„არტიკულირებული მეტალის ფეხები, რობოტული მხრები, ანდროიდის თვალები და მანეკენის ჯავშანი – არის ეს მოდის მომავლის სამეცნიერო ფანტასტიკური ხედვა?“ – წერდა სუზი მენქესი 2006 წლის ოქტომბერში, როცა ნიკოლა ჟესქიერმა ბალენსიაგასთვის თავისი მორიგი კოლექცია წარადგინა.
2007 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ნიკოლამ საკუთარი ფუტურისტული ხედვა ფრანგული მოდის სახლისთვის შექმნილ კოლექციაში ბრწყინვალედ წარმოაჩინა და პოდიუმზე ერთ-ერთი ისეთი დეტალი შემოგვთავაზა, რომელსაც წლების შემდეგაც აღტაცებით ვიგონებთ.
„რობოტულ არტიკულაციაზე ვფიქრობდი,“ – აღნიშნა დიზაინერმა. „მანქანის ნაწილებზე. დროიდებზე. ბიჭურ სილუეტზე…“
ეს დეტალი „რობოტული ლეგინსებია,“ რომლებიც ოქროსფერსა და ბრინჯაოსფერში იყო შექმნილი. 21-ე საუკუნეში მომავლის ხედვა პოდიუმზე ასეთი მიმზიდველი არასოდეს ყოფილა.
© Pinterest © Vogue
ჟესქიერის ამ კოლექციის ხილვის შემდეგ Vogue-ის ერთ-ერთმა რედაქტორმა, რომელმაც ანონიმურობა არჩია, The New York Times-თან განაცხადა:
„დღის ბოლოს, ჩავიცვამ ბალენსიაგას? ალბათ, არა. მაგრამ შენ არჩევანს აკეთებ აჩვენო მხოლოდ ლამაზი კაბები, რომელთა ჩაცმაც ქალებს ენდომებათ თუ წარმოადგინო დიზაინერის ნამუშევარი, რომელსაც ადამიანების შეხედულებების შეცვლა შეუძლია.“