1986 წელს ლონდონში ანტვერპენიდან ექვსი დიზაინერი ჩავიდა, რათა თავიანთი შემოქმედება ახალი აუდიტორიისთვის წარედგინათ. ეს იყო ჯგუფი, რომლის ყველა წევრი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, მაგრამ თითოეულ მათგანს საერთო ავანგარდული სულისკვეთება ამოძრავებდა. მათი დიზაინ ფილოსოფია უარყოფდა საუკუნეების მანძილზე დასავლური მოდის მიერ დამკვიდრებულ სტატუსის იდეას, რომ სამოსით უნდა წარმოგეჩინა გვარიშვილობა, სიმდიდრე. მათი მოდა, ხედვა, დამოკიდებულება ძალიან შორს იყო გლამურის, სტატუსის, ელეგანტურობის ცნებისგან. ისინი ანტი-მოდას წარმოადგენდნენ – ამ ტერმინის ხსენებისას კი საჭიროა კიდევ რამდენიმე წლით უკან დაბრუნება და მათი აღნიშნვა, ვინც პირველად დაიწყო მოდაში ეს რევოლუციური, წინააღმდეგობრივი მოძრაობა.
მართალია ეს არა ლონდონში, არამედ სხვა ქალაქში, პარიზში, მოხდა, მაგრამ სწორედ მაშინ დაიწყო მოდის ჩაკეტილი საზღვრების გაფართოება და განსხვავებული შემოქმედებითი ხედვის აღიარება. მაშინ ფრანგულ მოდას უკვე გათავისუფლებული ჰყავდა ქალები ტანზე მჭიდროდ მოჭერილი, არაკომფორტული კაბებისგან, RTW სამოსის წარმოება მაღალი მოდის სახლების მიერ აქტიურ ფაზაში შედიოდა, კოლექციები კოსმოსური ეპოქის გავლენითაც შექმნილიყო, მაგრამ ხალხს ყველაფერი ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნანახი.
ოთხმოციანი წლების დასაწყისში იაპონელები გამოჩნდნენ და მოდის დეკონსტრუქცია დაიწყეს. მათ სრულიად ახლებური მიდგომა ჰქონდათ. რეი კავაკუბოს და იოჯი იამამოტოს უფერულმა, ბნელმა, ექსპერიმენტულმა, ტრადიციული გაგებით აღქმულ ფემინურ ფორმებს შეწინააღმდეგებულმა ნამუშევრებმა მოდაში ახალი ესთეტიკა შეიტანა. ხშირად ამბობენ, იაპონელები უფრო გონებისთვის ქმნიდნენ სამოსს, ვიდრე სხეულისთვის. დიზაინში იაპონელებს სწორედ ბელგიელები ენათესავებიან, რომლებმაც საჭირო დროს, სწორ ადგილზე წარმოაჩინეს თავიანთი უჩვეულო, განსხვავებული ხედვა და ინოვაციური შემოქმედება.

ოთხმოციანებში იაპონელი და ბელგიელი დიზაინერების რადიკალიზმის გარდა თიერი მუგლერის და კლოდ მონტანას Power Dressing, ალაიას პერფექციონიზმი, ჯანი ვერსაჩეს როკ ‘ნ’ როლის და გლამურის მიქსი და ჯორჯო არმანის ელეგანტურობაც დომინირებდა, შესაბამისად საფრანგეთი თავის მნიშვნელობას ინარჩუნებდა და თამაშში იტალიაც აქტიურად ერთვებოდა. მაგრამ რა როლი ჰქონდა ბრიტანეთს? რატომ ჩათვალეს დამწყებმა დიზაინერებმა, რომ თავიანთი შემოქმედების პოპულარიზაციისთვის ლონდონი უკეთესი არჩევანი იყო, ვიდრე, მაგალითად, პარიზი? თუმცა ლონდონამდე ჯერ ანტვერპენი იყო, სადაც ყველაფერი დაიწყო.
1981 წელს, მაშინ, როდესაც ანტვერპენის ექვსეულის უმეტესმა წევრმა სამეფო სამხატვრო აკადემიაში სწავლა დაასრულა, ბელგიის მთავრობამ ქვეყნის განვითარებაში ამ სფეროს პოტენციალი დაინახა. ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო მოდის რუკაზე საერთოდ არ ჩანს. ბელგიის ეკონომიკის მინისტრის ინიციატივით დაიწყო ქვეყანაში მოდის ინდუსტრიის განვითარების კამპანია, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივი დიზაინერების ხელშეწყობას გულისხმობდა. სწორედ მთავრობის ინიციატივით შეიქმნა ყოველწლიური კონკურსი Golden Spindle და გასაკვირი არ იქნება იმის აღნიშვნა, რომ მისი შექმნის პირველ ათწლეულში გამარჯვებულთა რიგები ანტვერპენის ექვსეულის თითქმის ყველა წევრმა დაიკავა.

მთავარი საერთო ამ ექვს დიზაინერს შორის ანტვერპენის სამეფო სამხატვრო აკადემიის დიპლომია, რომელიც 1980, 1981 და 1982 წლებში მიიღეს, მას შემდეგ, რაც Linda Loppa-ს ხელმძღვანელობის ქვეშ მოდის დიზაინის შესწავლა დაასრულეს. საერთო ინტერესმა და საქმემ საერთო მიზნამდე მიიყვანათ – უნდოდათ სახელი საერთაშორისო მასშტაბით გაეთქვათ.
„უკიდურესად გვინდოდა უცხოურ ჟურნალებს ჩვენზე დაეწერა და პრესის ყურადღება მიგვეპყრო, ამიტომ უნდა დაგვეტოვებინა ბელგია. რაღაცებს ვაკეთებდით, მაგრამ ბელგიის გარეთ მათზე არავინ საუბრობდა.“
Walter Van Beirendonck
Dries Van Noten, Ann Demeulemeester, Dirk Van Saene, Walter Van Beirendonck, Dirk Bikkembergs, Marina Yee – მოდის პიონერები არიან ბელგიიდან, რომლებმაც პირველებმა აქციეს ეს ქვეყანა მოდური პრესის და ბაიერების ინტერესის საგნად, სანამ ამას მარტინ მარჯიელა გააკეთებდა. და რაფ სიმონსი. ან ოლივიე თეისკენსი. ნურც ჰაიდერ აკერმანი, კრის ვან აშე და ენტონი ვაკარელო დაგვავიწყდება. დემნა გვასალია? ბელგიელი ცალსახად არ არის, მაგრამ ისიც ანტვერპენის სკოლას მიეკუთვნება.

რა რეაქცია მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ანტვერპენიდან უეცრად, ყველასთვის მოულოდნელად ამდენი ტალანტი ერთ სფეროში გამოჩნდა და რამ განაპირობა ეს ყოველივე? 1granary-ისთვის მიცემულ ინტერვიუში Geert Bruloot აღნიშნავს:
„მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაიწყო, ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხებოდა ერთ რამეს: რა ხდება ამ ექვსეულთან დაკავშირებით? ერთი ამერიკელი ჟურნალისტი წერდა: ‘რა არის ანტვერპენის წყალში გარეული?’ ეს ამოუცნობი დარჩა. რატომ და როგორ? რთულია ამის ახსნა. ალბათ, ოთხმოციანებში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას უნდა დავაბრალოთ, როდესაც მსოფლიო ძალიან სწრაფად იცვლებოდა და გლობალური საზოგადოება გავხდით; სადაც პატარა ქვეყნის იდენტობამ უეცრად დაინახა შესაძლებლობა, გამხდარიყო ამ გლობალური ამბის ერთ-ერთი მოთამაშე. ჩვენ მომავალი დავინახეთ.“
გერტი ის ადამიანია, რომელსაც ამ ჯგუფის ჩამოყალიბება უნდა მივაწეროთ. ის ანტვერპენში მაღაზია Coccodrillo-ს მფლობელი იყო და დიზაინერები სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში გაიცნო.
„ოთხმოციან წლებში დირკ ვან სანს ანტვერპენში მაღაზია Beauties and Heroes ჰქონდა, სწორედ იქ შევხვდი დირკს და თავის პარტნიორ უოლტერ ვან ბეირენდონკს. რამდენიმე თვის შემდეგ მარტინ მარჯიელა მოვიდა ჩემს მაღაზიაში, ეს კი მანამდე იყო, სანამ ჟან პოლ გოტიესთან სამუშაოდ წავიდოდა. მან მითხრა, რომ ფეხსაცმლის კოლექცია ჰქონდა და მისი გაყიდვა შემომთავაზა. სახლში წავყევი სანახავად. გასაოცარი იყო – ყველა მათგანი ვიყიდე. ენ დემულამესტერი მაღაზიაში იმ ფეხსაცმელების საყიდლად მოდიოდა. ერთი წლის შემდეგ დრის ვან ნოტენს შევხვდი, რადგან მაშინ მაღაზიებისთვის ვიტრინების გაფორმებაზეც ვზრუნავდი. მან კონკურსი Golden Spindle ახსენა და მითხრა, რომ სჭირდებოდათ ვიღაც, ვინც მუსიკასთან კოორდინაციასა და სცენოგრაფიაზე იმუშავებდა. შემეკითხა, მინდოდა თუ არა ამის გაკეთება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არასდროს გამეკეთებინა, დავთანხმდი და დეკორზე ვიმუშავე. კონკურსი დირკ ბიკემბერგსმა მოიგო, რომელსაც შევხვდი და გავესაუბრე. „შენი ფეხსაცმელები საოცარია, მათი გაყიდვა გვინდა!“ დირკმა მითხრა, რომ ისინი არ იწარმოებოდა, ამიტომ წავიდა და თავისი მწარმოებელი ნახა, რომელმაც უთხრა: „კარგი, გავაკეთებთ, მაგრამ დისტრიბუციას გერტმა უნდა მიხედოს, რადგან აგენტი არ გვყავს.“ მე კი ვუპასუხე, „კარგი, მაშინ ასე მოვიქცეთ.““

ორი სეზონის განმავლობაში ისინი ჰოლანდიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში მოგზაურობდნენ, თუმცა დირკის ფეხსაცმელები არ შეესაბამებოდა იმას, რაც მაშინ მაღაზიებში იყიდებოდა – მამაკაცის ვიწრო ფეხსაცმელებს. შემდეგ იყო ტოკიოში მთავრობის მიერ დაფინანსებული მოგზაურობა, სადაც გერტმა მოდის ფართო სურათი და ის შესაძლებლობები ნათლად დაინახა, რასაც ახალი რეალობა დიზაინერებს აძლევდა.
„მივხვდი რაც ხდებოდა, იმ მომენტში კი ლონდონი იყო დიდი,“ – ამბობს ის. „Vivienne Westwood, Katherine Hamnett, Body Map, Culture Shock და Galliano-ც მაშინ იწყებდა… ამიტომ ვუთხარი: „მომბეზრდა შენს ფეხსაცმელებთან ერთად ქალაქგარე დასახლებებში სიარული. გამოსავალი ვიპოვე: მოდი ლონდონში ბრიტანელი დიზაინერების შოუში ჩავერთოთ.““
მაგრამ ფეხსაცმელები საკმარისი არ იქნებოდა. ამიტომ მან უოლტერიც მოიწვია, რომელიც კოლექციის შექმნაზე დასთანხმდა. გერტი მაშინ დრისთანაც აქტიურად თანამშრომლობდა და როდესაც მან ამ იდეის შესახებ გაიგო, თვითონაც მოინდომა ჩართვა. შემდეგ ლონდონში წასვლა მარინას, ენს და დირკსაც შესთავაზა. მალე დაქირავებული სატვირთოთი ახლად ჩამოყალიბებული ჯგუფი გაემგზავრა ქალაქში, სადაც მათი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა.

და მაინც, რატომ ლონდონი?
ოთხმოციანებში ბელგიის მსგავსად, ბრიტანეთისთვისაც პრიორიტეტული გახდა მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობა. თუმცა ბრიტანეთის მოდის სცენა ბევრად უფრო ფართო იყო, ვიდრე ბელგიის. ლონდონში, სადაც სუბკულტურები მეფობდნენ, მოდის აღქმა სერიოზულად დაიწყო, ამავდროულად, ის დანარჩენ მსოფლიოს მოდის განსხვავებულ სახეს სთავაზობდა: ახალგაზრდულს, მეამბოხეს, დაუმორჩილებელს, რისკიანს, წინააღმდეგობრივს, უწესრიგოს და მას ისეთი აქტივისტი დიზაინერები მიუძღვოდნენ, როგორებიც არიან – ვივიენ ვესტვუდი და კეტრინ ჰემნეტი. ეს ქალაქი აფასებდა და ხელს უწყობდა ინდივიდუალიზმს და კრეატივს, თანაც შანს აძლევდა დიზაინერებს კომერციულად წარმატებულები გამხდარიყვნენ და პრესა თავიანთი შემოქმედებით დაეინტერესებინათ. ბელგიელების მხრიდან ლონდონი მაშინ გონივრული არჩევანი იყო.

„ლონდონში ყველა დიზაინერი შენობის პირველ სართულზე იყო წარმოდგენილი, ჩვენ კი მაღლა, საქორწინო კაბების გვერდით. არცერთი ბაიერი Barneys-იდან, Bergdorf-იდან და ა.შ. არ ადიოდა მეორე სართულზე — ეს პირველივე დღეს შევამჩნიეთ. მომდევნო დღეს ფლაერები დავამზადეთ და მათი დარიგება დავიწყეთ პირველ სართულზე. იმ დღეს, ნაშუადღევს, უეცრად Barney’s გვყავდა და ჩვენი პირველი შეკვეთებიც გავაფორმეთ. ერთი საათის შემდეგ ადგილი პრესით, კამერებით გაივსო: „საიდან მოხვედით? თითქოს სხვა პლანეტიდან ხართ, თქვენზე არასდროს გვსმენია! როგორი ფანტასტიურია!“ და რადგანაც ჩვენი სახელების წარმოთქმა არ შეეძლოთ, „ანტვერპენის ექვსეული“ გვიწოდეს.“
Geert Bruloot
მაგრამ ბრიტანული მოდისთვის პრიორიტეტულები ყოველთვის ბრიტანელები იყვნენ და როდესაც ბელგიელებისთვის ეს პოზიცია ბრიტანული მოდის საბჭოს მხრიდან ნათელი გახდა, გადაწყვიტეს წასულიყვნენ ქალაქში, რომლის კარიც უკვე ყველასთვის ღია იყო – პარიზში.
მოდის დედაქალაქში ანტვერპენის ექვსეულმა ორჯერ გამართა ჩვენება და მას მერე ერთობლივად აღარასდროს უმუშავიათ. დირკ ბიკემბერგს, იმის გამო, რომ მარტო მამაკაცის სამოსს ქმნიდა, მოუწია ჯგუფს გამოყოფოდა და ჩვენება ცალკე გაემართა. დრისი იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ უფრო დიდი შოუს მოწყობა სჭირდებოდა. ამიტომ ჯგუფი დაიშალა და ყველამ ინდივიდუალურად განაგრძო მოღვაწეობა.

დროთა განმავლობაში, თითოეულმა მკაფიოდ გაიკვალა გზა ამ სფეროში და მიუხედავად იმისა, რომ მწვერვალზე ყველა ვერ მოხვდა, თავიანთი კვალი მოდაში ექვსივემ დატოვა.
კომერციულად ყველაზე წარმატებული დრისი გახდა, რომელმაც ფერების, ქსოვილების, პრინტების ზღაპრული სამყარო შექმნა.

ენის დატოვებული მემკვიდრეობა ბნელი, გოთური, პოეტური და მინიმალისტურია. ვან სანი არტისტულობით გამოირჩევა. ბიკემბერგსის ესთეტიკა სპორტს ეფუძნება. მარინა განსაკუთრებით ექსპერიმენტულია და ძველის გამოყენებით ახლის შექმნის იდეის ერთ-ერთი პიონერი. უოლტერის კოლექციები პროვოკაციულია და პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, სექსუალურ თემებს აერთიანებს.
„ჯგუფს ყველამ განსხვავებული ელემენტი შესძინა და ყველამ ყველასგან ისწავლა.“
Dries Van Noten

ანტვერპენის ექვსეული უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც დიზაინერების ჯგუფმა ერთობლივად მოახდინა საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაზე ძალიან დიდი გავლენა. ისინი უეცრად გამოჩნდნენ, იმ ადგილიდან წამოვიდნენ, რომლის მიმართაც არავითარი მოლოდინი არ არსებობდა, თავიანთ სფეროში გადატრიალება მოახდინეს და სხვა ბელგიელ დიზაინერებთან ერთად მოდა სამუდამოდ შეცვალეს.