Interview Magazine -ის ახალ ნომერში გამოქვეყნდა ინტერვიუ ბრეტ ისტონ ელისს და იტალიური მოდის სახლის, Bottega Veneta – ს შემოქმედებით დირექტორს, დენიელ ლის შორის. დენიელი ბრენდს 2018 წელს შეუერთდა და ძალიან მოკლე დროში, შეძლო ის, რაზეც ყველა ახალგაზრდა კრეატიული ხელმძღვანელი ოცნებობს. “ჩუმი რევოლუცია” დენიელმა უმარტივესად დაიწყო – თეთრი მაისურით, თრენჩითა და 80-იანი წლების “ლორენის” ჩანთით.

ახალგაზრდა დიზაინერის ხელმძღვანელობით, იტალიური ბრენდი ხელახლა გახდა მაღალი მოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მოვლენა. შედეგმაც არ დააყოვნა, მოდის 2019 წლის დაჯილდოებაზე, რომელსაც ტრადიციულად, ლონდონი მასპინძლობდა, დანიელმა 4 მთავარ კატეგორიაში გაიმარჯვა და გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც ერთ საღამოს, ოთხი ჯილდო მიიღო.

Daniel Lee. Photo courtesy of Bottega Veneta.

ბრეტ ისტონ ელისთან საუბარში, ბრიტანელი დიზაინერი რამდენიმე საინტერესო საკითხს შეეხო. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ლის დამოკიდებულება თანამედროვე ციფრული სამყაროსადმი სპეციფიკური და განსხვავებულია. მას არ აქვს ოფიციალური ინსტაგრამი, ან ნებისმიერი სხვა სოციალური ქსელი. მეტიც, 2021 წლის დასაწყისში, მსოფლიო პრესა მოიცვა სიახლემ იმის თაობაზე, რომ Bottega Veneta – მ სოციალურ მედიაში ყველა ოფიციალური გვერდი წაშალა. მხოლოდ ინსტაგრამზე, ბრენდს 2.5 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მყიდველს თეორიები თითქმის ყველაფერზე აქვს, ცნობილი მოდის სახლის ამ ნაბიჯის ახსნა ყველას გაუჭირდა.

სიახლიდან ერთი თვის შემდეგ, Bottega Veneta-ს მფლობელი კომპანიის, ქერინგის თავმჯდომარემ,ფრანსუა პინომ ბუნდოვნად, თუმცა მაინც განმარტა, თუ რას შეიძლება გულისხმობდეს ბრენდის სტრატეგია: “ეს არ ნიშნავს სოციალური ქსელებიდან გაუჩინარებას – ეს უბრალოდ მათი განსხვავებულად გამოყენებაა. ბოტეგამ გადაწყვიტა, რომ მეტად დაეყრდნოს საკუთარ წარმდგენებს და ფანებს.“

გამომდინარე იქიდან, რომ დენიელის შემოქმედებითი ხედვის, შთაგონების, თუ ზოგადად, პერსონის შესახებ, ინფორმაციას სოციალური ქსელებიდან ვერ ვიღებთ, ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესია მისი ინტერვიუების მიმართ.

„საიდუმლო არ არის, რომ ინტერვიუები არ მომწონს. არ მაშინებს, მაგრამ ვფიქრობ, რომ არასწორი გაგება არსებობს. ჯერ 3 წელიც არ არის გასული, რაც Bottega Veneta -ს მართვა დავიწყე, ასე რომ ეს საკმაოდ რთული და შეუქცევადი პროცესია. არა მხოლოდ ვცდილობ, რომ ახალი შემოქმედებითი ხმა ჩამოვაყალიბო, არამედ დროს გუნდის მოტივირებასაც ვუთმობ. ჩემი დღეები განსხვავებულ პროექტებს შორის იყოფა, დაწყებული დიზაინის შექმნისგან, გაგრძელებული კომუნიკაციით და იმ გარემოზე ფიქრით, რომელშიც კოლექცია უნდა იყოს აღქმული – ყველაფერი, მაღაზიების კონცეფციიდან, ვებ-საიტამდე და შოუს გასამართ სივრცემდე.

რა თქმა უნდა, ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყო, სანამ რამეს იტყვი. საკმაოდ მოზომილი უნდა იყო, მე ვხედავ ადამიანები როგორ გახდნენ მოხერხებული მედია-რობოტები. და ეს ნამდვილად არ არის ის, რაც მე მაინტერესებს. მირჩევნია უფრო პირადი და ადამიანური საუბრები მქონდეს,“

„ყოველდღიურად ვიბრძვი, რომ ჩემი გუნდი და გარემო შევინარჩუნო, რაც შეიძლება არაკორპორაციული სახით. ჩვენი გუნდი ოჯახივითაა, ძალიან კარგად ვერთობით, რადგან ჩვენ აქ სიმსივნეს, ან კოვიდს არ ვმკურნალობთ, უბრალოდ ვცდილობთ შევქმნათ მშვენიერი რაღაცები, რათა ადამიანებს მოეწონოთ და ისიამოვნონ, ამიტომ უფრო მსუბუქად ვუდგებით. რა თქმა უნდა, 90-იანი წლების შემდეგ, მსოფლიო მთლიანად შეიცვალა. ახლა, ეს სამუშაო უფრო მეტია, ვიდრე წელიწადში ორი კოლექციის შექმნა. ყოველდღიურად კომუნიკაციაში უნდა იყო, ბრენდის გლობალური სახე ხარ. ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ვარსკვლავებზე ობსესია არსებობს, ყველას სურს იცოდეს სრული ისტორია, განმარტება სურთ, ყოველთვის ისმის „რატომ“, მაგრამ ჩემი აზრით, ზოგჯერ, უბრალოდ უნდა გავჩერდეთ და შევწყვიტოთ ამდენი კითხვის დასმა.“

რა მიზანი ამოძრავებდა, როდესაც ბოტეგა ვენეტას შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობის დაკავებას დათანხმდა? დენიელი პასუხობს:

„მიზანი მქონდა:„არ შეარცხვინო საკუთარი თავი და კომპანია.“ მინდოდა გამემართლებინა, მინდოდა კარგი გაყიდვები მქონოდა. ვფიქრობ, ყველას თავში ეს ტრიალებს, როცა ასეთ სამსახურს თანხმდება. რადგან როგორც ჩემი, აგრეთვე მათი (გულისხმობს ქერინგს, კომპანიას, რომელიც ფლობს იტალიურ ბრენდს) მხრიდან, ეს რისკის შემცველი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობდი, „ჯანდაბა, თუ არ გამოვა, 32 წლის ვარ, მდიდარი ოჯახი არ მყავს, ცხოვრების ბოლომდე თავს ვერ შევინახავ“, პირველი წელს იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ ფულს არ ვხარჯავდი. ვფიქრობდი, „ფული უნდა შეინახო, რადგან თუ არ გაამართლებს, სკოლაში დაბრუნება მოგიწევს და ხელახლა დაწყება.“ მე საკმაოდ ამბიციური და მშრომელი ვარ, ამიტომ მინდოდა რომ რელევანტური ვყოფილიყავი.“

2018 წელს, როდესაც ლი იტალიურ მოდის სახლში აღმოჩნდა, მღელვარება ჯერ კიდევ მთლიანად ორიენტირებული იყო დემნა გვასალიას ბალენსიაგასა და ვეტმანის გარშემო. ამასთან,  მოდის ინდუსტრიაში, არსებობდა მეორე ძალაც, უფრო ჩუმი, თუმცა არანაკლებ გავლენიანი, რომლის სათავეში ფიბი ფაილოს სელინი ედგა.  ფიბი ფაილოს კარიერული აპოთეოზი სელინში 2008 წელს დაიწყო. 10 წლის განმავლობაში, ფიბიმ უდიდესი აღიარება მოიპოვა, როგორც ინდუსტრიაში, ისევე მის გარეთ. სელინის აქსესუარებისა და ტანსაცმლის თაყვანისმცემლები იყვნენ ყველა, მამაკაცები, ქალები, ახალგაზრდები და სოლიდური გამოცდილების მქონე ადამიანები. სწორედ ფიბის სკოლას ეკუთვნის დენიელ ლი, რომელიც ფაილოს ხელმძღვანელობით, სელინში თითქმის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. მანამდე, მან გამოცდილება მიიღო ბალენსიაგაშიც, როდესაც კრეატიული დირექტორი ნიკოლა ჟესქიერი იყო. ლი აღნიშნავს იმასაც, რომ ცოტა ხნით მარტინ მარჯიელასთანაც მუშაობდა.

„ყველა დიდებული შემოქმედებითი დირექტორისგან ვისწავლე, ვისთანაც მიმუშავია და ერთი რამ, რაც ყველა მათგანს აერთიანებდა, რასაც მეც ვცდილობ, რომ შევინარჩუნო, არის ის, რომ კომპრომისზე არასდროს უნდა წახვიდე, რომ ყოველთვის საკუთარი ხედვის და თავის ერთგული დარჩე.“  

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მაღალი მოდის ინდუსტრია გლობალური ფენომენია, რომელიც მიისწრაფვის ინკლუზიურობისკენ, ისეთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, როგორიც იტალიაა, მოწინავე ბრენდების უმრავლესობას იტალიელი კრეატიული დირექტორი ჰყავს. დენიელის დანიშვნა, ამ მხრივაც იყო გამონაკლისი, რადგან ის წარმოშობით ბრიტანელია, თავისი კარიერის დიდი ნაწილი კი, ინგლისში და საფრანგეთში აქვს გატარებული. როგორც ახალგაზრდა დიზაინერი ამბობს, მას კარგად ჰქონდა გააზრებული ეს გარემოება და თავიდანვე მიზნად დაისახა ის, რომ ბოტეგა ვენეთას არ დაეკარგა იტალიური სტილი.

„შემოქმედებითად მამოძრავებს და ჩემზე გავლენას ახდენს უფრო პროდუქტი, ობიექტი, ვიდრე პიროვნება. ჩემს შემთხვევაში, შთაგონება არ იწყება პერსონით. ვფიქრობ, პიროვნებასთან მაშინ მივდივართ, როცა უკვე პროდუქტი შექმნილია. მაგრამ თუ ისეთ საკულტო ადამიანზე დავფიქრდები, ვინც ყოველთვის ჩემს გონებაშია, მაშინ PJ Harvey უნდა დავასახელო. ის ყოველთვის იყო უსაზღვრო ინსპირაცია ჩემთვის. თავიდან ბევრ დროს ვუთმობდი ფელინის და ვისკონტის დიდებულ ფილმებს, რათა უკეთ გამეგო იტალიური სული. გააზრებული მქონდა, რომ დიზაინს იტალიური მოდის სახლისთვის ვქმნიდი და მართლა მინდოდა, რომ ის გამხდარიყო ჩვენი სტილის ნაწილი.“

ინტერვიუდან აგრეთვე ვიგებთ, რომ თანამედროვე არტისტებში, დენიელის ფავორიტი რიანაა.

„მომწონს რასაც წარმოადგენს. როგორც წესი, უფრო ისეთი პიროვნებები მიზიდავს, ვისაც არ აღელვებს რას ფიქრობენ დანარჩენები, ვინც საკუთარი ბედისწერის მმართველი თავადაა.“

როგორც სტატიის დასაწყისში ითქვა, ლიმ “ჩუმი რევოლუცია” უმარტივესად დაიწყო – თეთრი მაისურით და 80-იანი წლების “ლორენის” ჩანთით, რომელიც ბოტეგა ვენეთას მომხმარებელმა გაიცნო, როგორც “Pouch Bag.” რა თქმა უნდა, ახალ ინტერვიუს, ჰიტად ქცეული პროდუქტის განხილვის გარეშე არ ჩაუვლია. დენიელმა აღნიშნა, რომ ჩანთის წარმატება იღბლიანი შემთხვევითობა იყო.

„ჩანთა ძალიან სწრაფად შეიქმნა, რადგან მე ბოტეგაში ზუსტად მაშინ მივედი, როდესაც კოლექცია უკვე უნდა დასრულებულიყო. სარეკლამო კამპანიის გადაღება გვინდოდა და ამისთვის გვჭირდებოდა რაღაც ნივთები, ამიტომ თავი მოვუყარე რამდენიმე უბრალო ნივთს – ჩვეულებრივი მაისური, ტოპი, შორტები, პიჯაკი. შემდეგ, გავაკეთეთ ჩანთის დიზაინი, რომ გადასაღებად რაღაც გვქონოდა.

Pouch-ის ინსპირაცია არის ჩანთა, რომელიც ლორენ ჰათონს უჭირავს ფილმში – American Gigolo. ჩვენთვის ძალიან დიდი სიურპრიზი იყო, რომ ნივთი ასეთი წარმატებული გახდა, რადგან როდესაც ვქმნიდით, მიზანი უბრალოდ ისეთი რაღაცის გამოშვება იყო, რაც მომავალ სეზონამდე მიგვიყვანდა. სინამდვილეში, ამ ჩანთაზე უფრო დიდი ძალისხმევა იმ ნივთებში ჩავდეთ, რომლებიც შემდეგ კოლექციაში იყო წარმოდგენილი.“

The Lauren 1980 Clutch
Bottega Veneta’s Pouch Bag

ისეთ არაპროგნოზირებად ინდუსტრიაში, როგორიც მოდაა, რთულია წინასწარ განვსაზღვროთ, რამდენი ხანი გაგრძელდება „ახალი ბოტეგას“ ტრიუმფი, თუმცა ერთი რამ ფაქტია, დენიელ ლის დიზაინმა და ესთეტიკამ მოდის მოყვარულების გულებში უკვე დაიკავა განსაკუთრებული ადგილი.

Tags :