ტომი ჰილფიგერის ახალი კოლექცია სამოცდაათიან წლებს მიეძღვნა. დიზაინერმა ამ სეზონზე მსახიობ და მომღერალ ზენდაიასთან ითანამშრომლა, რომელმაც ტომს თავის სტილისტ ლოუ როაჩთან ერთად ამ ბრწყინვალე პერიოდის აღნიშნვა შესთავაზა.
“გული გამითბა, როდესაც სამოცდაათიანი წლების თავისებურად გაკეთება შემომთავაზეს. მახსოვს ასეთ სამოსს Studio 54-ის საცეკვაო მოედანზე ვხედავდი.” – ტომი ჰილფიგერი
სამოსი, ატმოსფერო, საუნდტრეკი – ყველაფერი იმაზე მეტყველებდა თუ რა ხდებოდა თითქმის ხუთი დეკადის წინ. მაგრამ შოუში ყველაზე დიდი როლი მოდელებმა ითამაშეს, რომლებმაც იდეის სრულყოფა განაპირობეს. პოდიუმზე ყველა თაობის მოდელი გამოვიდა.

“გვინდოდა პატივი მიგვეგო ქალებისთვის, რომლებიც აქ უფრო ადრე იყვნენ, ქალებისთვის, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ჩემი აქ ყოფნა. ეს მართლაც მათი ზეიმია, ამის თქმის საშუალება: ‘მადლობა, მე თქვენ გხედავთ.'” – ზენდაია
გარდა ასაკობრივი ბარიერის არ არსებობისა, შოუზე წარმოდგენილი იყო ყველა ზომის თუ ფორმის მოდელი. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ შავკანიანთა რაოდენობა თეთრკანიანებისას გაცილებით აღემატებოდა, ჩვენება შავკანიანთა სილამაზესაც აღნიშნავდა.

მაგრამ ამ შოუს ნამდვილ ბრწყინვალებას გრეის ჯონსის პოდიუმზე გამოჩენა წარმოადგენდა, რომელიც 2019 წელს, 70 წლის ასაკშიც ისეთივე შეუდარებელია, როგორიც Studio 54-ის პერიოდში.
