BOF-ის ცნობით, გერმანული კომპანია Adidas კრიზისულ პერიოდს გადის. მიზეზი მათ სნიკერებზე ჩინეთსა და დასავლურ ბაზრებზე მოთხოვნის მკვეთრი დაცემაა. ბრენდი წლის ბოლომდე მხოლოდ 4%-იან ზრდას ელოდება, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტამდე მოსალოდნელი ზრდა წლის ბოლო კვარტლისთვის 7%-ს შეადგენდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს ადიდასისთვის მეორე დარტყმაა. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ბრენდმა კანიე უესტთან თანამშრომლობის გადახედვის შესახებ გააკეთა განცხადება, მას შემდეგ, რაც რეპერმა რამდენიმე შემაშფოთებელი ნაბიჯი გადადგა.

ამასთან, აგვისტოში ცნობილი გახდა რომ კომპანიის CEO მომავალ წელს პოზიციას ტოვებს.

ადიდასის განცხადებით, მათ უდიდესი ზიანი მიაყენა ლოქდაუნმა ჩინეთში, რუსეთის ბაზრიდან გასვლამ და სექტემბრისა და ოქტომბრის პერიოდში გაყიდვების დავარდნამ ევროპაში. აქედან გამომდინარე, უამრავი ნივთი რჩება გაუყიდავი, რაც ახლო მომავალში დიდ ფასდაკლებებს ნიშნავს.