2002 წლის იანვარში, პარიზის ოტ კუტიურ მოდის კვირეულზე, მორიგი უმნიშვნელო პრეზენტაცია დაიგეგმა. “მომწონს პატარა პრეზენტაციები, რადგან ოთახში, კომფორტულ დივანზე, თავს განსაკუთრებულად გაგრძნობინებს. ასეთ დროს, ისინი [გულისხმობს მიწვეულ მოდის რედაქტორებს] პირველ რიგში, ქალები არიან და შემდეგ – ჟურნალისტები,” აღნიშნა ალბერ ელბაზმა, როდესაც ფრანგული მოდის ყველაზე ძველ ბრენდში, Lanvin -ში თავისი პირველი წინა-საშემოდგომო კოლექციის წარდგენა გაიხსენა. მართლაც, იმ დღეს, პარიზში, სასტუმრო Hôtel de Crillon-ის ერთ-ერთ ნომერში, რედაქტორების 3 პატარა ჯგუფი შეიკრიბა. მათ წინასწარ უნდა ენახათ კოლექცია, რომელსაც ელბაზი, მოგვიანებით, დასრულებული სახით, კვირეულზე აჩვენებდა.

ალბერ ელბაზი პარიზის მოდის კვირეულზე 2002 წელს

ამ ყველაფერს წინ უძღოდა Yves Saint Laurent-ის და Gucci Group-ის გახმაურებული გარიგება, რომელმაც საბოლოოდ, ელბაზის ივ სენ ლორანიდან გათავისუფლება გამოიწვია. ყველაფერი მოდისთვის კარგად ნაცნობი სცენარით მიმდინარეობდა, ახალგაზრდა დიზაინერი, რომელმაც ინდუსტრიის სასტიკი ბუნება უკვე იწვნია, კიდევ ერთხელ ცდიდა საკუთარ შესაძლებლობებს, თუმცა ამჯერად – კარგად მივიწყებულ მოდის სახლში.

ლანვინში ელბაზის პირველი კოლექცია მუქი ყავისფერი ლუქით გაიხსნა. მკაცრი კლასიკური სილუეტის პალტოს უჩვეულოდ ბზინვარე დეტალი აფორმებდა, რომელიც სოლიდურ იერს უფრო მიმზიდველს, თანამედროვეს და საინტერესოს ხდიდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, პირველივე ლუქი იშვიათი სიზუსტით გადმოსცემს ალბერის ფილოსოფიას დიზაინში, რომლის ცენტრშიც, ყოველთვის იყო ზრდასრული ქალი, კლასიკური, თუმცა ინდივიდუალური გემოვნებით.

ბზინებით გაწყობილი პალტო, რომელიც უნდა გამხდარიყო სეზონის კიდევ ერთი ძვირადღირებული შემოთავაზება მაღალი მოდის იმ დიზაინერისაგან, რომელიც სულ რაღაც თვეებით ადრე, ივ სენ ლორანიდან დაუფიქრებლად გააგდეს, მოდაში ახალი ისტორიის დასაწყისი და ალბერ ელბაზის ლანვინის სიმბოლო გახდა.

საინტერესო პირველი ლუქის შემდეგ, კოლექცია არანაკლებ დამაინტრიგებლად განვითარდა, მსუბუქი და განიერი ნახევრად პალტოს კომბინაცია ენაცვლებოდა შიფონის კაბებს, ტვიდის მოკლე და გრძელ ქურთუკებს. თვალშისაცემ ადგილს იკავებდა ბზინვარე აქსესუარები, ქუდები, ქამრები და რა თქმა უნდა, ტყავის შავი და ყავისფერი ჩექმები. მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია ნეიტრალურ და მუქ ტონალობებში იყო გადაწყვეტილი, ალბერის წითელი ფერისადმი სიყვარული მის პირველივე ნამუშევარში გამოჩნდა. წითელი პალტო კიდევ ერთი დასამახსოვრებელი მომენტია ჩვენებიდან.

 ალბერ ელბაზი: „ივ სენ ლორანმა ქალებს ძალაუფლება მიანიჭა,  შანელმა გაათავისუფლა ისინი. როდესაც ლანვინს შევუერთდი, ვფიქრობდი, ‘მე რას მოვუტან ქალებს?’“

მაშინ, როდესაც მოდის ინდუსტრია გაჭედილი იყო ტომ ფორდის და ალექსანდრ მაკქუინის ამბიციებს შორის, სკანდალური, ვულგარული და ძალადობრივი კოლექციები საზოგადოებაში არაერთგვაროვან ემოციებს იწვევდა, Lanvin-ში ალბერის სადებიუტო კოლექციით, მოდაში კვლავ გაჩნდა ადგილი დიზაინერებისათვის, რომლებიც კოლექციებს ქალების ინტერესების, სურვილების და ყოველდღიურობის გათვალისწინებით ქმნიან.