თანამედროვე სამყაროში, ჩვენს ირგვლივ, ყველაფერი სწრაფად ტრანსფორმირდება. ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, იცვლება ამ დრომდე დამკვიდრებული არაერთი პრაქტიკა. შესაბამისად, უწინდელი მიდგომების გადააზრებაც ხდება. ამასთან ერთად, იცვლება ადამიანის, როგორც მომხმარებლის ჩვევები, საჭიროებები და მოლოდინები. სწორედ ამ ცვლილებების ფონზე იქცა ონლაინ შოპინგი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სერვისად. როდესაც ადგილობრივი ბაზრის ინოვაციურ მიდგომებზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ Phubber-ს – აპლიკაციას, რომელმაც შეძლო და ტექნოლოგიურ, თუ ეთიკურ გამოწვევებს, იდეალურად უპასუხა.
საქართველოში რთულად მოიძებნება მოდის მოყვარული ადამიანი, რომელმაც Phubber-ის შესახებ არ იცის. ამ აპლიკაციას Fashionholics Online-ის მკითხველი ჩვენი სტატიებიდანაც იცნობს, ამიტომაც, დღეს “ფაბერის” იმ ახალ ინიციატივაზე გიამბობთ, რომელიც მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციისა და მასზე ზრუნვის ფარგლებში დაიწყო.

Phubber-მა ახლახანს მოდის აქტივისტის ნიშანი დანერგა. ეს სტატუსი არის იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც ყიდულობენ და ამავდროულად ყიდიან პლატფორმაზე. ამ პროცესის მონაწილეობით, აპლიკაციის აქტიური მომხმარებლები ხელს უწყობენ ბრუნვად მოდას. მოდის აქტივისტის ნიშანი არ არის მხოლოდ სტატუსი. ამ ნიშნის მფლობელები უპირატესობებით ისარგებლებენ, მაგალითად – მათი პროდუქცია და პროფილი აქტიურად განთავსდება ფაბერის სოციალურ მედიაში.
სტატუსის მოპოვებისათვის, აუცილებელია, ერთხელ მაინც იყიდოთ და გაყიდოთ მეორეული ნივთი ფაბერზე.
“მოდის აქტივიზმი – ეს არის მოდის, როგორც სოციალური და გარემოს ცვლილების საშუალებად გამოყენების პრაქტიკა. თუ შენ ყიდი ან ყიდულობ მეორეულ ნივთს, ეს ნიშნავს, რომ შენ მოდის ბრუნვადი მომავლის იდეოლოგიას იზიარებ, შესაბამისად – ხარ მოდის აქტივისტი. ამ ინიციატივით, გვსურს, გავზარდოთ მდგრადი მოდის ენთუზიაზმი ჩვენს პლატფორმასთან ერთად” – აღნიშნავს Phubber-ის თანადამფუძნებელი, ანანო დოლაბერიძე ჩვენთან საუბრისას. იქიდან გამომდინარე, რომ Phubber ინტერაქციული აპლიკაციაა, მისი განვითარება მნიშვნელოვან კავშირშია ერთგული მომხმარებლის ჩართულობასთან. ამას კომპანიის გუნდის თითოეული წევრი იზიარებს, შედეგად – “ფაბერი”, როგორც მნიშვნელოვანი კონცეფციის მატარებელი ციფრული პროდუქტი, დროსთან ერთად, უფრო წარმატებული ხდება.
“ვფიქრობ, ფაბერმა შეცვალა ზოგადად მიდგომა შოპინგის მიმართ. Შეიცვალა დამოკიდებულება, თუ რას ვყიდულობთ, რატომ ვყიდულობთ და რისთვის ვყიდულობთ. თუ აქამდე შეიძლებოდა დაუფიქრებლად შეგვეძინა ტანისამოსი, თუ აქსესუარი და შემდეგ უფუნქციოდ გვდებოდა გარდერობში, ასეთ ნივთებს სარგებლის მომტანი, პრაქტიკული არსებობის საშუალება გაუჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ფაბერი აქტიურად ახდენს კომუნიკაციას მოდის მდგრადი განვითარების მიმართულებით, უკვე შეიმჩნევა, რომ მომხმარებლები უპირატესობას მეორეულ ნივთებს ანიჭებენ, ვიდრე სწრაფი მოდის პროდუქციას. ვცდილობთ და გვიხარია, რომ დღითიდღე იცვლება აზროვნება და შოპინგი ხდება უფრო გააზრებული.”
– ანანო დოლაბერიძე – Phubber-ის თანადამფუძნებელი.

ფაბერის მომხმარებლებისათვის მოდის აქტივისტის სტატუსის მინიჭება არ არის მხოლოდ მარკეტინგული კამპანია – ეს იმ იდეის კიდევ ერთი წარმოჩენაა, რასაც აპლიკაცია ემსახურება. როგორც ანანო დოლაბერიძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, Phubber-ის გუნდი მუდამ ცდილობს, რომ ინოვაციური სერვისის შეთავაზებასთან ერთად, მოხმარებელი სიღრმისეულად დააფიქროს ისეთ თემებზე, როგორიც არის ტანისამოსის წარმოების გავლენა პლანეტის მომავალზე და Რა უნდა გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა იმისთვის, რომ გარემოზე მავნე ზემოქმედება შემცირდეს.
“როდესაც ამ კითხვებს დასვამ, პასუხის გაცემისას აღმოაჩენ, რომ შენ როგორც ინდივიდს, საკუთარი გადაწყვეტილებებით შეგიძლია ცვლილებების შეტანა და ამ ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს ერთჯერადი ქცევა და ის ცხოვრებისეული ჩვევა გახდეს.” – ანანო დოლაბერიძე.
ამჟამად, აპლიკაციას 150 ათასზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.
Phubber-ის გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, მუდმივად იყოს კავშირზე თავის აუდიტორიასთან და მიიღოს ინფორმაცია პირველი წყაროდან, რათა ნებისმიერ გამოწვევას სწორი რეაგირება მოჰყვეს. “ეს ნებისმიერი კომპანიისთვის ოქროს გასაღებია – გქონდეს საშუალება, უშუალოდ ეკონტაქტო მომხმარებელს, გაიგო პირდაპირ მისი აზრი, დადებითი შეფასება თუ – შენიშვნა. გვიხარია, რომ “ფაბერმა” ამ გზით ერთგული და კრიტიკულად მოაზროვნე კომუნა შექმნა” – ანანო დოლაბერიძე.