ზენია

14 ივნისს მილანის მამაკაცის სამოსის მოდის კვირეული დაიწყო. კვირეული ერმენეჯილდო ზენიას ჩვენებით გაიხსნა, რომელიც ლომბარდიაში, ერთ-ერთ ქარხანაში გაიმართა. ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელისთვის, ალესანდრო სარტორისთვის მთავარი გამოწვევა გადამუშავებადი მატერიის გამოყენება იყო, რასაც დიზაინერმა თავი არაჩვეულებრივად გაართვა – თითოეული ლუქი ძალიან თანამედროვედ და ახლებურად გამოიყურება. კოლექციაში განსაკუთრებით ნეილონი დომინირებს. სარტორის ფერების განსაკუთრებული აღქმა აქვს – კოლექცია ნეიტრალური ფერებით დაიწყო და დრამატული ფერებით დასრულდა. ალესანდრო სარტორი შეიძლება იყოს დიზაინერი, რომლიც უნდა ვიცოდეთ, როდესაც მამაკაცის სამოსის დიზაინერებზე ვსაუბრობთ.

ჩვენების ჩანაწერი:

არმანი

მამაკაცის გაზაფხული/ზაფხულის 2020 კოლექცია წარადგინა ემპორიო არმანიმაც. კოლექციაში არმანის კლასიკურ სტილთან ერთად, სპორტული სამოსიც იყო წარმოდგენილი, რაც ბრენდის სამოსს უფრო ახალგაზრდულ შესახედაობას აძლევდა. კოლექცია გამოირჩეოდა ნათელი ფერების სამოსითაც, რომელიც სნიკერებთან იყო შეხამებული. ჩვენება პოდიუმზე იტალიელი ოლიმპიური თამაშების ათლეტების გამოჩენით დაიხურა. ათლეტების ჩაცმულობაზე უკვე დიდი ხანია არმანი ზრუნავს.

დოლჩე&გაბანა

“დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ტროპიკული განწყობაა, ჩვენი სიცილიური თვალებით დანახაული. გადავწყვიტეთ 40-იანებიდან, 50-იანებიდან და ელვისისგან, 80-იანებისა და 90-იანებისგან რაღაც ელემენტები აგვეღო, რაც შემდეგ ჩვენ არქივებს მივუსადაგეთ, რათა მათი შერწყმით რაიმე ახალი მიგვეღო”

განაცხადა ახალი კოლექციის შესახებ სტეფანო გაბანამ. მართლაც, კოლექციაში ტროპიკული განწყობა აშკარად იგრძნობოდა, რაც სხვადასხვა ხილის პრინტიანი ზედებით, მამაკაცის საცვლებითა და ჩვენების გარემოთი გამოიხატა.

მარნი

მარნის დიზაინერის, ფრანჩესკო რისოს კოლექციის შთაგონება ჩე გევარასა და ტრუმან კაპოტეს “ქორწინება” იყო, რაც ძირითადად ტროპიკული სამოსით გამოიხატა. წარსულის რეფერენსების მიუხედავად, კოლექცია თანამედროვედ გამოიყურებოდა და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა. აღსანიშნავია, რომ მარნისთვის ქუდები ქართველმა ხელოვანმა, შალვა ნიკვაშვილმა შექმნა. ქუდების შესაქმნელად გამოყენებული იქნა: ქაღალდი, ბეწვი, პლასტმასი, ტყავი, ბუმბული.

ვერსაჩე

ბოლო სეზონებია ვერსაჩეში ბრენდის ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, რაც ჯერ მაღალი მოდის ბრენდში ქუჩის სტილის ელემენტების გამოჩენით დაიწყო, ხოლო გასულ სეზონზე ვერსაჩეს გრანჟ შოუთი დაგვირგვინდა. რას ვხედავთ, როდესაც ვერსაჩეს ახალ კოლექციას ვუყურებთ? სიძლიერეს, სენსუალობასა და სექსუალურობას, რაც ბრენდის იდენტობის ნაწილი იყო, ნამდვილად არა. ვერსაჩეში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ შესაძლოა გუჩის შემდეგ ბრენდის იდენტობის ყველაზე დიდი ტრანსფორმაციის მოწმენი გავხდეთ.