ერთი დეკადის განმავლობაში განვითარებული მოვლენების ნამდვილი ეფექტის დანახვა წლების განმავლობაში იქნება შესაძლებელი, რადგან მაშინ არამარტო ფაქტების მოწმეები ვიქნებით, არამედ ჩვენთვის ის გავლენაც თვალსაჩინო იქნება, რომელიც ერთმა ათწლეულმა მომავალზე მოახდინა. 2010-იანები ერთგვარი გარდამავალი პერიოდია კაცობრიობის ისტორიაში. ამ ქაოსურმა და პარადოქსებით აღსავსე დრომ ბევრს აიძულა სხვანაირად ეფიქრა, ეცხოვრა და თავისი პრიორიტეტებისთვის ხელახლა გადაეხედა. 2010-იანები ერთგვარი გარდამავალი პერიოდია მოდის ინდუსტრიაშიც.
ეს ის დეკადაა, რომელშიც რეალობის ფასი ოცნების გაუფასურების ხარჯზე გაიზარდა. ქუჩამ, რომელშიც შეულამაზებელი სინამდვილე იყო მაღალი მოდის პოდიუმზე გადაინაცვლა, იქ, სადაც დიდი ადგილი მშვენიერ ილუზიას ეკავა ალტერნატიულ რეალობაზე.

ისე, როგორც არასდროს მისაღები გახდა სხვისი იდეის გამოყენება, დაკოპირება, არსებულის გაზვიადება, დაცინვა და, ამავდროულად, სახიფათო გახდა დიზაინერის თითოეული ნაბიჯი, რადგან ყველამ ერთხმად დაგმო კულტურული მისაკუთრება თუ ერთფეროვნება, ის კი ამ ყველაფერს ნებით თუ უნებლიეთ არ უნდა შეჯახებოდა.
ლოგომანია გარკვეული დოზით ყოველთვის იყო, მაგრამ მან თავისი აღმავლობის პერიოდი 2010-იანებში ნახა. ბრენდის აშკარა გამოხატულება დიზაინზე მნიშვნელოვანი გახდა და მას მარკეტები ყალბი ნაწარმით წალეკა.

სისტემა ისე აეწყო, რომ პროდუქტის გარშემო შექმნილი მომენტალური მღელვარება გახდა ბრენდის წარმატების განმაპირობებელი მთავარი ფაქტორი. ინფორმაციის გავრცელება ბევრად უფრო დაჩქარდა და გამარტივდა. ინტერნეტ არხების საშუალებით, მიმების კულტურაში „ჰაიპის“ შექმნა სხვადასხვა გზით არაერთი კომპანიის მთავარი ამოცანა გახდა.

ყოველდღიურობა მაღალი მოდის ნაწილად იქცა. 2010-იანებში მოდაში უბრალოების კერპი დაიდგა.
და რა შეიძლება ამ ყველაფერს იმაზე კარგად გამოხატავდეს, ვიდრე მომენტი, როდესაც გოშა რუბჩინსკიმ დიეიჩელის ლოგოიან ყვითელ მაისურში ვეტმანის ჩვენება გახსნა? ეს იყო ახალი ტალღა, რომელმაც მოდა შეცვალა.

ვირჯილ აბლო Off-White-ით, შეინ ოლივერი Hood by Air-ით, Vetements-ის კოლექტივი დემნა გვასალიას ხელმძღვანელობით და გოშა რუბჩინსკი მიხვდნენ იმას, რაც ჯერ მათმა მომავალმა მომხმარებელმაც არ იცოდა – რომ ის, რაც მანამდეც იყო და ყოველთვის იქნებოდა თანაც ყველასთვის ხელმისაწვდომი, შეიძლებოდა გაცილებით მაღალ ფასში დიზაინერის სახელის ქვეშ გაყიდულიყო. მიხვდნენ, რომ გაყიდნენ ირონიას, რომელიც ხალხს ყველაზე მეტად დააინტერესებდა მათი ბრენდით. გაყიდნენ საბჭოთა კავშირის, ახალგაზრდული კულტურის, პრობლემური საკითხების გარშემო არსებულ ისტერიას. გაყიდნენ რეპლიკას, რომელიც უფრო მეტად თავიანთ ბრენდთან ასოცირებული გახდებოდა, ვიდრე მის ორიგინალ წყაროსთან.
მათ იმდენად აქტუალური გახადეს კოლაბორაციები, რომ ახლა თითქმის ყველა თანამშრომლობს ვიღაც სხვასთან. ვეტმანმა 2017 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის უპრეცედენტო, 18 ბრენდთან თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია წარადგინა. ოფ-უაითის და ნაიკის კოლაბორაცია სეზონის ჰიტი გახდა. შეინ ოლივერმა ერთი სეზონით ჰელმუტ ლენგის არქივები თავის ხედვას მოარგო. გოშა რუბჩინსკიმ კი საკულტო ბრიტანული ბრენდი ბარბერი შეუსაბამა საბჭოთა ესთეტიკას.

ისინი ნოვატორები არ არიან. ისინი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩდნენ და დროს მოერგნენ. მათ არც ქუჩის სტილი გამოუგონებიათ და არც პირველები ყოფილან, რომლებმაც ის მაღალ მოდაში წარადგინეს.
„ყველა ტანსაცმელი, რომელსაც ვაკეთებ ეფუძნება იმას, რაც უკვე არსებობს; ახალს არაფერს ვიგონებ.“
დემნა გვასალია

ძალიან დიდ აღმავლობას შეიძლება მოჰყვეს ძალიან დიდი დაღმავლობა. მოდაში ყველაფერს თავისი სასიცოცხლო ციკლი აქვს. ეს მისი ბუნებაა. ამიტომ პოდიუმზე ქუჩის სტილის დომინაციის დროის დამთავრებაც გარდაუვალია, ამას ვირჯილ აბლომაც გაუსვა გაზი. წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ 2020-იანებში რა გახდება მოდაში ფეტიშის ახალი საგანი. ჯერ უნდა გამოჩნდეს ის, ვინც შემოგვთავაზებს იმას, რაც არ ვიცოდით, რომ გვინდოდა, როგორც ვეტმანის კოლექტივი მოგვევლინა უკიდურესად სასურველი ათას დოლარიანი ჰუდით და ჯინსით.