ერთი შეხედვით ქართველების სტილი არც ისე მრავალფეროვანია, მაგრამ დაკვირვებული თვალი აღმოაჩენს, რომ ეს ასე არ არის. მსოფლიო ტრენდების თუ ადგილობრივი ტრადიციების გავლენის ქვეშ, ინდივიდუალიზმისკენ სწრაფვით, გარშემომყოფებზე დაკვირვებით ან საკუთარი თავის ძიების პროცესში ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს ჰქონდეს სტილი, რომელიც მას სხვებისგან გამოარჩევს. ის არაერთგვაროვანია და სწორედ ეს უზრუნველყოფს მრავალფეროვნებას.
ბოლო პერიოდში ქართულ ბრენდებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, რაც შესაბამისად ბაზარზე ახალი სახელების გამოჩენას განაპირობებს. ბუნებრივია, თითოეულ მათგანს თავისი სამიზნე სეგმენტი ჰყავს და იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ ჩვენგანს განსხვავებული მოთხოვნები და გემოვნება გვაქვს, მნიშვნელოვანია, ყველას შეეძლოს აღმოაჩინოს ის, რასაც ეძებს. და თუ თქვენთვის განსაკუთრებით მიმზიდველია სამოსი, რომელიც ხაზს უსვამს ქალურ ფორმებს, არის ფერადი, ფემინური და დეტალებზე ორიენტირებული, მაშინ გაგაცნობთ ქეთევან კეკუტიას, 22 წლის დამწყებ დიზაინერს, რომელმაც ცოტახნის წინ გახსნა თავისი პირველი მაღაზია ფალიაშვილის 55 ნომერში.
მისი ძირითადი ხელწერა არის განსხვავებული, ორიგინალური მხრები, ხელები, საყელო, გამოკვეთილი წვრილი წელი. განსაკუთრებული სიმპატიით სარგებლობს მისი კაბები, რომელთა თეძოს ნაწილიც მიზანმიმართულად არის განიერი.
როგორც ქეთევანი აღნიშნავს, მას ბავშვობიდან აინტერესებდა მოდა, მხატვრობა და ზოგადად ხელოვნება. ესკიზების ხატვა და კაბების შექმნა 15 წლის ასაკიდან დაიწყო, ახლა კი თავისი იდეების რეალიზებას ახდენს. ამ გზაზე მისთვის ინსპირაციის წყარო შეიძლება ნებისმიერი პატარა დეტალი აღმოჩნდეს, მუშაობას კი, მისი თქმით, რაღაც განსაკუთრებულის შექმნის მიზნით იწყებს.
„ყოველთვის ვცდილობ ჩემს სამოსში წარმოდგნილი იყოს მოდერნიზმი, მაგრამ ასევე ძალიან მიყვარს ვინტაჟური სტილიც და ამიტომ მივიწყებული სიძველეების ახლებურად გაცოცხლებაც მიზიდავს,“ – ამბობს ქეთევანი. „რენესანსის ეპოქა ჩემთვის, როგორც ხელოვანისთვის ძალიან მიმზიდველია კულტურული თვალსაზრისით. ასევე ბაროკო, როკოკო თავისი ძვირფასი ქსოვილებით, ფერადოვნებით და ბრწყინვალებით. ეს ყველაფერი იგრძნობა ჩემი კოლექციის პატარ-პატარა დეტალებიდან (ხელები, მხრები, საყელო) და სადა საღამოს ან კოქტეილის კაბას განსაკუთრებულიერს სძენს.“
ქეთევანის თითოეული კაბის შექმნას ინდივიდუალური დრო სჭირდება, რაც ქსოვილზე და დიზაინის სირთულეზეა დამოკიდებული. საშუალოდ პროცესი 2-3 დღე გრძელდება. ქსოვილის შერჩევისას, ცდილობს არჩევანი ხარისხიანსა და ლიმიტირებულზე გააკეთოს. გარდა ამისა, თავის მომხმარებლებს ხელნაკეთ კაბებსაც სთავაზობს, რომლებსაც გაცილებით მეტი დრო – რამდენიმე კვირა სჭირდება, რადგან მათი თითოეული დეტალი ხელით იქმნება.
„ჩემი ბრენდის იდეა არის განსაკუთრებულობა. ჩემი აზრით, ყველა ადამიანი განსხვავებულია და თავის მხრივ განსაკუთრებული, რაც ხშირად არ იციან ან არ უნდათ რომ იცოდნენ, ან ავიწყდებათ. „იყავი განსაკუთრებული ირწმუნე საკუთარი თავის.““
ქეთევანი თავის მომხმარებლებს დიზაინერის ინდივიდუალურ მომსახურებასაც სთავაზობს, რაც კლიენტისთვის ესკიზის შექმნას და სასურველი სამოსის დამზადებას გულისხმობს.
მისი სამომავლო გეგმები თავისი ბრენდის განვითარებას ეხება. სურს, რომ მას ფეხსაცმელებისა და აქსესუარების ხაზიც დაამატოს, კიდევ უფრო გააფართოოს და საზღვრებს გარეთაც გაიტანოს.