მიუხედავად იმისა, რომ ჰანთერ შაფერის სამოდელო კარიერა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სამსახიობო, მისი მსოფლიო პოპულარობა მაინც HBO-ს პროექტ Euphoria-ს უკავშირდება. ჰანთერმა სერიალის ერთ-ერთი მთავარი და საინტერესო პერსონაჟი შექმნა, რომელსაც მის რეალურ პიროვნებასა და ცხოვრებასთან ბევრი რამ აქვს საერთო. “ეიფორიას” ახალი სპეციალური სეზონის ფარგლებში კი, ის პროდიუსერად და სცენარის თანაავტორადაც მოგვევლინა. მისი გმირი ჯულსი, ამ ეპიზოდში, ბევრ საინტერესო საკითხს ეხება და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს საკითხები ტრანსგენდერებისა და ზოგადად, ქვიარ თემის ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან სრულ თანხვედრაშია.ზედმიწევნით ეთიკური დიალოგისა და სცენარის შექმნაში, სწორედ ჰანთერ შაფერის გადამწყვეტი როლი იკვეთება.
ახლახანს, 22 წლის მსახიობი და მოდელი Vanity Fair-ის ახალი ნომრის ერთ-ერთი გმირის ამპლუაში წარსდგა. შთამბეჭდავ შავ-თეთრ ფოტოსესიასთან ერთად, ვრცელი ინტერვიუც საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. შაფერმა Vanity Fair-თან ინტერვიუში Euphoria-ზე მუშაობის პროცესზე, საკუთარი ისტორიის შექმნასა და თანამედროვე სატელევიზიო ინდუსტრიის ფორმირებაში მონაწილეობაზე ისაუბრა.
ადრეული ასაკის გახსენებისას, ჰანთერი ყვება, რომ ბავშვობა ჩრდილოეთ კაროლინაში გაატარა, მამამისი პასტორია ხოლო თავად ოთხ და-ძმას შორის უფროსი. ჰორმონალური მკურნალობა სკოლის დამამთავრებელ საფეხურზე დაიწყო. სამსახიობო კარიერა, როგორც აღმოჩნდა, მისთვის სრულიად შემთხვევითი გადაწყვეტილება იყო:
„საერთოდ არ ვფიქრობდი ამაზე, მოდის ინდუსტრიას ვუკავშირებდი ჩემს მომავალს. ნიუ იორკში მოდელად ვმუშაობდი და ფულს ვზოგავდი, რათა მოდის უმაღლეს სასწავლებელში ჩამებარებინა. შემდეგ, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა Euphoria და გადავწყვიტე მიმეღო ეს სიახლე.“
ჰანთერ შაფერმა სერიალში მონაწილეობის გამო, უმაღლეს განათლებაზე დროებით უარი თქვა. როცა გადაღებები იწყებოდა, ის ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში – Central Saint Martins-ის ხელოვნებისა და დიზაინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა. “ვფიქრობ ,უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არც კი შევატყობინე, რომ კურსებზე დასწრებას ვერ შევძლებდი” – ამბობს შაფერი ინტერვიუში.
Euphoria ემის ექვს ნომინაციაში იყო წარდგენილი და სამი ჯილდო მოიპოვა. პროექტის განსაკუთრებულ ენერგეტიკაზე საუბრისას, სატელევიზიო კრიტიკოსები ხშირად ასახელებენ იდეალურად შერჩეულ ქასთს. როგორც აღმოჩნდა, გადაღებების განმავლობაში, ახალგაზრდა მსახიობებს პრინციპული ღირებულებები აერთიანებდათ, რაც მალევე ახლო მეგობრობაშიც გადაიზარდა. გადასაღებ მოედანზე არსებულ ჰარმონიას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სერიალის შემქმნელმა სემ ლევინსონმა, რომლისთვისაც ზენდაია და ჰანთერ შაფერი ერთგვარ შემოქმედებით მუზებად იქცნენ. ლევინსონზე საუბრისას, შაფერი ამბობს – “ის ჩემი მენტორი და ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარია”.