დაახლოებით სამი ათწლეულის განმავლობაში, სტელა ტენანტი თავისი უნიკალურობითა და ანდროგენული შესახედაობით მრავალ ადამიანს ხიბლავდა. სტილის გამორჩეული შეგრძნებით და განსაკუთრებული ტემპერამენტით, მოდის ინდუსტრიაში სამაგალითო პერსონად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ ეპატაჟურობა ან სკანდალები მის სახელთან არასდროს ასოცირდებოდა, მან ფენომენალური სამოდელო კარიერა შეიქმნა და მის დატოვებულ მემკვიდრეობას მომავალი თაობებიც აღტაცებით მოიგონებენ.

ყველაფერი 1993 წელს დაიწყო, როდესაც ქალმა, რომელიც გენიალური ალექსანდრ მაკქუინის აღმოჩენაზეა პასუხისმგებელი, სტელას ამ ინდუსტრიაში მოსახვედრად პირველი მნიშვნელოვანი კარი გაუღო. იზაბელა ბლოუმ ის ბრიტანული ვოგის დეკემბრის ნომრის ედითორიალისთვის – „ლონდონელი გოგონები“ შეარჩია და მისი თავი გადასაღებად ლეგენდარულ ფოტოგრაფ სტივენ მეიზელს შესთავაზა.

ამერიკული ვოგის რედაქტორ ჰემიშ ბოულსთან საუბრისას, იზაბელამ გაიხსენა:

„როცა სტელა შოტლანდიიდან მატარებლით ჩამოვიდა, ცხვრების სუნი ასდიოდა.“

ბრიტანული ვოგი დეკემბერი 1993 – “ლონდონელი გოგონები,”
სტელა ტენანტი სტივენ მეიზელის ობიექტივში

იზაბელა მაშინვე შეიპყრო მისმა hard look-მა, რომელსაც სტელას ცხვირის პირსინგი უფრო გამოკვეთილს ხდიდა. როგორც სტილისტმა ჰემიშს უთხრა, მოდელი თავისი ვიზუალით ფერმის ცხოველს აგონებდა.

„შეძრწუნებული ვიყავი!“ – იხსენებს ის. „მისი სილამაზე მის თვალებში იყო — სრულიად ველური იყო, როგორც გარეული ფრინველი, ქალა-ბიჭა, რომელსაც კაბა არასდროს სცმია.“

ბლოუს მიერ სტელას აღმოჩენა პასპორტის იმ ფოტოს დამსახურებაა, რომელიც მოდელმა სტილისტს გაუგზავნა. ტენანტი მაშინ 23 წლის სტუდენტი იყო, რომელიც ხელოვნებას სწავლობდა და თავისი საოჯახო ფერმის ცხვრის მატყლის გამოყენებით ხელოვნების ნიმუშს ქმნიდა. როცა გადაღებაზე მიიწვიეს, ზაფხული იყო და შოტლანდიის მთიან მხარეში ისვენებდა.

ლონდონში მატარებლით ჩასული სტელა გადაღებას მესამე დღეს შეუერთდა. ბრიტანული ვოგის მაშინდელი მთავარი რედაქტორი ალექსანდრა შულმანი იყო, რომელსაც უნდოდა მოდელს გადაღებისთვის ცხვირის პირსინგი მოეხსნა, რასთან დაკავშირებითაც უთანხმოება წარმოიშვა. საბოლოოდ შულმანი კომპრომისზე წავიდა და სტივენმა ფილიპ ტრეისის ქუდში, მაკქუინის კაბაში და ვივიენ ვესტვუდის ფეხსაცმელებში გამოწყობილი ტენანტი თავისი პირსინგით გადაიღო.

ბრიტანული ვოგი დეკემბერი 1993 – “ლონდონელი გოგონები,”
სტელა ტენანტი სტივენ მეიზელის ობიექტივში

„ის ბრიტანული ვოგის icon-ია,“ – ამბობს ბრიტანული ვოგის ამჟამინდელი მთავარი რედაქტორი, ედვარდ ენინფული. „ბრიტანული სტილის განსახიერება თავისი ბიჭური შესახედაობით, ეკლექტიკური გემოვნებითა და იმ ყველაფრის cool-ად ქცევის წარმოუდგენელი შესაძლებლობით, რაც კი ჩაუცვამს.“

თავად სტელამ გადაღება, რომელმაც მისი კარიერა შექმნა, ბრიტანულ ვოგთან ასე გაიხსენა:  

„ჩემი პირველი სამოდელო გამოცდილება ბრიტანული ვოგის 1993 წლის დეკემბრის ნომერს უკავშირდება, რაც შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოხდა. ჩემი მეგობარი, რომელიც მაშინ ჟურნალში ასისტენტად მუშაობდა, პლამ საიკსს იცნობდა. პლამი იზაბელა ბლოუსთან ერთად პორტფოლიოს ამზადებდა. იზი უკვე ლეგენდარული სტილისტი იყო და არა-მოდელებს ეძებდა, რომლებიც, მისი აზრით, ბრიტანულ cool-ს განასახიერებდნენ. მაღალი და გამხდარი ვიყავი, ამიტომ რამდენიმე წლით ადრე, სანამ ვინჩესტერის ხელოვნების სკოლაში სწავლას დავამთავრებდი, მოდელობა ვცადე, მაგრამ ორიოდე კვირის შემდეგ, რაც ლონდონში შერჩევებზე ვიარე, ჩემით არავინ დაინტერესებულა. გულწრფელად რომ ვთქვა, გარკვეულწილად დავნებდი.

ბოლოს იზის პასპორტის რამდენიმე ფოტო გავუგზავნე, რაც მალევე დავივიწყე. უკვე მაღალმთიან ადგილას ვატარებდი საზაფხულო არდადეგებს, როცა გავიგე, რომ სტივენ მეიზელთან სამუშაოდ ამიყვანა. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა ვინ იყო სტივენი. მეორე მხრივ, უნივერსიტეტიდან ჩემი ბინის მეზობელი უკიდურესად აღელვებული იყო. მას ახსოვდა სტივენის ფოტოები მადონას წიგნიდან Sex, და პრაქტიკულად მიყვიროდა: “ღმერთო ჩემო, ლინდა ევანჯელისტას კარიერის შექმნა მისი დამსახურებაა!” მე კი ვეუბნებოდი: “მომისმინე, დამშვიდდი, უბრალოდ რამდენიმე ფოტო უნდა გადავიღო.”

მაგრამ მართლა ძალიან ვინერვიულე. ლონდონში ღამის მატარებლით ჩავედი – გადაღებას მესამე დღეს შევუერთდი. ის Spitalfields-ში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. საბედნიეროდ, იქ ყველა მეგობრული იყო.
როცა იმ დღეს ვიხსენებ, უმეტესად ტანსაცმელი მაგონდება, რომელშიც ოთხმოცდაათიანი წლების ანარქიზმი ბოლომდე ვლინდებოდა. იზისთან ერთად მოდის რედაქტორი ჯო მაკკენა იყო. ალექსანდრ მაკქუინის უმკლავებო პოლოს საყელოს მქონე კაბა, ვოლფორდის ბადისებრი კოლგოტი და ვივიენ ვესტვუდის ფლატფორმაზე მდგარი ფეხსაცმელი მეცვა.“

ამ გადაღების შემდეგ, მომდევნო კვირას, სტივენმა სტელა პარიზში ვერსაჩეს კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.