2005 წლის ცნობილი ფილმის, Mr. & Mrs. Smith-ის ხსენებაზე ყველას ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის სამსახიობო დუეტი ახსენდება. ეს არის კინოსურათი, რომლითაც მსახიობები რეალურ წყვილად იქცნენ, ამ ფაქტმა კი, კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა ფილმს. თანამედროვე კინემატოგრაფიაში სულ უფრო პოპულარული ხდება წარმატებული ფილმების ახალი ეკრანიზაციები და Mr. & Mrs. Smith-იც ერთ-ერთი მათგანი აღოჩნდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ვერსიის ავტორებმა საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო გადაწვეტილება მიიღეს სამსახიობო გუნდის თაობაზე – ახალ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს გრემის მფლობელი მუსიკოსი და მსახიობი დონალდ გლოვერი და Fleabeg-ის შემქმნელი ფიბი უოლერ ბრიჯი შეასრულებენ. ისტორიის ახლებურ ვერსიას მაყურებელი არა ფილმის, არამედ სერიალის სახით იხილავს. პროექტი, რომლის პრემიერა 2022 წელს იგეგმება, Amazon Prime Video-ს პროდუქტია, ხოლო გლოვერი და ფიბი მსახიობებთან ერთად, პროდიუსერების ამპლუაშიც იქნებიან წარმოდგენილი. სერიალზე ასევე იმუშავებს Fargo-ს სცენარისტი ფრანჩესკა სლოუნი. Mr. & Mrs. Smith-ის ახალი ეკრანიზაციის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად გაავრცელა Amazon Studios-ის ხელმძღვანელმა ჯენიფერ სალკმა.
მედიასთან საუბრისას, სალკმა აღნიშნა, რომ Mr. & Mrs. Smith თანამედროვე კინემატოგრაფიის საკულტო საკუთრებაა, ამიტომ მისი ახალი ინტერპრეტაცია განსაკუთრებით საინტერესო იქნება გლობალური აუდიტორიისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროექტზე ასეთი ნიჭიერი პროფესიონალები დამტკიცდნენ.
ეს ნამდვილად საოცნებო გუნდია, დონალდი და ფიბი თანამედროვე მსოფლიოს გამორჩეული შემსრულებლები და შემოქმედები არიან. მათი და ფრანჩესკას კოლაბორაცია კი, ჩვენთვის ნამდვილად დიდი მონაპოვარია – აღნიშნა ჯენიფერ სალკმა