ცოტა ხნის წინ, ვოგის ბრიტანული გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ედვარდ ენინფულმა ოქტომბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა. ჟურნალის 106 წლიან ისტორიაში პირველად, სოლო გარეკანზე მამაკაც ვარსკვლავს ვხედავთ.
ტიმოთი შალამე სტივენ მეისელის ობიექტივში
2020 წლის დეკემბერში, ანა ვინტურმა შექმნა პრეცედენტი, როდესაც მოდის ბიბლიის ამერიკული გამოცემის სოლო ყდაზე მამაკაცი დაბეჭდა. მაშინ ჰარი სტაილსის სტატუსი მოდის ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ ჩაეწერა. ჰარის ისტორიული გარეკანიდან 2 წელში, პრეცედენტულ ნომერს გვთავაზობს ბრიტანული ვოგიც. ამჯერადაც გარეკანზე ახალი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი არტისტია გამოსახული.
ტიმოთი შალამემ სამსახიობო კარიერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. ის მონაწილეობას იღებდა ცნობილ სატელევიზიო შოუებში, თუმცა საერთაშორისო აღიარება და ცნობადობა 2017 წლის გახმაურებულმა კინო ნამუშევარმა Call Me by Your Name-მა მოუტანა. მას შემდეგ, ახალგაზრდა მსახიობი მოდის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესსა და დამოკიდებულებას ავლენდა. მისი წითელი ხალიჩის კოსტიუმები ყოველთვის განხილვის საგანი ხდებოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტიმოთის ვოგის ყდაზე ხილვა საკმაოდ ბუნებივი და დამსახურებულია.