გიორგი ქებურია ერთადერთი ქართველი დიზაინერია, რომელმაც ერთი კონკრეტული პროდუქტით საერთაშორისო მასშტაბით გაითქვა სახელი. მიუხედავად იმისა, რომ ბიჭოლა წლების განმავლობაში ქართული მოდიდან გაუჩინარებული იყო, მის დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებული სიახლის გაცნობის შემდეგ ხალხს თვალწინ ბალიშები წარმოუდგა. ბესარიონი უკვე მერამდენე სეზონია მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს ხურავს კოლექციით, რომელშიც არ გვხვდება ის ქმნილება, რასაც იშვიათი პოპულარობა ხვდა წილად და მაინც, ბესარიონის ხსენებისას შეუძლებელია მომენტალურად შავი მაისური წარწერით „სიყვარული“ არ გაგახსენდეს. დიახ, საქართველოში გიორგის შემთხვევა უპრეცედენტო არ არის, თუმცა თუ ქვეყნის საზღვრებს გავცდებით, თანაც საკმაოდ დიდი მანძილით, მაშინ მისი მაგალითი მართლაც ერთადერთი იქნება.

როგორ შეიძლება ასეთი წარმატება სწორად გამოიყენო? ყოველ სეზონზე შენი “გაჰაიპებული” პროდუქტი აჩვენო, რომელიც იმდენად დროზე მორგებულია, რომ რამდენ ფერშიც არ უნდა წარმოადგინო საზოგადოებას დიდი ალბათობით მაინც მობეზრდება და მისთვის თავადაც უინტერესო გახდები? თუ გაითვალისწინო თანამედროვოების მოთხოვნები, შექმნა რაღაც ახალი, რასაც შესაძლოა ასევე ჰქონდეს გამართლების შანსი? ქებურიამ სწორი არჩევანი გააკეთა და 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე მისმა წვრილმა სათვალებმა ფორმა იცვალა და ზომაშიც ბევრად გაიზარდა.

George Keburia Spring 2020 ©️ Vogue Paris

თუმცა ამ ჩვენების შემდეგ დიზაინერისთვის ახალი „წვრილი სათვალე“ შეიძლება სხვა აქსესუარი – ჩანთა გახდეს. ქებურიას დიზაინისთვის დამახასიათებელი რომანტიული ხასიათის განიერი, პატარა, თუმცა ტევადი ჩანთები ნამდვილად ერგება არსებულ ტენდენციებს და, ამავდროულად, სიახლესაც წარმოადგენს (თუმცა ყვავილის დეტალი პრადას 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის აქსესუარებთან ასოციაციას აჩენს). ეს სადა, გემოვნებიანი, თანაც გამორჩეული ჩანთა თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის ახალი სეზონიდან ყველაზე დასამახსოვრებელი აქსესუარია.

კოლექცია ოთხმოციანი წლებით იყო შთაგონებული, რაზეც არამარტო ტანსაცმლის ფერები და ფორმები მეტყველებდა, არამედ მოდელების თმა და მაკიაჟი.

George Keburia Spring 2020 ©️ Vogue Paris

ექსპერიმენტები, დაურწმუნებლობა, უწესრიგობა, ამასთანავე სურვილი იყო განსაკუთრებული და განსხვავებული ამ ათწლეულს აღწერს. ასევე ამ კოლექციასაც. ეს ის არ არის, რასაც ქუჩაში ყოველდღე ვხედავთ, მაგრამ გიორგი ქებურიას ფანტაზიით შექმნილი პიროვნება პოდიუმის მიღმაც არსებობს, რადგან ის, რაც მას ახასიათებს რეალურია. შოუზე ის გულწრფელია და ისეთს ვხედავთ, როგორიც არის იმიტომ, რომ სტილით საკუთარ თვისებებს არ მალავს, პირიქით, მათ მთელი თავისი ძალისხმევით გამოხატავს.