ისტორიაში პირველად, ვოგის მთავარმა რედაქტორმა და Condé Nast-ის მხატვრულმა დირექტორმა, ანა ვინტურმა ვოგის ყდაზე კომენტარი გააკეთა და მისი “დაცვა” გადაწყვიტა.

მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში ამერიკის ვიცე პრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისის ვოგის ყდა გავრცელდა, მის მიმართ კრიტიკა არ წყდება. საზოგადოების მთავარი მესიჯი შემდეგია: ყდა არ სცემს სათანადო პატივს კამალას და მის ისტორიულ მიღწევას, ის უბრალოა და აუფასურებს კამალას, როგორც პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის სტატუსს.
ანა ვინტურის მიმართვა The New York Times-მა გაავრცელა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის და მივიღეთ კომენტარები ახლადგავრცელებულ ყდასთან დაკავშირებით და მსურს ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს მიზანს არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენდა იმ მნიშვნელოვანი მიღწევის დაკნინება, რომელიც არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ეკუთვნის.” ასევე ანამ გააკეთა კომენტარი იმასთან დაკავშირებით, ჰქონდათ თუ არა მათ კამალა ჰარისის ოფისთან მოლაპარაკება, თუ რომელ ფოტოს აარჩევდნენ ყდისთვის. “ჩვენ არანაირი მოლაპარაკება არ გვქონია. როდესაც ეს ორი ფოტო მივიღეთ, დავინახეთ თუ რამდენად უშუალო იყო ორივე. ჩვენ ახლა რთულ და ტრაგიკულ პერიოდში ვცხოვრობთ და გადავწყვიტეთ, რომ რაც უფრო ნაკლებად ფორმალური იქნებოდა ყდა, მით უფრო მეტად გამოეხმაურებოდა დღევანდელ სიტუაციასა და ბაიდენ-ჰარისის კამპანიის თემატიკას”.
ანა ვინტურმა აღნიშნულ თემაზე Sway-ს კარა სვიშერთან ინტერვიუშიც ისაუბრა. “ჩემი აზრით, თებერვლის ნომრის ყდა ოპტიმისტური და მხიარულია. ჩემთვის რთულია იმის წარმოდგენა, რომ ვინმეს ყდის სხვაგვარად ინტერპრეტაცია შეუძლია. ეს არის ქალის ფოტო, რომელსაც საკუთარი ცხოვრება სრული კონტროლის ქვეშ აქვს და ვინც იქნება ლიდერი, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება.” ამბობს ანა ვინტური.