ფილადელფიის Lincoln Financial Field-ზე გამართული კონცერტით, ბიონსემ Renaissance-ის ტური ამერიკის კონტინენტზე განაგრძო. მშობლიურ ქვეყანაში პირველი საღამო მომღერალმა მეთიუ უილიამსის ჟივენშის ოტ-კუტიურით გახსნა, მას შავი მინი კაბა ეცვა, რომელიც შუშის თვლებით იყო გაფორმებული.
სუპერვარსკვლავის სტილზე შიონა ტურინიმ იმუშავა, თუმცა რენესანსის ტურის ფარგლებში, ბიონსე კიდევ ერთ სტილისტთან, KJ Moody-სთან ერთად მუშაობს. შიონამ საბოლოო შტრიხები ჟივენშის ლუქს Tiffany & Co.-ს სამკაულებითა და გამჭვირვალე ოპერის ხელთათმანებით შემატა.


შეგახსენებთ, რომ ინგლისელი დიზაინერის, კლერ უაით კელერის ჟივანშიდან წასვლის შემდეგ, ბრენდმა ოტ-კუტიურის წარმოება დროებით შეაჩერა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო საუბარი მეთიუ უილიამსის მიერ ოტ-კუტიურ კოლექციის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ-ჯერობით ეს პირველი ლუქია, რომელიც აღნიშნულ ხაზში ამერიკელმა დიზაინერმა შექმნა.
Renaissance ტური ბიონსეს მეშვიდე სტუდიური ალბომის მხარდასაჭერად იმართება. აღნიშნულმა ალბომმა 2023 წლის გრემის დაჯილდოვებაზე მომღერალს კიდევ ერთი გამარჯვება მოუტანა, კატეგორიაში “Best Dance/Electronic Album”, რის შემდეგაც ბიონსე გახდა ისტორიაში ყველაზე მეტი გრემის მფლობელი, მას ჯამში 29 ჯილდო აქვს მიღებული.