2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონისთვის BOSS ნიუ-იორკის მაგივრად მილანის მოდის კვირეულის წევრი გახდა. იტალიაში გერმანული ბრენდის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა. Ingo Wilts – მა აქცენტი ბოსისთვის კარგად ნაცნობ კოდებზე გაამახვილა, რაც სპორტული, ურბანული ესთეტიკის და ტრადიციული, კლასიკური სამოსის გაერთიანებაში გამოიხატა. სიახლეს ფერთა არჩევანი წარმოადგენდა, რომელშიც ლურჯი დომინირება. შემოქმედებითი ხელმძღვანელის თქმით, ლურჯი და ცისფერი ნიუ-იორკის შენობებით იყო შთაგონებული: „ჰადსონ იარდში ვსეირნობდი, როდესაც შენობებზე ცის და ღრუბლების ანარეკლი დავინახე, რამაც შთამაგონა, რომ კოლექცია ლურჯ და პასტელურ ფერებში გამეკეთებინა.“
Boss გაზაფხული/ზაფხული 2020 – მილანის მოდის კვირეული.






კოლექცია სრულად – BOSS S/S 2020
მაშინ როდესაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში კლიმატური პრობლემების სერიოზულად აღსაქმელად ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოდის და 16 წლის გრეტა თანბერგი ბრიტანული ვოგის სექტემბერის ნომრის ყდაზეა, არ არის გასაკვირი, რომ დიზაინერების საკმაოდ დიდი ნაწილი ახალი კოლექციების წარდგენისას კლიმატურ პრობლემებზე საუბრობს. რამდენიმე კვირის წინ, მსოფლიო მედიის მთავარი თემა ამაზონის ტყეში გაჩენილი ხანძარი იყო. მარნის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, ფრანჩესკო რისო ბრაზილიაში იმყოფებოდა, როდესაც ამაზონის ტყეს ხანძარი გაუჩნდა და გადაწყვიტა, რომ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ამ თემისთვის დაეთმო. მიუხედავად იმისა, რომ რისო პრადას სკოლას ეკუთვნის, შთაგონებულია კლიმატური პრობლემებით, ბრაზილიით და შემოქმედებითი პროცესისგან სიამოვნების მიღებით, კოლექცია იაპონური მოდის პიონერების, რეი კავაკუბოს და ჯუნია ვათანაბეს ნამუშევრებს მაგონებს და ამ შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ არის კომპლიმენტი.
Marni გაზაფხული/ზაფხული 2020 – მილანის მოდის კვირეული.




კოლექცია სრულად – Marni S/S 2020