მოდაში ყველაზე ხშირად ვსვამთ კითხვებს: რა იქნება შემდეგში? რას ჩავიცვამთ 6 თვის შემდეგ? როგორი იქნება მომავლის ტრენდი? არ არსებობს ინდუსტრია, რომელიც იმდენად მიდრეკილია ცვლილებისკენ და სიახლისკენ, როგორც მოდა, თუმცა ეს არ გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ წარსული წარსულში უნდა დავტოვოთ. 2020 წელს, როდესაც ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც შანელმა ქალებს შავი მოკლე კაბა შეუკერა, რთულია სრულად ახალი გამოიგონო. მოდა ტრიალებს, გზად კი ჩნდებიან დიზაინერები, რომლებიც საკუთარ ხედვას და გემოვნებას ისტორიის დატოვებულ მემკვიდრეობას საინტერესოდ უხამებენ.

ტანსაცმლის ისტორია და უამრავი განსხვავებული სტილი ტრიალებდა გუჩის ჩვენებაზე, რომელიც 19 თებერვალს მილანის მოდის კვირეულზე გაიმართა.

GUCCI შემოდგომა/ზამთარი 2020 – მილანის მოდის კვირეული

Vogue Runway
Vogue Runway

ალესანდრო მიკელეს ბრწყინვალება დეტალების სილამაზეშია, თუმცა ამ სეზონზე იტალიელმა დიზაინერმა კოლექციასთან ერთად მოდური შოუც დეტალურად წარმოაჩინა. ჩვენებაზე მისულ სტუმრებს ლოკაციაზე შესვლა მხოლოდ კულისების გავლის შემდეგ შეეძლოთ. კულისები ინტერნეტის მაყურებლისთვის იუთუბზე ლაივში გადაიცემოდა. უჩვეულო ვითარებამ სტუმრების ნაწილი დააბნია. ისინი ფიქრობდნენ, რომ გზა აებნათ და ფარდის მიღმა შემთხვევით აღმოჩნდნენ, მაგრამ დაბნეულობა ალესანდროს დიზაინის თანხმლები განცდაა. ტომ ფორდთან შედარებით, რომელიც ერთ კარგად შეფუთულ იმიჯს გვთავაზობდა, მიკელეს გუჩი თითქმის ყველაფერს მოიცავს. მის ერთ კოლექციაში ვხვდებით “Babushka” თავსაბურავს და “Baby-Doll” კაბას, რენესანსულ ფორმებს და რელიგიურ სიმბოლოებს.

Gucci F/W 2020 Backstage
Gucci F/W 2020 Backstage

დიზაინერის მისია მოდური შოუს რიტუალად წარმოჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილია, თუ რამხელა შრომა იდება ერთი ჩვენების შესაქმნელად, არავის ესმის მოდის კომპლექსურობა ისე, როგორც ინდუსტრიაში დასაქმებულ ადამიანებს. ეს არის 15-20 წუთი, რომლისთვისაც ასობით ადამიანი 6 თვის განმავლობაში ემზადება.

„მოდა კომპლექსური მექანიზმია, ის თეატრალურია. ყველა ჩვენგანი ამ რიტუალისთვის ვმუშაობთ და ეს ჩვენთვის რელიგიასავით არის. ის ხაფანგში გაბავს. ჩვენ ხაფანგში ვართ. მაკიაჟის, ვარცხნილობის სტილისტები, ყველა ვამბობთ, რომ ერთ დღეს აღარ გვენდომება ამის კეთება. მე 48 წლის ვარ და ჯერ შეწყვეტა არ მსურს.“ – ალესანდრო მიკელე ჩვენების შემდეგ პრესასთან საუბრისას.

რელიგიური სიმბოლო, როგორიცაა ჯვარი, კოლექციაში საკმაოდ ხილული დეტალი იყო, ხოლო თეატრალური წარმოდგენა ჩვენების მთავარი ღირსება. შესაძლოა მიკელეს გუჩი, კომპლექსურობიდან გამომდინარე, ადამიანების ნაწილში კვლავ დაბნეულობას და უარყოფით ემოციებს იწვევს, თუმცა ერთი რამ უდავოა. დღეს არსებულ რეალობაში, სასიამოვნოა, რომ ჯერ კიდევ არსებობს გავლენიანი დიზაინერი, რომელიც მოდურ ჩვენებაზე, როგორც წარმოდგენაზე (სპექტაკლზე) ფიქრობს.

დეტალები: GUCCI შემოდგომა/ზამთარი 2020 – მილანის მოდის კვირეული

Vogue Runway
Vogue Runway
Vogue Runway

ვიდეო: GUCCI შემოდგომა/ზამთარი 2020