ახალგაზრდა ნიჭიერი დიზაინერი მუშაობას იწყებს დიდებული ისტორიის მქონე ბრენდში, ქმნის გასული ათწლეულის ერთ-ერთ ყველაზე განხილვად საქორწინო კაბას ბრიტანეთის სამეფო ქორწილში, იგებს ჯილდოს მოდის საერთაშორისო დაჯილდოებაზე, სახელდება ჟურნალ თაიმის 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავში და მაინც, მისი კონტრაქტი 3 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, აღარ გრძელდება. ალბათ, რაფ სიმონსის და კელვინ კლაინის განშორება გახსენდებათ, თუმცა ახლა მსოფლიო მოდის ყურადღება ჟივანშის და კლერ უაით კელერისკენაა მიპყრობილი. კლერის და ჟივანშის განშორება ნაკლებად მტკივნეული და სკანდალურია, ვიდრე კელვინ კლაინში სიმონსის ერის დასასრული, თუმცა ორივე შემთხვევაში, სახეზეა დიზაინერი, რომელიც აღიარებულია პრესის, მყიდველების და კრიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ, დიზაინერი, რომელიც ერთი შეხედვით, კარიერულ მწვერვალზეა, თავს იწონებს მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ადამიანების გვერდით, თუმცა ბრენდში მოღვაწეობას მხოლოდ 3 წელში ასრულებს.

იუბერ დე ჟივანში 1927 წლის 21 თებერვალს, საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე, ქალაქ ბოვეში, არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს, იუბერმა, პარიზში, Plaine Monceau-ზე, საკუთარი დიზაინ სახლი გახსნა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ჟივანშის მოდის სახლის ისტორია. კლერ უაით კელერი ჟივანშის შემოქმედებით ხელმძღვანელად 2017 წელს დაინიშნა. ის არის პირველი ქალი, რომელმაც ჟივანშიში აღნიშნული თანამდებობა დაიკავა. კლერის დანიშვნას წინ უძღოდა იტალიელი დიზაინერის, რიკარდო ტიშის 12 წლიანი მმართველობა.

Clare Waight Keller

კლერ უაით კელერი ინგლისელი დიზაინერია, რომელმაც განათლება ლონდონში, ჯერ Ravensbourne College of Art-ში, ხოლო შემდეგ Royal College of Art-ში მიიღო. კარიერის პირველი ეტაპი ამერიკაში გაატარა, სადაც კელვინ კლაინის და რალფ ლორენის ბრენდებში სტილისტად მუშაობდა. 2000 წლიდან კლერმა ევროპაში გადმოინაცვლა და მუშაობა იტალიურ ბრენდში, გუჩიში დაიწყო. 4 წლის შემდეგ, კელერი მშობლიურ ბრიტანეთში დაბრუნდა და Pringle of Scotland-ის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა. თანამშრომლობამ 7 წელი გასტანა.

2011 წელს, ნიუ-იორკის, მილანის, ლონდონის შემდეგ, კლერმა მოდის დედაქალაქს, პარიზს მიაშურა, სადაც პრესტიჟული თანამდებობა შესთავაზეს. ინგლისელი ქლოეს შემოქმედებითი ხელმძღვანელი გახდა. სწორედ ქლოედან მოხდა მისი შერჩევა ჟივანშისთვის, როდესაც მისმა წინამორბედმა, რიკარდო ტიშიმ ფრანგულ ბრენდში თავისი ძალიან წარმატებული ერა დაასრულა.

კელერის მოკლე ბიოგრაფიიდანაც ცხადია, რომ ინგლისელი დიზაინერი ჟივანშის სტანდარტებს იდეალურად აკმაყოფილებდა, თუმცა მის თანამდებობაზე დანიშვნას თან ახლდა შესამჩნევად დიდი უნდობლობა და კრიტიკული დამოკიდებულება, რაც სწორედ რიკარდოს ფაქტორიდან გამომდინარეობდა.

Givenchy by Clare Waight Keller

რიკარდო ტიშიმ, ჟივანშის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში, ჯამში 93 კოლექცია შექმნა, მაღაზიების რაოდენობა ათჯერ გაზარდა და ბრენდი 500 მილიონი დოლარით გაამდიდრა. 2004 – 2017 წლებში, Givenchy by RT კულტურული ფენომენი გახდა და კლერი დიზაინერი, რომელსაც ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი უნდა შეეცვალა, რომელმაც ფრანგულ ბრენდს იმაზე დიდი წარმატება მოუტანა, ვიდრე თვით ჯონ გალიანომ და ალექსანდრ მაკქუინმა.

სუზი მენქესი: „სიმართლე არის ის,რომ მხოლოდ ერთი ჩვენებით დიზაინერის სამართლიანად განსჯას ვერავინ შეძლებს. კარლ ლაგერფელდსაც კი, შანელში რთული დასაწყისი ჰქონდა, ჯერ კიდევ 1983 წელს. ეს ჟივანშიში კლერის პირველი გამოჩენა იყო. ვნახოთ ხვალინდელი დღე რას მოიტანს“.

ამ სიტყვებით შეაფასა გავლენიანმა კრიტიკოსმა ჟივანშიში კლერის სადებიუტო კოლექცია, რომელიც პარიზის მოდის კვირეულის 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე ვიხილეთ. დებიუტს მონუმენტური და დასამახსოვრებელი ვერ ვუწოდეთ, თუმცა არც წარუმატებლობა იყო შესაფერისი სიტყვა. მაშინ ყველა შევთანხმდით, რომ ინგლისელი კიდევ ერთ შანსს იმსახურებდა. ერთ კოლექციას მეორე მოსდევდა და ყოველ სეზონზე ნათელი ხდებოდა, რომ კლერს ჟივანშიში ჩამოყალიბებული ხედვა არ გააჩნდა. მას არ სურდა რიკარდოს ნაბიჯებს გაჰყოლოდა, ამიტომ ყურადღება იუბერის ოტ კუტიურ არქივებს დაუთმო. შედეგმაც არ დააყოვნა, ჟივანში ოტ კუტიურ კვირეულში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ბრენდი გახდა, მაგრამ Ready To Wear ბიზნესში გაურკვევლობა უფრო და უფრო იჩენდა თავს.

Givenchy Haute Couture by Clare Waight Keller

თანამედროვე მოდა და მყიდველი ხანმოკლე ტრენდებს მიჰყვება, კლიენტების ლოიალურობა გაქრა, ხოლო კუტიური კვდება. პროდუქტის არჩევანი უზარმაზარია, კლიენტებს კი ის უნდათ, რაც ყველაზე რელევანტური და მომენტს მორგებულია, რასაც სოციალურ ქსელში ატვირთავენ და მოწონებას დაიმსახურებენ. ამის ფონზე, ყველა ბრენდი, რომლის ძლიერი მხარე ოტ კუტიურია, ცდილობს თანამედროვეობა და კუტიურ ისტორია დააბალანსოს. კლერმა ბალანსის შენარჩუნება ვერ შეძლო და სწორედ ამან გამოიწვია ჟივანშის კომერციული უკუსვლა. ბრენდმა რიკარდოს „მილენიალი“ მყიდველები დაკარგა, რადგან მათთვის გასული საუკუნის 50-იანების სილუეტები, ჭრები და ფორმები უინტერესოა, ისინი ბიონსეს Formation -ს უსმენენ. ახალი კლიენტების შეძენაც გართულდა. როგორც უკვე ითქვა, პროდუქტის არჩევანი უზარმაზარია და ოტ კუტიური კვდება.

თანამედროვე მოდაში მილიარდიანი ბრენდის ფინანსური სტაბილურობის გარანტი ლამაზი ნაჭრებით შეკერილი და ძვირფასი თვლებით მორთული კაბა არ არის, არამედ – აქსესუარები და სპორტული ფეხსაცმელები. რეალობა და კლერის ჟივანში თანხვედრაში არ იყო და 3 წელი საკმარისი აღმოჩნდა ამის დასანახად.

კლერ უაით კელერის ბოლო კოლექცია ჟივანშის შემოქმედებითი ხელმძღვანელის ამპლუაში, 2020 წლის შემოდგომა/ზამთარი – პარიზის მოდის კვირეული.