2019 წელს HBO-ზე Euphoria-ს პრემიერა შედგა და მალევე ის ერთ-ერთ ყველაზაზე პოპულარულ და რეიტინგულ სერიალად იქცა. სერიალმა მსოფლიოს არაერთი ახალი სახე აღმოაჩენინა და ახალგაზრდა მსახიობები თანამედროვე პოპკულტურის გავლენიან პერსონებად აქცია. სანამ მაყურებელი მესამე სეზონის მოლოდინშია, ცნობილი გახდა, რომ პროექტს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი – ბარბი ფერეირა ტოვებს. ამის შესახებ ფერეირამ ინსტაგრამის მეშვეობით ოფიციალურად განაცხადა.

“ყველაზე გამორჩეული და იდუმალი პერსონაჟის განსახიერების ოთხი წლის თავზე, ცრემლიანი თვალებით უნდა დაგემშვიდობოთ. იმედი მაქვს, რომ ბევრმა თქვენგანმა შეძლო მასში საკუთარი თავის დანახვა, ისევე როგორც მე დავინახე” – აღნიშნა ბარბი ფერეირამ გამოსამშვიდობებელ პოსტში.

ამ ეტაპზე HBO-სა და მსახიობს მედიასთან განმარტებები არ გაუკეთებიათ, თუმცა, სოციალურ მედიაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ფერეირას სამსახიობო გუნდიდან წასვლა მისი პერსონაჟის განვითარების გაურკვეველმა გეზმა გამოიწვია. Euphoria-ს პირველ სეზონში კეტი ერთ-ერთი გამოკვეთილი გმირი იყო, რომელიც სილამაზის სტანდარტების მსხვრევის კიდევ ერთ მაგალითად იქცა. თუმცა, მეორე სეზონში კეტი თითქოს სიუჟეტის მიღმა დარჩა და მისი პერსონაჟის განვითარება გაჩერდა. ამან მაყურებლის დიდი დაბნეულობა და უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან აღმოჩნდა, რომ ისტორიაში თითქოს კეტის ადგილი აღარ იყო.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა სიახლეები გველოდება “ეიფორიას” მესამე სეზონზე. ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება შემოქმედებით გუნდში ახალი სახეების დამატების შესახებ ცნობებიც, თუმცა, უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ მომავალ ეპიზოდებში ბარბი ფერეირას ვეღარ ვიხილავთ.

რაც შეეხება სერიალს, Euphoria საშუალო კლასის წარმომადგენელი ამერიკელი თინეიჯერების ცხოვრების შესახებ გვიყვება. სერიალი ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: ნარკოდამოკიდებულება, სექსუალური ორიენტაცია, ბულინგი, მენტალური აშლილობები და ასე შემდეგ.

Euphoria-ში მთავარ როლს ჰოლივუდის ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური სახე – ზენდეია ასრულებს. აღსანიშნავია, რომ ზენდეიას კარიერული აღმასვლა სწორედ ამ პროექტმა განაპირობა. მსახიობმა სერიალში შესრულებული როლისათვის ემის ჯილდოც მიიღო.