ხშირად ვკამათობთ არის თუ არა მოდა ხელოვნება, მაგრამ უმრავლესობა მაინც ვთანხმდებით, რომ მას არტისტები ქმნიან, რომლებიც მსოფლიოს თავიანთ კომპლექსურ იდეებს ტანსაცმლის სახით სთავაზობენ და როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ისინიც ახდნენ თვალსაჩინო გავლენას საზოგადოების ფორმირებაზე.

ამ სფეროშიც, ზოგჯერ კონცეფციები მეტად ფასობს, ვიდრე ის ფორმა, რომლის საშუალებითაც მათ წარმოგვიდგენენ. ნამუშევარი შესაძლოა ხელახლა იყოს ინტერპრეტირებული, სხვის შემოქმედებას ეფუძნებოდეს ან სულაც სხვას ეკუთვნოდეს, განსხვავებით იმ იდეისა, რომელიც დიზაინერს მის საჩვენებლად გაუჩნდა. და თუ ეს მართლაც ასეა, ამგვარი ქმედება გარკვეულ მიზანს ემსახურება, მისი მნიშვნელობა ღირებულია და სახეზე უბრალოდ კოპირება ან ნამუშევრის მითვისება არ არის, მაშინ ის წლების შემდეგაც იმსახურებს დადებით ჭრილში განხილვას. დავბრუნდეთ 21 წლით უკან და გავიხსენოთ დრო, როცა მიგელ ადროვერმა თავის ჩვენებაზე ბარბერის თრენჩი მისთვის ახალი დანიშნულების მიცემის იდეით წარადგინა.

ბოლო წლების განმავლობაში კოლაბორაციების სერიისა და მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის ზრდასთან ერთად, დამკვიდრდა ისეთი მიდგომებიც, რომლებიც შესაძლოა ახალი ცნებები სულაც არ არის, თუმცა თანამედროვეობამ მათ ახალი დატვირთვა შესძინა და მოთხოვნადად აქცია. მათ შორის არის Repurpose, რაც რაიმეს ახალი, განსხვავებული მიზნით გამოყენებას ნიშნავს. ეს ტერმინი ახლა ხშირად გვესმის, მაგრამ როცა ორი ათწლეულის წინ ასე არ იყო, ადროვერი მოდაში ამ იდეის პიონერად რადიკალური ფორმით მოგვევლინა. მის 2000 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებაზე, რომელიც მრავალმხრივ დასამახსოვრებელი, ამავდროულად, საკამათო იყო, სხვა ბრენდის საკულტო ნამუშევრის Repurpose ვერსია იყო შემოთავაზებული.

© Miguel Adrover

მიგელი ესპანელი, თვითნასწავლი დიზაინერია, რომელიც ოთმოცდაათიანი წლების ბოლოს მოდაში ხმაურით შემოიჭრა.

“დემნა გვასალიამდე მიგელ ადროვერი იყო,” – ვკითხულობთ Dazed-ის სტატიაში. “ის შეპყრობილი იყო კაპიტალისტურ კულტურაზე კომენტარების კეთებით და იმის ჩვენებით თუ როგორ შეიძლება საზოგადოების გავლენის ქვეშ მოქცევა მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური გამოსახულებებით და სხვა არაფრით, მან ლოგომანიის ერა დაიწყო.”

ადროვერმა თავისი პირველი კოლექციის ჩვენება 1999 წელს გამართა და საზოგადოებას ლუი ვიტონის ჩანთა ქვედაბოლოს სახით წარუდგინა. ასე რომ ბარბერი არ ყოფილა ერთადერთი ბრენდი, რომლის პროდუქტსაც ახალი დანიშნულება მოუძებნა. ის ასევე იყენებდა რალფ ლორენის, მალბოროს და კოკა-კოლას ლოგოებს. ჩვენ განვიხილავთ დიზაინერს, რომელმაც კვენტინ კრისპის მატრასს სამოსის ფუნქცია მიანიჭა.

© Byronesque

2000 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე მიგელმა თავისი მეორე კოლექციის ჩვენება გამართა, სახელწოდებით – “Midtown.” “სხვა შოუები კატალოგს ჰგავს,” – განაცხადა დიზაინერმა თავისი ჩვენების შემდეგ, რომელსაც მოდაში დასაქმებული არაერთი გავლენიანი ფიგურა ესწრებოდა, მათ შორის ანა ვინტური. “ჩემი პრეზენტაცია თავგადასავალია… მინდოდა ნიუ-იორკის ქუჩები წარმომეჩინა. ქუჩაში მოსიარულე ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები გამეერთიანებინა – მდიდარი, ელეგანტური ქალბატონი ქალაქის ზემო ნაწილიდან და ჰიპი, ახალგაზრდა მიმზიდველი ქალი ქალაქის ქვემო ნაწილიდან. საზოგადოებას კლასებად ვყოფთ – მდიდარი, ღარიბი, დღის ბოლოს კი ყველა ერთ ქუჩაზე დადის … ქუჩას კლასი არ აქვს.”

ცნობილია, რომ ჩვენების გამართვა ადროვერმა ამერიკული ვოგისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერის მიღების შედეგად შეძლო. აღსანიშნავია, რომ ვოგმა დიზაინერს ფინანსური სახსრები მას შემდეგ გამოუყო, რაც გადაღებაზე მისი ნამუშევრები მოიპარეს.

რაც შეეხება შეფასებებს, რომლებიც კოლექციის პრეზენტაციას მოჰყვა, ნიუ-ოირკ თაიმსის ქეთი ჰორინმა მას “შესანიშნავი” უწოდა, ვოგი ადროვერს “მოდაში ერთ-ერთ ყველაზე კრეატიულ ახალ ტალანტად” მოიხსენიებდა, ჰარპერს ბაზარი – “ნიუ-იორკის სტილის ბოლო სუპერნოვად,” WWD კი – “ნიუ-იორკის ახალ ვარსკვლავად.” მაგრამ ჩვენებით ყველა ნასიამოვნები არ დარჩა, განსაკუთრებით ბარბერი. კომპანიაში გადაწყვიტეს მიგელისთვის ეჩივლათ.

ბარბერის თრენჩის Repurpose ვერსია მიგელ ადროვერის შოუზე ნაჩვენები იყო, როგორც კაბა – ესპანელმა დიზაინერმა ყველასათვის კარგად ნაცნობი პრინტის მქონე სარჩული გარედან წარმოადგინა და მოდელის სხეულს საპირისპირო მხრიდან მოარგო. “ის შოკის მომგვრელი, მშვენიერი და რაღაც მხრივ წმინდა იყო – ამასთანავე საავტორო უფლებებსაც არღვევდა,” – წერდა ამერიკული ვოგი. 20 წლის შემდეგ ადროვერმა გაიხსენა თუ როგორ მივიდა ბრიტანული ბრენდის თრენჩის საკუთარ პრეზენტაციაზე გამოყენების გადაწყვეტილებამდე:

“ბარბერის ქურთუკი ჩემს მეგობარ პიტერ ჰიდალგოს ეკუთვნოდა, რომელიც ნიუ-იორკში ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია – ისიც დიზაინერია, ამასთანავე შესანიშნავი ილუსტრატორიც. ჩემთვის მუშაობდა და სანამ თავის საქმეს შეუდგებოდა, ერთ ღამეს სახლში ვესტუმრე, სადაც წვეულება იყო გამართული. მას ეს საწვიმარი ჰქონდა, ვცეკვავდით და ამ ფორმით მოვირგე. ვუთხარი: “ღმერთო ჩემო, ეს ჩვენებაზე აუცილებლად უნდა გამოვიყენო” და ის მომცა. სტუდიაში მივიტანე – ამოტრიალებული და შემობრუნებული სახე მივეცი. არაფერი მომიშლია. ჩვენებაზე იგივე ნივთი იყო ნაჩვენები, მე უბრალოდ მისი ხელახალი ინტერპრეტაცია მოვახდინე, მას ახალი სიცოცხლე შევსძინე.”

© AnOther

მიუხედავად იმისა, რომ ადროვერის შემოქმედებაში სხვა კომპანიების საკუთრებას დიდი ადგილი უკავია, ბარბერიმ მას სამართლებლივი გზით აუკრძალა თავისი სასაქონლო ნიშნის შემდგომში გამოყენება და ხელი მოაწერინა დოკუმენტზე, რომელიც მიგელის თანხმობას ადასტურებდა.

“ლუი ვიტონს ჩემ წინააღმდეგ არაფერი მოუმოქმედებია, განსხვავებით ნიუ-იორკის იანკებისგან, იმის გამო, რომ ბეისბოლის კეპები სპორტული მაისურების მკლავებზე მოვათავსე,” -ამბობს ის. “მე ამას ბუნებრივად მივიჩნევ. ახლა ვხედავ, რომ გუჩის ბიჭი [ალესანდრო მიკელე] ნიუ-იორკის იანკების ბეისბოლის კეპებს აკეთებს. მათ კოლაბორაცია აქვთ. მაშინ კი სცადეს ჩემთვის ეჩივლათ. ბარბერიმ მართლა მიჩივლა.”

გარდა Repurpose-ისა, მიგელი თავის ჩვენებებზე სხვა ისეთ იდეებსაც იყენებდა, რომლებიც მოდაში განხილვის მთავარი თემები გახდა. მაგრამ ის თავის დროს უსწრებდა, ახლა კი დიზაინერი მიგელ ადროვერი მკვდარია.