AZ Factory, ალბერ ელბაზის ბრენდი, რომელიც დიზაინერმა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე შექმნა, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენების შემდეგ დაიხურება.

საერთაშორისოდ აღიარებული ებრაელი დიზაინერი 2021 წლის 24 აპრილს კორონავირუსით გარდაიცვალა. AZ Factory ალბერის ბოლო პროექტი იყო, რომელიც მოდის შვეიცარიულ კონგლომერატთან, Richemont-თან თანამშრომლობით შექმნა.

ელბაზმა პოპულარობა ფრანგულ მოდის სახლში, Lanvin -ში მოღვაწეობით მოიპოვა. ებრაელი ლანვინს 14 წლის გავნმავლობაში ხელმძღვანელობდა. ლანვინისგან განსხვავებით, AZ Factory თავისუფალი იყო ინდუსტრიის დოგმებისგან, მას დიზაინერი თავის „ოცნების ქარხანას“ უწოდებდა, სადაც კოლექციები არა მკაცრად გაწერილი სეზონების და მოდის კალენდრის მიხედვით, არამედ ალბერის ისტორიების გათვალისწინებით იქმნებოდა.

ბრენდის ცნობით, AZ Factory-ის უკანასკნელი ჩვენება, რომლითაც ბრენდის ისტორია დასრულდება, 5 ოქტომბერს, ცენტრალური ევროპის დროით 20:00 საათზე გაიმართება. პარიზის მოდის კვირეულზე იგეგმება მემორიალიც, რომელსაც გარდაცვლილი დიზაინერის კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები დაესწრებიან.