დეკემბერი ის დროა, როცა საერთაშორისო ონლაინ მედია აქტიურად აჯამებს განვლილ წელს. სოციალური ქსელების ნიუსფიდზე ყოველდღე ვხვდებით სტატიებს იმ მოვლენებისა, თუ ადამიანების შესახებ, რომლებმაც 2020 წელი შექმნეს. სამწუხაროდ, წელს მთავარი (ანტი)გმირის სტატუსი Covid-19-მა დაისახურა. თუმცა, პანდემიურ სამყაროში, მის პარალელურად სხვა მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ამბებიც ხდებოდა. ვინაიდან, 2020 წელი თვითიზოლაციის და სახლში ყოფნის წელი იყო, ადამიანებისათვის გართობის ძირითად საშუალებად სატელევიზიო შოუები იქცა. ყველა მედიას თავისი სარეკომენდაციო სია აქვს, ჩვენ კი გთავაზობთ მოდის ბიბლიად აღიარებული გამოცემის -ამერიკული Vogue-ის რედაქტორების რჩეულ 5 სერიალს.

The Queen’s Gambit

გასაკვირი არ არის, რომ ამ სიაში ერთ-ერთი პირველია The Queen’s Gambit – მედიაგიგანტ Netflix-ის მინი სერიალი, რომელმაც ყველა ჟანრის მოყვარულის გული დაიპყრო. სერიალმა კონკრეტულად Vogue-ის რედაქტორები რომ მოხიბლა, ესეც გასაგებია – The Queen’s Gambit-ის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ხომ მისი კოსტიუმებია, რომელზეც ვრცლად ჩვენს სტატიაში უკვე ვისაუბრეთ. თუ სერიალი ჯერ არ გინახავთ, გეტყვით, რომ ის დაფუძნებულია უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების რომანზე. ისტორიის მთავარი ნაწილი 60-იან წლებში, ამერიკელი მოჭადრაკე ქალი გენიოსის – ბეთ ჰარმონის ირგვლივ ვითარდება. ჰარმონის როლს 24 წლის მსახიობი ანია ტეილრ-ჯოი ასრულებს.

The Undoing

უკვე აღარავის უკვირს სერიალებში ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების დანახვა. თანამედროვე შოუებმა სერიალების მსახიობებსა და კინომსახიობებს შორის განსხვავება სრულად გააქრო. თანამედროვე სერიალებში ვხვდებით, როგორც ახალ სახეებს, ასევე ოსკაროსან მსახიობებს. ერთ-ერთი ასეთი სატელევიზიო შოუ ვარსკვლავური შემადგენლობით, 2020 წლის სერიული დრამაა, სახელწოდბით – The Undoing. მინი სერიალი ექვსი ეპიზოდისაგან შედგება. ისტორია ვითარდება ნიუ იორკელი ოჯახის იგვლივ. ქმარი, რომლის როლსაც ჰიუ გრანტი ასრულებს, შემზარავ დანაშაულშია ბრალდებული. ჰიუ გრანტს პარტნიორობას ნიკოლ კიდმანი უწევს.

I May Destroy You

BBC One-ის და HBO-ს ერთობლივი სერიული დრამა ახალგაზრდა ქალის ირგვლივ ვითარდება, რომელიც ცდილობს ნორმალური ცხოვრება გააგრძელოს სექსუალური ძალადობის შემდგომ. სერიალი ერთი ისტორიის მაგალითით, თანამედროვე სამყაროს სირთულეებსა და ურთიერთობებზე უყვება მაყურებელს.

The Great

კიდევ ერთი ახალი სერიალი, სტრიმინგ სერვის Hulu-ს პროექტია ელ ფენიგის და ნიკოლას ჰოლტის მონაწილეობით. სერიალის სიუჟეტი რეალური პერსონების შთაგონებით შექმნილი გმირების ირგვლივ ვითარდება. ელ ფენინგი ეკატერინე II დიდის როლს, ხოლო ნიკოლას ჰოლტი იმპერატორ პეტრე III-ის როლს ასრულებს.

We Are Who We Are

ეს არის HBO-ს სერიალი, რომლის ერთ-ერთი შემქმნელი ლუკა გუადანინოა. აღსანიშნავია, რომ ოსკარის ნომინანტი რეჟისორისათვის ეს პირველი სატელევიზიო პროექტია. სიუჟეტი ამერიკელი მოზარდების ირგვლივ ვითარდება, რომლებიც იტალიაში შერთებული შტატების ბაზაზე ცხოვრობენ. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ სცენაში გმირი დემნა გვასალიაზე საუბრობს და რაც ყველაზე კარგია, მის წარმომავლობას საქართველოს მიაწერს და არა – რუსეთს, როგორც The Queen’s Gambit -ში, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის შემთხვევაში.