მოდის ბლოგერების ფენომენს უკვე დიდი ხანია ვიცნობთ. თუმცა, სოციალური მედიის ეპოქამ, მოდის და Lifestyle ბლოგის ფორმა მნიშვნელოვნად შეცვალა. დღეს ეს ადამიანები ინსტაგრამის ინფლუენსერებად მოგვევლინნენ – კრეატორებად, რომლებმაც ინტერნეტ სივრცეში პოპულარობის გავლით, თანამშრომლობა დაიწყეს ცნობილ ბრენდებთან და შექმნეს კოსმეტიკური პროდუქტებისა  თუ ტანისამოსის საკუთარი ხაზები.

გაიცანით ჟურნალ Harper’s Bazaar-ის რჩეული, მოდის რამდენიმე ბლოგერი, რომელთა შესახებ შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ.

ოლია რიზევსკი / Olja Ryzevski

ოლია ციმბირში დაიბადა და ყირიმში გაიზარდა. უკვე დიდი ხანია ბერლინში ცხოვრობს და მოდის წარმატებული ბლოგერიც არის. ოლიას კონტენტი მისი სამი ძირითადი ინტერესის სფეროს – მოდის, ფოტოგრაფიისა და მოგზაურობის კარგი სინთეზია. 2017 წელს, რიზევსკის გადაეცა გერმანიაში საუკეთესო ბლოგერის/ინფლუენსერის სპეციალური ჯილდო. სხვადასხვა დროს, ის თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორებიც არის VOGUE Germany, Harper’s Bazaar, Cosmopolitan. ასევე, სხვადასხვა ბრენდთან და მოდის სახლთან, რომელთა შორის არის – Calvin Klein, Burberry და Cartier.

კრისტი ტაილერი/Christie Tyler

კრისტი ტაილერი 23 წლის ამერიკელი ბლოგერი და ფოტოგრაფია ნიუ ჯერსიდან. კრისტის ფოტოები საკმაოდ ბუნებრივი სტილით და ესთეტიკით გამოირჩევა. რაც შეეხება კოლაბორაციებს, ტაილერი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ მოდის სახლებთან, როგორებიც არის Chanel, Chloé.

სოფია როუ / Sophia Roe

სოფია როი კიდევ ერთი წარმატებული მოდის ბლოგერი, ინფლუენსერი და მოდელია. მისი ინსტაგრამი საკმაოდ დახვეწილია, ჭარბობს შავ-თეთრი ფოტოები. ის მინიმალისტური ესთეტიკით გამოირჩევა.

ემი ლეფევრი / Amy Julliette Lefévre

ემი ლეფევრი 25 წლის აფრიკელი მოდელია. სოციალურ მედიაში ის პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც Fashion Institute of Technology-ის 2020 წლის თებერვლის ჩვენებაში მონაწილეობაზე თქვა უარი. ეს იყო ჩვენება, რომლის რასისტული კონტექსტისათვის, FIT-მა მალევე საჯაროდ მოიხადა ბოდიში. ამ შემთხვევის შემდეგ, არაერთმა გავლენიანმა ჟურნალმა გამოაქვეყნა ემის ინტერვიუ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა გააკრიტიკა ჩვენების ორგანიზატორები საჯაროდ. რაც შეეხება მას, როგორც მოდის და Lifestyle ბლოგერს – ემი ლეფევრი საკმაოდ საინტერესო კონტენტს ქმნის, რომელიც მოდის, მოგზაურობის, ფოტოგრაფიის, beauty ტრენდების საინტერესო და ესთეტიკური სინთეზია.

მარტა საიგანი / Marta Cygan

მარტა პოლონური წარმოშობის ფრანგი მოდის ბლოგერი და ქუჩის სტილის ვარსკვლავია. მისი რჩევები და ინტერვიუები საკმაოდ ხშირად ხვდება ფრანგული და ამერიკული მოდის ჟურნალების სარეკომენდაციო სვეტებში.

დებორა როსა / Debora Rosa

დებორა როსა პორტუგალიელი მოდის ბლოგერი, რედაქტორი და კონსულტანტია, რომელიც ინსტაგრამზე, ქუჩის სტილის ყველაზე პოპულარულ ინფლუენსერებს შორის არის. დებორა როსას სტილში 90-იანი წლების გავლენა და ანდროგენული ესთეტიკა იგრძნობა.

გრის გენემი / Grece Ghanem

გრისი 54 წლის ინსტაგრამერია მონრეალიდან. სოციალურ ქსელებში ყველაფრის ნახვაა შესაძლებელი, თუმცა, არც ისე ხშირად ვხვდებით 50 წელს გადაცილებულ ინფლუენსერს, რომელიც ასე აქტიურად ქმნის კონტენტს. ინდივიდუალურ სტილთან და დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, სწორედ ეს გარემოება გახდა გრის გრეჰემის პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზიც.