გახსოვთ დრო, როდესაც წითელი ხალიჩა დამაინტრიგებელი იყო, რადგან არტისტები სამოსს ცნობილ ბრენდებთან გაფორმებული კონტრაქტების გათვალისწინებით არ ირგენდნენ, როდესაც გუჩი, შანელი, პრადა, დიორი და სხვა აღიარებული მოდის სახლები დაჯილდოებების ორგანიზატორებთან არ ვაჭრობდნენ იმის თაობაზე, თუ რამდენი ვარსკვლავი უნდა წარადგინონ საღამოზე ერთი სტილის და ლოგოს ქვეშ. მაშინ ყველაფერი ნაკლებად კორპორატიული და ბევრად მრავალფეროვანი იყო, თუმცა მიუხედავად განუსაზღვრელი თავისუფლებისა, რაც ბუნებრივად ქმნიდა ავთენტურ, სახალისო, განსხვავებულ და ველურ გარემოს წითელ ხალიჩაზე, 20 და 30 წლის წინაც არსებობდნენ ვარსკვლავები, რომლებიც მხოლოდ ერთი კოსტიუმით ახერხებდნენ ყველასგან გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომენტის შექმნას.

ისინი ხშირად კრიტიკასაც იმსახურებდნენ და პრესის გავლენიანი გამოცემების „ყველაზე ცუდად შემოსილ ვარსკვლავთა“ შორისაც სახელდებოდნენ, მაგრამ როდესაც საქმე ისეთ სწრაფ და წარმავალ ფენომენს ეხება, როგორიც მოდა და ტრენდებია, დრო ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტიკოსია. ზუსტად 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიორკი ოსკარის დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე გახმაურებული ლუქით წარსდგა.

„ვიცოდი, რომ იქ პირველად და დიდი ალბათობით, უკანასკნელად მივდიოდი. ვიფიქრე, რომ ჩემი წარმოდგენა ფერტილურობაზე უნდა ყოფილიყო და თან რამდენიმე კვერცხი წავიღე. სხვათაშორის, ძალიან გაკვირვებული დავრჩი მას მერე, რაც ვნახე, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო ჩემი განცხადება სერიოზულად.“

-Björk.

უდავოა, რომ ოსკარის დაჯილდოების მრავალწლიან ისტორიაში, ბიორკის „გედის კაბა“ ყველაზე უცნაური კოსტიუმი იყო, თუმცა ის ბიორკია, არტისტი, რომელიც სხვებს არ ჰგავს და თავს უფლებას აძლევს იყოს ექსპერიმენტული, უცნაურიც, განსხვავებულიც, რადგან საზოგადოებამ ასეთად შეიყვარა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ლუქი, რომელმაც თავისი კონცეფციით, ამოუცნობი და ამავდროულად არასერიოზული ხასიათით, 21 -ე საუკუნეში, წითელი ხალიჩის ქემფს დაუდო დასაბამი.

კოსტიუმის დიზაინი ბრიტანეთში მოღვაწე, მაკედონიელ დიზაინერს, მარჯან პეიოსკის ეკუთვნის. მარჯანი მოდას საერთაშორისოდ აღიარებულ სასწავლებელში, Central Saint Martins -ში სწავლობდა. მისი კარიერის ყველაზე დიდ მიღწევად სწორედ ბიორკის „გედის კაბა“ ითვლება, თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, პეიოსკიმ, როგორც მილიონობით ადამიანმა მსოფლიოს გარშემო, სწორედ მაშინ გაიგო მუსიკოსის არჩევანის შესახებ, როდესაც წითელი ხალიჩიდან პირველი ფოტოები გავრცელდა. რაც შეეხება გამოხმაურებას, მიუხედავად არაერთგვაროვანი შეფასებებისა, პუბლიცისტ Joel Amsterdam-ის კომენტარი ზუსტად გამოხატავს ეფექტს, რომელიც ბიორკმა მოახდინა.

„მახსოვს, რომ ჩემთვის ვიდექი და გაკვირვებული ვფიქრობდი, Wow… ჯულია რობერთსმა მოიგო ოსკარი მთავარი როლის შესრულებისთვის და ბიორკის გადაღება უფრო მეტ ფოტოგრაფს სურს.

-Joel Amsterdam.

დღესდღეისობით, ბიორკის „გედის კაბა“ წითელი ხალიჩის ერთ-ერთ საკულტო ლუქადაა აღიარებული, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მოდის ზოგად ჭეშმარიტებას – ნებისმიერ კაბაში, მთავარი არის ქალი, რომელსაც ის აცვია.