რთულია გავიხსენოთ ეპოქა, რომელშიც დიზაინერების კარიერა იმდენად არასტაბილური და მერყევი იყო, როგორც ეს ახლაა. დღესდღეობით, ცნობილი ბრენდების შემოქმედებითი დირექტორების უმრავლესობა თანამდებობას 3 წელში ტოვებს, რაც მეტწილად მაღალი მოდის კომერციაზე ორიენტირებულ ბიზნესად ჩამოყალიბებამ გამოიწვია. დიზაინერების კარუსელის შეჩერება ვერც კორონავირუსის პანდემიამ შეძლო.
თვალი გადავავლოთ წლის ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებებს:
პრადა და რაფ სიმონსი – მიუჩია პრადამ ბელგიელი დიზაინერი, რაფ სიმონსი Prada -ს შემოქმედებით თანადირექტორად დაასახელა. მიუჩიამ და რაფმა პირველი საერთო კოლექცია 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ციფრულ ფორმატში წარადგინეს.

ჟივენში და კლერ უაით კელერი – ბრიტანელმა დიზაინერმა ფრანგული მოდის სახლი დატოვა. კელერი ჟივანშის 3 წლის განმავლობაში ხელძღვანელობდა.

ჟივენში და მეთიუ უილიამსი – Givenchy -ს ახალ შემოქმედებით დირექტორად ამერიკელი დიზაინერი, მეთიუ იუილიამსი დაინიშნა.

ფენდი და კიმ ჯონსი – იტალიურმა მოდის სახლმა კარლ ლაგერფელდის შემცვლელად, ინგლისელი დიზაინერი, კიმ ჯონსი დაასახელა. კიმ ჯონსი იკავებს Dior-ის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი დირექტორის პოზიციას. აღსანიშნავია, რომ ჯონსმა თანამდებობა Dior-ში შეინარჩუნა და ახლა, ლაგერფელდის მსგავსად, 2 ბრენდს ხელმძღვანელობს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ სილვია ვენტურინი ფენდი ბრენდში რჩება, როგორც შემოქმედებითი თანადირექტორი.

ქლოე და ნატაშა რემსი ლევი – ნატაშამ ფრანგული ბრენდი 4 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ დატოვა. ჭორები დიზაინერს და ბრენდს შორის კონტრაქტის შეწყვეტაზე ჯერ კიდევ 2018 წელს გაჟღერდა.

ქლოე და გაბრიელა ჰერსტი – ქლოემ ნატაშას შემცვლელად ამერიკელი დიზაინერი, გაბრიელა ჰერსტი დაასახელა. გაბრიელა თავის სადებიუტო კოლექციას 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე წარადგენს.
