რამდენიმე დღის წინ რედაქტორებმა თავიანთ სახლებში ბოთეგა ვენეტასგან გზავნილი მიიღეს. დიდ შეფუთვაში მოთავსებული იყო BV – ის ფეხსაცმლის ყუთი, თუმცა მასში ფეხსაცმლის მაგივრად პროექტორი იდო თავისი გადამრთველითა და გამოყენების ინსტრუქციით.

Bottega Veneta: Men – ბრენდის შემოქმედებითი ხელმძღვანელის, Daniel Lee – ის და ფოტოგრაფ Tyrone Lebon – ის თანამშრომლობით გადაღებული იმ ფილმის სახელწოდებაა, რომელიც რედაქტორებმა უკვე იხილეს, საჯაროდ სრული ვერსია კი დღეს ციფრულ პლატფორმა MUBI – ზე განთავსდება.

„საკუთარი სისუსტის ჩვენებაც სიძლიერეს გამოხატავს.“

მოკლემეტრაჟიანი ფილმი მასკულინურობის და იდენტობის საკითხებს ეხება და მათ ახსნას ცდილობს. ამ თემებზე მასში მონაწილე სხვადასხვა შემოქმედებითი სფეროს ერთმანეთისგან განსხვავებული წარმომადგენლები ტანსაცმლის მორგების პროცესში ლაპარაკობენ და ამით სამოსთან ურთიერთობასაც წარმოაჩენენ.

ციფრული მოდის კვირეულების ფარგლებში მსგავსი ალტერნატივა სხვა არაერთმა ბრენდმა გამოიყენა, მათ შორის პრადამ, რომელმაც კატალოგთან ერთად ხუთ სხვადასხვა არტისტთან თანამშრომლობით ვიდეობის სერია გააერთიანა და მარჯიელას მოდის სახლმა, რომლისთვისაც ნიკ ნაითმა ჯონ გალიანოს სრული სამუშაო პროცესი და მისი შექმნილი კოლექცია ფილმის სახით წარმოგვიდგინა.