რომელთა ფოტოებზეც გაიზარდე, რომლებიც წლები შთაგაგონებდნენ, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო.

პატრიკის, მარიოს, ტერის და ბრუსის „გაწირვით“ ის ინდუსტრია დაიმსხვრა, რომელიც 2018 წლის იანვრამდე არსებობდა და ახალი ერა დაიწყო. თუ სოციალური ქსელების რევოლუციამ მოდას რაიმე კარგი შემატა, პირველ რიგში – სიტყვის უფლება. 10 წლის წინ, შესაძლოა რომელიმე ჟურნალს მსხვერპლის სტატია, სატკივარი, გამოცდილება არ გაეშუქებინა და ის მარტო დარჩენილიყო ძალიან დიდი გავლენის მქონე ადამიანის წინააღმდეგ, მაგრამ დღესდღეობით, სოციალური ქსელების ერაში ყველას აქვს სიტყვის უფლება, ყველას სიტყვა ითვლება და ამ პრივილეგიის სწორად გამოყენება უნდა ხელშესახები ძალაუფლებაა. გვახსოვდეს, თუ პატრიკ დემარშელიეს კარიერა დაიმსხვრა, დაზღვეული არავინაა.