ქართული პროდუქციის შეძენის უპირატესობებზე საუბრისას, არაერთი დადებითი გარემოების აღნიშვნა შეგვიძლია. როდესაც ადგილობრივი ბრენდების მომხმარებელი ვხდებით, ამ გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ქვეყნის შიდა წარმოების განვითარებას და პარალელურად, ვახალისებთ კონკურეციასაც, რაც საბოლოოდ ხარისხზე აისახება. დროსთან ერთად, უფრო და უფრო მეტი ახალი ქართული ბრენდი ჩნდება – ეს მრავალფეროვნება კი, განსაკუთრებით შესამჩნევია მოდის ინდუსტრიაში. ეს ბრენდები ზუსტად განსაზღვრავენ აუდიტორიას, იცნობენ საკუთარი მომხმარებლის ინტერესებს და მასობრივი წარმოების უცხოური ბრენდების ალტერნატივად, ავთენტური დიზაინით შექმნილ ტანისამოსს გვთავაზობენ.
გვინდა უკეთ გაგაცნოთ რამდენიმე ქართული ბრენდი, რომლებიც დამახასიათებელი დიზაინისა და კონცეფციის კოლექციებით გამოირჩევიან.
A LA PLAGE ქართული ბრენდია, რომლის კოლექციები განსაკუთრებული ფერადოვნებით გამოირჩევა. ბრენდის ინსპირაციად მოდის უახლეს ისტორიაში დამკვიდრებული საკულტო ტრენდი – ბენდენა იქცა. გაგვახსენდება წლები, როცა მას ატარებდნენ ყველგან – ქუჩის სტილში, მუსიკალურ ვოდეოებში, წითელ ხალიჩაზე. შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, ბენდენა მოდის ინდუსტრიიდან გაუჩინარდა, თუმცა, 2020 წელს კვლავ დაბრუნდა. A LA PLAGE-ის კოლექციებმა, ბენდენის ვიზუალის გამოყენებით, ნოსტალგია და თანამედროვე სტილი საინტერესოდ გააერთიანა და საბოლოოდ შეიქმნა ფერადი, მრავალფეროვანი ბრენდი, რომელიც დღეს სხვადასხვა ხაზს აერთიანებს. A LA PLAGE-ის კოლექციებში აღმოაჩენთ ჩანთებს, სანდლებს, ქუდებს…
ბრენდის დამფუძნებელი ნათია აქულაშვილია. მოდის სამყაროსთან მრავალმხრივმა გადაკვეთამ, მას საშუალება მისცა ზუსტად გამოეცნო თავისი აუდიტორია. როგორც ნათია აღნიშნავს, თავადვეა თითოეული ნივთის მომხმარებელი, იცის ყველა მოდელის უპირატესობა და ნაკლსაც ყველაზე პირველი თვითონვე პოულობს. ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ მას შემდეგ მიდის A LA PLAGE-ის კოლექციები მყიდველამდე, როცა მისი ხარისხი მაქსიმალურად შემოწმებულია. ბრენდის მოდელები ამჯერად რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზეა წარმოდგენილი. მომხმარებლის განსაკუთრებული მოწონებით ის Artsy-ზე სარგებლობს.
A LA PLAGE-ის კოლექციების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ ბრენდის Instagram-ის და Facebook-ის გვერდებს ეწვიოთ.
MERAKI მაშინ გაჩნდა ქართულ ბაზარზე, როცა ადგილობრივი პროდუქციის ყიდვის კულტურა ჯერ კიდევ დამკვიდრების პროცესში იყო. სწორედ ამიტომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ბრენდების მიმღებლობისა და ნდობის პროცესში, მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მას შემდეგ, წლიდან წლამდე, MERAKI ვითარდება – კოლექციები მეტად მრავალფეროვანი ხდება, იზრდება წარმოების მასშტაბები და იცვლება ბესტსელერი პროდუქტები. ბრენდის დამფუძნებელი ანუკა გვენცაძეა, რომლისთვისაც “მერაკის” შემოქმედებითი ხელმძღვანელობა ცხოვრების მთავარ და საყვარელ საქმედ იქცა.
ეს ბრენდი გამოჩეულია აუდიტორიასთან ურთიერთობითაც. შექმნის დღიდან, შემოქმედებით გუნდს ინდივიდუალური მიდგომისა და კომუნიკაციის სტრატეგია ჰქონდა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ MERAKI მომხმარებლის მეგობარ ბრენდად იქცა. ეს აჩენს განცდას, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ვათვალიერებთ კოლექციას, ვხვდებით, რომ მის უკან დგანან ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, თუ ვისთვის ქმნიან პროდუქციას. როგორც ანუკა გვენცაძე აღნიშნავს, სწორედ მომხმარებელია ახალი იდეების ინსპირაციის წყაროც. ეს ბრენდმა ბუნებრივად მოახერხა, ყოველგვარი მარკეტინგული გათვლის გარეშე. ამის წინაპირობა კი, საქმისადმი დიდი სიყვარულია.
MERAKI-ის კოლექციების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ ბრენდის Instagram-სა და Facebook-ის გვერდებს ეწვიოთ.
რთულია მოდის ისტორიაში ისეთივე პოპულარული და გავრცელებული ტრენდის პოვნა, როგორიც ჯინსია. როდესაც ვსაუბრობთ ჯინსზე, ჩვენ არ განვიხილავთ მას, როგორც მასალას – ჩვენ მას ვაფასებთ, როგორც კულტურულ ფენომენს, ამერიკული ცხოვრების წესის, თავისუფლებისა და შეუგუებლობის სიმბოლოს. ჯინსი აქტუალურია ყველგან – კინოში, პოდიუმზე, ედითორიალებში, ქუჩაში. მოდის შეუცვლელი ტრენდი, რომლის გარეშეც ჩვენი ყოველდღიური გარდერობის წარმოდგენაც კი, ძალიან რთულია. DE.NIM ის ბრენდია, რომელმაც თავისი იდენტობა სწორედ ჯინსის ფენომენის და იდეოლოგიის გაზიარებით შექმნა. “ჯინსს არ აქვს ასაკი, სქესი და სოციალური სტატუსი, რაც თავისთავად გულისხმობს თავისუფლებას, დემოკრატიას,“ – აღნიშნავს ნინო მახარობლიძე, ბრენდის დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი.
და მართლაც – ჯინსი ერთდროულად არის მასკულინურიც და ფემინურიც. ბრენდის ძირითადი კონცეფცია უკვე კლასიკად ქცეული ჯინსის მოდელების დეკონსტრუირება და მოდერნიზებაა. სწორედ ეს აქცევს DE.NIM თითეულ მოდელს განსაკუთრებულად, რომელშიც ინდივიდუალური სტილის მოყვარული ადამიანები თავს გამორჩეულად და ამავდროულად, კომფორტულად იგრძნობენ.
ბრენდი არ გვთავაზობს მხოლოდ ჯინსის კოლექციებს. ის აგრეთვე აწარმოებს მაღალი ხარისხის სპორტული და ყოველდღიური სტილის ტანისამოსსა და ფეხსაცმელს, სეზონურ საზაფხულო კაბებს, საცურაო კოსტიუმებს და ასე შემდეგ.
DE.NIM-ის კოლექციების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ ბრენდის Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს ეწვიოთ.
დამახასიათებელი მოდელებით და თანამედროვე მომხმარებლის გემოვნების გათვალისწინებით, Kiara-მ გამოჩენისთანავე დაამახსოვრა აუდიტორიას თავი. ეს არის ბრენდი, რომელიც აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის კომფორტულ და ამავდროულად, ვიზუალურად ეფექტურ სამოსს ქმნის. Kiara-ს კოლექციები ფერადოვანი და ამავდროულად, სადაა. აღსანიშნავია, რომ ბრენდი სეზონიდან სეზონამდე ვითარდება და სრულიად ახალი დიზაინის მოდელებს გვთავაზობს. Kiara-ს საზაფხულო კოლექციებში სხვადასხვა სტილის ფერად საცურაო კოსტიუმებსაც აღმოაჩენთ, რომლებიც თქვენი საზაფხულო დასვენების ერთგული მეგზური გახდება.
Kiara-ს კოლექციების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ ბრენდის Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს ეწვიოთ.
“ჯოვანი მორა” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართული ბრენდია, რომელიც არა მხოლოდ კოლექციების მრავალფეროვანი დიზაინით, არამედ კონცეფციითა და იდეური მიდგომებით გამოირჩევა. კოლექციებში მუდმივად იგრძნობა ქართული ტრადიციების გააზრება და მისი თანამედროვე სახით ინტერპრეტაცია, რაც ბრენდის უნიკალურ ხასიათს და იდენტობას განაპირობებს. Giovanni Mora გამორჩეულ დეტალებს ქმნის – თუნდაც ერთ პატარა აქსესუარს შეუძლია, უნიკალური ელფერი შესძინოს ჩვენს ყოველდღიურ იმიჯს. აღსანიშნავია, რომ ბრენდში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კომუნიკაციის ხელოვნებას – Giovanni Mora-სგან არაერთი ორიგინალური კამპანია გვახსოვს. ეს არის ბრენდი, რომელისთვისაც ასაკობრივი, თუ გენდერული თანასწორობა ერთ-ერთი უპირველესი პრიორიტეტია.
აღსანიშნავია, რომ Giovanni Mora-ს კოლექციებში ეკომეგობრული მოდელებიც გვხვდება, რაც სწრაფი მოდისა და ტანისამოსის ჭარბი წარმოების სამყაროში, ადგილობრივი ბრენდისგან საკმაოდ ეთიკური განაცხადია.
Giovanni Mora-ს კოლექციების დასათვალიერებლად, შეგიძლიათ ბრენდის Instagram-ისა და Facebook-ის გვერდებს ეწვიოთ.