გლობალიზაციას და მოდის გავლენის სფეროს ზრდას ბუნებრივად მოჰყვა ინდუსტრიის არსის განსხვავებულად გააზრება. დღესდღეობით, მოდის, როგორც მხოლოდ ტანსაცმლის, გემოვნებიანი სტილის, ან ჩაცმის კონკრეტული მანერის განხილვა, ძალიან მოძველებული და ვიწროა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ადამიანების უმრავლესობისათვის, მოდა, პირველ რიგში, არ არის შესაძლებლობა გამოიყურებოდნენ უკეთ, გახდნენ უფრო თავდაჯერებულები და შესაბამისად – მოდის დახმარებით, უფრო ჰარმონიულად, კომფორტულად, დაცულად იგრძნონ თავი. ქაოტურ, მუდმივად ცვალებად, კრეატიულ და გიჟურ თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში, რომელსაც ყველაზე მეტად, სწორედ ჰარმონიულობა და თანმიმდევრულობა აკლია, ალბერ ელბაზი იყო დიზაინერი, რომელსაც ესმოდა, თუ როგორ შეექმნა კაბა, რომელიც მის მფლობელს თავს უკეთ აგრძნობინებდა.

დღევანდელ რეალობაში, კლასიკური ოტ კუტიური, ჰარმონიული და მარადიული მოდა , რომელიც პირველ რიგში, ქალის სილამაზეს, კომფორტს, საჭიროებებს და სურვილებს აყენებს წინ, ხშირად ასოცირდება კონსერვატულ სტილთან, რომელსაც აკლია ინოვაციურობა და მრავალფეროვნება. ალბერ ელბაზის, როგორც დიზაინერის, უდიდესი მიღწევა სწორედ ამ ღრმად ფესვგადგმული შეხედულების გამოწვევაა. მან სარწმუნო გახადა დახვეწილი და კლასიკური მოდის ისეთი ფორმა, რომელიც მთლიანად ემიჯნება მოსაწყენ ერთფეროვნებას და საკუთარ თავში, არასტანდარტულ პროპორციებს, ქსოვილების, ფერების უჩვეულოდ საინტერესო კომბინაციებს აერთიანებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება დიზაინერი, რომელსაც შეუძლია განსხვავებული და ორიგინალური ინტერპრეტაციით დაგვანახოს ის, რაც უკვე აღიარებული სტანდარტია, მოდაში ახალი შესაძლებლობები იკვეთება. ასე მოხდა ელბაზის შემთხვევაშიც.
ყველაფერი ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო, როდესაც ტაივანელმა ბიზნესვუმენმა, შაუ-ლენ ვენგმა, ლანვინის მამაკაცისა და პარფიუმერიის ხაზები შეიძინა და მალევე ბრენდის ყველა ხაზზე მოიპოვა კონტროლი. სწორედ ვენგმა მიიწვია ბრენდში ალბერ ელბაზი, რომელიც იმ დროისთვის სან ლორანის შემოქმედებითი ხელმძღვანელის პოზიციიდან გათავისფულებული იყო. ცნობილი ფაქტია, რომ პირველი, რაც ვენგმა ელბაზს უთხრა იყო: “მძინარე მზეთუნახავის გაღვიძების დროა”.
მივიწყვებული ბრენდების მოდაში დაბრუნების მცდელობას ყოველთვის თან ახლავს წარუმატებლობის რისკი, ამიტომ, ხშირად, დიზაინერები აგრესიული გზებით ცდილობენ ფურორის მოხდენას და მოდაში თამაშის შეცვლას. ალბერი, ამ შემთხვევაშიც, გამონაკლისი აღმოჩნდა. მან ლანვინში თავისი სადებიუტო კოლექცია, რედაქტორების 3 პატარა ჯგუფს, სასტუმრო Hôtel de Crillon-ის მყუდრო ნომერში წარუდგინა.
“მომწონს პატარა პრეზენტაციები, რადგან თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს. ასეთ დროს, ისინი, პირველ რიგში, ქალები არიან და შემდეგ – ჟურნალისტები,” აღნიშნა მაროკოში დაბადებულმა, წარმოშობით ებრაელმა დაბადებულმა დიზაინერმა.
ელბაზისთვის არ არსებობდა მოდა ქალის გარეშე. ქალები, რომლებიც მის ლანვინს ატარებდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი მამაკაცებს უყვარდებოდათ და ამასთან ერთად, სამოსი თავს დაცულადაც აგრძნობინებდათ.
„ორმა განსხვავებულმა ქალმა, სხვადასხვა დროს, ორი განსხვავებული რამ მითხრა. მე კი ყოველთვის მათ ვუბრუნდები. ერთმა მითხრა, რომ ყოველთვის, როცა ლანვინი აცვია, მამაკაცებს უყვარდებათ. მე ვიფიქრე, რომ ეს მშვენიერია. მეორემ მითხრა, რომ ტაქსში იჯდა და თავისი საშინელი ქმრის ადვოკატთან შესახვედრად მიდიოდა, რადგან განქორწინება სურდა, მაგრამ მას ლანვინი ეცვა და თავს ძალიან დაცულად გრძნობდა. თუ ჩემი წყალობით კაცებს ქალები უყვარდებათ და თუ ქალების დაცვა შემიძლია, მაშინ შემიძლია მშვიდად მოვკვდე.” – ალბერ ელბაზი.
სწორედ ქალებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით და სიყვარულით, ელბაზმა მოახერხა – ყველასგან მივიწყებულ მოდის სახლს რელევანტურობა დაუბრუნა და Lanvin ნებისმიერი ქალისთვის სასურველ ბრენდად აქცია. გაყიდვებმა ზრდა დაიწყო. როგორც ლანვინის აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი იხსენებს, ხალხი ერთამენთს ეჩხუბებოდა ბრენდის კოლექციების საკუთარ მაღაზიებში შესატანად.
ლეგენდარულმა ჟურნალისტმა, სუზი მენქესმა, ელბაზი დაახასიათა, როგორც „ყველა ქალისთვის ძვირფასი დიზაინერი.“ მოგვიანებით, როდესაც ბრენდის მფლობელებთან უთანხმოების გამო, ალბერი ლანვინიდან სკანდალურად გაათავისუფლეს, ინდუსტრია კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ეს არ ყოფილა ცარიელი სიტყვები და ელბაზი მართლაც იყო დიზაინერი, რომელსაც ქალების გულებში გამორჩეული ადგილი ეკავა.
ბრენდიდან საკულტო დიზაინერის წასვლას, კოლექციებზე გაყიდვების შემცირება თითქმის ყოველთვის ახლავს თან, თუმცა ერთგულება და სიყვარული, რომელიც ელბაზის გულშემატკივრებმა გამოიჩინეს, მრავალმხრივ უპრეცედენტო იყო. ლანვინის შემოსავალი იმდენად დაეცა, რომ მოდის სახლი გაკოტრების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა. ბრენდის მფლობელებმა ფინანსური პრობლემების მოგვარება ახალი დიზაინერების აყვანით სცადეს, თუმცა კლიენტებმა ისინი არ მიიღეს. საბოლოოდ, 5 წელიწადში, ლანვინში, 5 დიზაინერი შეიცვალა, მაგრამ უშედეგოდ – ფრანგული მოდის ამ უძველესი ბრენდის თანამედროვე დიდების წლები, ალბერის ბოლო კოლექციასთან ერთად დასრულდა.
„ხალხი თვლის, რომ მოდა ერთი დიდი წვეულებაა, რომელიც არასოდეს სრულდება. წვეულება არის, მაგრამ სრულდება.“ – ალბერ ელბაზი.