იტალიური მოდის ინდუსტრია 2022 წელს რეკორდული შედეგებით დაასრულებს. ამის შესახებ კარლო კაპასამ განაცხადა: “წელს ჩვენ არათუ მივაღწევთ, არამედ გადავაჭარბებთ გასული 20 წლის რეკორდულ შემოსავალს”. იტალიური მოდის პალატის პრეზიდენტის სიტყვებს სარწმუნოს მილანში არსებული განწყობაც მოწმობს. ერთი კვირის განმავლობაში, მილანის მოდის კვირეულმა 70-მდე ფიზიკურ შოუს უმასპინძლა. მათ შორის განსაკუთრებულ ინტერესს ისტორიულ მოდის სახლებში ახალი დიზაინერების მიერ შექმნილი სადებიუტო კოლექციები იწვევდა. მზარდი მოთხოვნისა და შესაბამისად კონკურენციის ფონზე, ისტორიული ბრენდები ცდილობენ ახალგაზრდა ნიჭიერი შემოქმედებითი დირექტორების აღმოჩენას, რომლებიც მემკვიდრეობით მოდის სახლებს ახალ შესაძლებლობებს გაუხსნიან. Missoni, Ferragamo, Bally, Etro – 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, ოთხივე ბრენდში გახმაურებული დებიუტი შედგა.

Missoni

კრეატიულ დირექტორ ფილიპო გრაციოლის საპასუხისმგებლო მისია ხვდა წილად. ბრენდის დამფუძნებელი ოჯახის წევრების შემდეგ, ფილიპო პირველი დიზაინერია, ვინც Missoni-ის შემოქმედებითად უხელმძღვანელებს. თავისი სადებიუტო კოლექციისთვის, გრაციოლიმ მოდის სახლის ტრადიციული ელემენტები გამოიყენა, როგორებიცაა: ზიგზაგისებრი სიფერადე და მსუბუქი ტანზე გამოყვანილი ქსოვილები.

Ferragamo

მიმდინარე წლის მარტში, Ferragamo-მ ახალი შემოქმედებითი დირექტორი დაასახელა – 27 წლის მაქსიმილიან დავისი გასულ ათწლეულში პირველი ფერადკანიანი დიზაინერი გახდა, ვინც ისტორიული იტალიური მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. ლონდონის მოდის კოლეჯის კურსდამთავრებული ინდუსტრიის ყურადღების ცენტრში LVMH Prize-ის კონკურსში მონაწილეობის შემდეგ მოექცა. “თავიდან არ ვიცოდი რისი მოლოდინი უნდა მქონოდა, მაგრამ როგორც კი ბრენდში მოვედი, მხარდაჭერა ვიგრძენი. გუნდი, ოჯახი, ყველა აღელვებულია ახალი მიმართულებით, ვფიქრობ, ახალ დასაწყისს ყველა ძალიან ელოდა,” აღნიშნა დიზაინერმა. ახალი დასაწყისი ბრენდში ლოგოს ცვლილებითაც დაიწყო. ამგვარად Salvatore Ferragamo გახდა – “Ferragamo”.

Bally

როდესაც იტალიურ მოდაზე ვსაუბრობთ, რთულია გავიხსენოთ სხვა ბრენდი, რომელსაც ისეთი წარმატების ისტორია აქვს, როგორც გუჩის. გამომდინარე აქედან, გასაკვირი არ არის, რომ დღემდე, მილანში სწორედ გუჩი შთააგონებს ახალგაზრდა დიზაინერების დიდ ნაწილს. რუიჯი ველსენორი ფილიპინური ფესვების ამერიკელი დიზაინერია, თუმცა მისი ხედვა იდეალურად ერგება ევროპულ მაღალ მოდას. Bally-ისთვის თავის სადებიუტო კოლექციაში რუიჯიმ სექსუალური განაცხადი გააკეთა. ერთი შეხედვითაც ადვილი შესამჩნევი იყო, რომ მისი შთაგონება სწორედ გუჩის 1990-იანი წლების კოლექციები გახდა. “სიმდიდრე და სექსუალურობა. ვფიქრობ, რომ ეს არის ის რისი ჩაცმაც ადამიანებს სურთ, როდესაც გარეთ გადიან,” – აღნიშნა ახალგაზრდა დიზაინერმა.

Etro

“ჩემთვის ეს სეზონი იყო იმისთვის, რომ მეჩვენებინა ეთროს პოტენციალი,” -თქვა მილანის მოდის კვირეულის კიდევ ერთმა დებიუტანტმა მარკო დე ვინკენზომ. მარკო ეთროს შემოქმედებით დირექტორად მაისში დაინიშნა. დიზაინერს ბრენდის არქივებში დროის გატარების ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონდა, რის გამოც სარისკო გადაწყვეტილება მიიღო: “დავეყრდენი საკუთარ წარმოსახვას და არა არქივების შესწავლას. ეს არის კოლექცია, რომელიც თავად შევქმენი, ვენდე საკუთარ ინტუიციას და აღქმას.” მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია დაცლილი იყო ეთროს ბოჰემური სულისგან, ბრენდისთვის დამახასიათებელი ქსოვილების და ფერების სიმდიდრე კოლექციაში მაინც შეიმჩნეოდა.