20 წლის შონ მენდესმა მოდის ინდუსტრიაში პირველი მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა. კანადელი მომღერალი კელვინ კლაინის საცვლების ახალი სახეა. შონმა ინსტაგრამზე ფოტოები გუშინ ატვირთა, თუმცა დღეს უკვე 7 მილიონზე მეტი მოწონება აქვს.
ვიქტორია ბექჰემი საკუთარ კოსმეტიკურ ბრენდს ქმნის. ვიქტორია სილამაზის ბიზნესში პირველად 2016 წელს ჩაერთო,როდესაც ესტე ლაუდერთან ითანამშრომლა. Victoria Beckham Beauty გაყიდვაში 2019 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება.
ბრაზილიური ვოგის მოდის მიმართულების ხელმძღვანელმა რასისტული ფოტოების გამოქვეყნების გამო თანამდებობა დატოვა. დონატელა მეირელესმა თავის 50 წლის იუბილეზე გადაღებული ფოტოები გაავრცელა, სადაც თეთრად შემოსილი აფრო-ამერიკელი ქალების შუაში ზის. წლების წინ ასეთ ფოტოებს თეთრკანიანი ბრაზილიელები აფრო-ამერიკელ მონებთან ერთად იღებდნენ.
1860 წელი 2019 წელი
იტალიის საგადასახადო სამსახური გუჩის, ბალენსიაგას, სან ლორანის მფლობელ კომპანიას, ქერინგს 1.4 მილიარდ დოლარს ედავება. როგორც ფრანგული და გერმანული პრესა იუწყება საქმე გადასახადებისგან თავის არიდებას ეხება.
კარლ ლაგერფელდმა და ოლივია პალერმომ თანამშრომლობა დააანონსეს. ნიუ-იორკის ერთ-ერთი წამყვანი “იტ” გოგო, რომელსაც ინსტაგრამზე 5.8 მილიონი გამომწერი ჰყავს, ლაგერფელდის 2019 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სტილისტი იქნება. Karl x Olivia -ს ხილვა მიმდინარე წლის ივნისში იქნება შესაძლებელი.

ვიქტორია სეკრეტის მფლობელი კომპანიის განცხადებით საცვლების კომპანიაში გაყიდვებმა კვლავ იკლო. შარშან საშობაო სეზონის შემდეგ, რომელიც ვიქტორია სეკრეტისთვის ყველაზე შემოსავლიანია, გაყიდვები მილიარდ დოლარს აჭარბებდა, წელს 780.1 მილიონი მიიღეს.
გუჩი 8 მილიარდიანი ბრენდია. ქერინგის 2018 წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე ცნობილი გახდა,რომ გუჩიმ 12 თვეში 8 მილიარდიან შემოსავალს მიაღწია. მფლობელებს მიზნად წლიური 10 მილიარდი აქვთ დასახული. მსოფლიოში მაღალი მოდის მხოლოდ 3 ბრენდი არსებობს, რომელიც წლიურად 10 მილიარდზე მეტს გამოიმუშავებს, ესენია: შანელი, ლუი ვიტონი და ერმესი. გუჩის აქვს შანსი გახდეს მეოთხე.