მოდის ინდუსტრიაში ვინმეს გაოცება, მით უმეტეს, 2022 წელს რთულია. თითქოს ყველას ყველაფერი ნანახი და გამოცდილი აქვს, მაგრამ წლევანდელ მოდის კვირეულებს პოსტ-პანდემიურ ცხოვრებაში ადამიანები ერთმანეთთან შეხვედრებსა და ფიზიკურ ღონისძიებებს მოწყურებული შეხვდნენ, დიზაინერებმა კი, მათ იმედები არ გაუცრუეს. გლამურული მიმართულებები, მაღალი მოდის უძვირფასესი კაბები, “ვირუსული” მომენტები – წელს დიზაინერებმა პოდიუმი დასამახსოვრებელი მომენტებით დატვირთეს. ბოტეგა ვენეტას ქეით მოსის ტყავის “პერანგიდან”, კოპერნის ბელა ჰადიდის ლატექსის კაბამდე, გთავაზობთ გასული წლის 5 გამორჩეულ ჩვენებას:
Bottega Veneta გაზაფხული/ზაფხული 2023

წლის დასაწყისში, მეთიუ ბლეიზიმ ბოტეგა ვენეტასთვის პირველი კოლექცია შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ პირველმა კოლექციამაც საკმაოდ მაღალი შეფასება მიიღო, მეორე კოლექცია უფრო დასამახსოვრებელი გამოდგა, მიზეზი: სუპერმოდელი. მეთიუს პოდიუმზე ქეით მოსი დაბრუნდა.
იხილეთ ვიდეო:
Gucci გაზაფხული/ზაფხული 2023

როდესაც მილანის მოდის კვირეულზე სტუმრები გუჩის მორიგი ჩვენების დაწყებას ელოდებოდნენ, არავინ იცოდა, რომ ეს ალესანდრო მიკელეს უკანასკნელი ჩვენება იქნებოდა ბრენდისთვის. მიკელეს ეპიკური ჩვენებები სჩვევია, თუმცა 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება ნამდვილად მოულოდნელი იყო – პოდიუმზე იდენტური ტყუპები იდენტურ სამოსში ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ.
იხილეთ ვიდეო:


Loewe გაზაფხული/ზაფხული 2023

ჯონათან ანდერსონი ლუევეში განაგრძობს ექსპერიმენტებს, თამაშს სილუეტებთ, ფერებითა და ტექსტურებით. 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია გამონაკლისი არ ყოფილა. ის ისეთივე ფენომენალური იყო, როგორც ჯონათანის ყველა წინა კოლექცია.
იხილეთ ვიდეო:
Valentino Haute Couture გაზაფხული/ზაფხული 2022

პიერპაოლო პიჩოლის ოტ-კუტიური განუმეორებელია. მომენტისთვის არ არსებობს სხვა დიზაინერი, რომელიც ოტ კუტიურს პიერპაოლოსნაირად ქმნის. ქსოვილები, სილუეტები, ჭრები, იდეა, შესრულება – ვალენტინოს გუნდი მაღალ მოდას დასაბამებთან აბრუნებს.
იხილეთ ვიდეო:
Coperni გაზაფხული/ზაფხული 2023

არამგონია ვინმეს დაავიწყდეს მომენტი, როდესაც ბელა ჰადიდს ლატექსის კაბა სხეულზე პოდიუმზევე “შეკერეს”. ტიკ-ტოკისთვის და ინსტაგრამისთვის იდეალურად მორგებული მომენტი გაჰიტდა და რამდენიმე დღის განმავლობაში აღნიშნულ პლატფორმებზე ყველა კოპერნიზე საუბრობდა.