2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი ისტორიას დარჩება. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ინდუსტრია ფიზიკურ ჩვენებებს დაუბრუნდა, არამედ იმიტომ რომ მოდის თვე ძალიან ემოციური მომენტით დასრულდა – მოდამ პატივი აგო ლეგენდარულ ალბერ ელბაზს. დიზაინერი ამ წლის აპრილში კორონავირუსს ემსხვერპლა.

ალბერი განსაკუთრებული იყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივ სამოსს ქმნიდა, მას ჰქონდა განსხვავებული დამოკიდებულება მოდის, ადამიანებისა და სილამაზის მიმართ, რისი დანახვაც შესაძლებელია მის კოლექციებში, აზრებში, საუბარში. ალბერი ყოველთვის გულახდილად საუბრობდა იმაზე, თუ რა აწუხებდა, რა უყვარდა, რა არ მოსწონდა, მისი გულწრფელობა შეუნიღბავი თვალისთვისაც ნათელი იყო.

“ყველას აქვს ალბერთან დაკავშირებული ისტორია,”-წერს ნიუ-იორკ ტაიმსის მოდის კრიტიკოსი, ვანესა ფრიდმანი. მართლაც, ყველას აქვს რაღაც სათქმელი ელბაზის შემოქმედებაზე და პიროვნებაზე. ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა 5 ოქტომბერს, პარიზის მოდის კვირეულის დასკვნით დღეს, რომელიც ელბაზს მიეძღვნა. მოდის ინდუსტრიამ ალბერის ხსოვნას პატივი უპრეცედენტო ფორმით მიაგო.

ვერსაჩე, არმანი, გუჩი, ალაია, ბალმანი, ბალენსიაგა, ვალენტინო, დიორი, ლუი ვიტონი – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ალბერის ბრენდის AZ Factory -ისთვის გაერთიანდნენ. ჯამში, 40-ზე მეტმა საერთაშორისო მოდის სახლამ შექმნა კოსტიუმი ჩვენებისთვის, რომელიც 5 ოქტომბერს, პარიზში ვიხილეთ.

კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.