ის იყო დიზაინერი, რომელიც ნაგვის პარკებისგან ქმნიდა საღამოს კაბას იმისათვის, რათა შემდეგი მესიჯი გადმოეცა: “მოდა ნაგავია.” მისი ნამუშევრები თამამი, პროვოკაციული, ირონიული ასპექტებით იყო გაჯერებული. მოდის სისტემას დასცინოდა და ღიად აკრიტიკებდა, რასაც მის შიგნით აკეთებდა და არა მის მიღმა. ამ სფეროსთან დაკავშირებით კომენტარების კეთებას არ ერიდებოდა და აცხადებდა, რომ მოდის დიზაინერი არ იყო, არამედ მხატვარი, დეკორატორი. “მე არ ვარ ახალი ეპოქის ავტორი,” – ამბობდა ფრანკო მოსკინო.

“მოდა დაბნეულობას ასახავს, იმ უწესრიგობას, რომელიც ჩვენს გონებაშია.”

-ფრანკო მოსკინო

მოსკინოს 1991 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო შანელის პიჯაკის პაროდია, რომელზეც იკითხებოდა – “Waist of Money”

© Condé Nast Archive

იტალიური მოდის ეს გამორჩეული სახელი წინააღმდეგობრიობასთან ასოცირდება. მოსკინო თავისი შემოქმედებით უპირისპირდებოდა სფეროს, რომელშიც საქმიანობდა, ავლენდა მის უარყოფით მხარეებს, იუმორს ხშირად იშველიებდა და მისი საშუალებით პოდიუმზე არაერთ განაცხადს აკეთებდა, როგორც ამ შემთხვევაში, როცა მოდისა და მოხმარებლების ის მხარე გამოავლინა, რომელიც, მისი აზრით, სასაცილო და აბსურდული იყო.