მეტ გალა სულ უფრო და უფრო ახლოვდება. წლევანდელი მეტ გალას თემა ‘’კემპია’’, ხოლო ორგანიზატორებს შორის ანა ვინტურთან ერთად გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელი ალესანდრო მიკელეა. გავრცელდა მიკელეს ახალი ინტერვიუ ვოგთან, რომელიც ჰემიშ ბოულსმა ჩაწერა გუჩის ბოლო ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე. ინტერვიუში მიკელე დიზაინერობასთან დაკავშირებულ სირთულეებზე, მის მეორე ნახევარზე, გავლენებსა და კულტურულ მრავალფეროვნებაზე საუბრობს.

მიკელე გუჩიმდე ფენდიში აქსესუარების დიზაინერი იყო. როგორც იხსენებს ორივე ბრენდისთვის იმდენად ბევრ ჩანახატებს აკეთებდა, რომ ხატვისგან წელი და კისერი ახლაც სტკივა. დღეს კი ამ ყველაფერს ინახავს და უშუალოდ სხეულზე მუშაობს, რადგან ზუსტი ჩანახატების კეთების დრო არ აქვს: ‘’4 წლის შემდეგ გავაცნობიერე, რომ მეტი კონცენტრაცია შემოქმედებითობასა და კრეატიულ პროცესზე უნდა მომეხდინა: ისტორიებზე, რომლებსაც ვყვები, მომხმარებლების გამოცდილებაზე მაღაზიაში, კოლექციაზე, შოუს მუსიკასა და გარემოზე. ბევრ დროს ვხარჯავ ამ ყველაფერზე მუშაობაზე. ვცდილობ ნაკლებად შეპყრობილი ვიყო, რაც დიზაინერისთვის ძალიან რთულია – მილიონი ნაწილია. დასაწყისში ყველა დეტალს ვამოწმებდი, მაგრამ უდიდესი კომპანია ვართ და ორი წლის შემდეგ უკვე ვკდებოდი, ვფიქრობდი, რომ სამსახური უნდა მიმეტოვებინა. სასიამოვნო სამსახურია, მაგრამ ძალიან სახიფათოც, რადგან შენგან ყველაფერს ითხოვს. უბრალოდ განსახიერება ვერ იქნები, ყოველდღე აქ [სტუდიაში] უნდა იყო საბრძოლველად. ვფიქრობ, როდესაც სამსახური შენი სხეულის ხელოვნური ნაწილი ხდება, რათა შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს, მისი მოხსნის შემდეგ იღუპები. ასეთი ნაწილი არ მინდა, მე ჩემი ცხოვრება მირჩევნია’’

Photographed by Tierney Gearon, Vogue, May 2019

ინტერვიუს დროს მიკელესა და ჰემიშს, მიკელეს სასიყვარულო პარტნიორი, ვანი ატილი შემოუერთდა. ვანი ურბანული დაგეგმარების პროფესორია. როგორც მიკელე ამბობს ატილის თავიდან მოდის მიმართ სნობური დამოკიდებულება ჰქონდა, მაგრამ ახლა მართლა შეუყვარდა. წყვილი ყოველთვის ცვლის იდეებს ერთმანეთში. ‘’ის საქმეშიც ჩემი პარტნიორია’’ – ამბობს ალესანდრო მისთვის დამახასიათებელი ინგლისური აქცენტით.

‘’ხანდახან ხალხს გონია, რომ მოდა უბრალოდ კარგი კაბაა, მაგრამ ასე არ არის. ის უფრო  დიდი ანარეკლია ძალიან ძლიერი რაღაცების, ისტორიისა და სოციალური ცვლილების. თუ რაიმე ახლის გამოშვება გინდა, მითუმეტეს დღეს, მეტი ენის ცოდნაა საჭირო. არ მინდა მარკეტინგში მოვკვდე. საბოლოოდ მაინც საჭიროა, გაყიდო, დიდ ფრესკას ჰგავს – ფრესკას, რომელიც ყველას ეხმაურება’’

Gucci Pre-Fall 2019
(Vogue)

მიკელე გუჩის ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელის, ფრიდა ჯანინის უცნობი ასისტენტი იყო. ფრიდას ბრენდიდად წასვლის შემდეგ გუჩის აღმასრულებელი ხელმძღვანელი, მარკო ბიზარი, დილემის წინაშე იდგა: ან ძალიან ცნობილი დიზაინერი უნდა აერჩია, ან გაერისკა და უცნობი ადამიანისთვის ენდო ბრენდი. მარკო რისკზე წავიდა და მიკელეს, როგორც გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელის დებიუტი 2015 წლის  მამაკაცის კოლექციის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე შედგა. ამ ერთი ჩვენებით მიკელემ მოდის სახლის ნორმები სრულიად შეცვალა: პოდიუმზე უცნაური, არასტანდარტული გარეგნობის მქონდე მოდელები უნისექს, ვინტაჟური სტილის სამოსით ჩნდებოდნენ, რაც ტომ ფორდისა და ფრიდა ჯანინის ესთეტიკისგან სრულიად განსხვავდებოდა. მიკელეს შესაძლებლობებმა, აღეძრა სურვილი მომხმარებელში და შეეცვალა მოდის სასაუბრო ენა, მარკო ბიზარის რისკი გაამართლა. ინტერვიუდან ვიგებთ, რომ ბიზარი მიკელეს ‘’მაესტროთი’’ მიმართავს.

ინტერვიუში მიკელეს შემოქმედებით პროცესსაც ვეცნობით, როგორც ამბობს ჩვენებისთვის ‘’არაფერი უარყოფილი, დავიწყებული ან გამოუყენებელი არ რჩება. რეალურად, ყველაფერი, რასაც ჩვენებისთვის ვქმნით საკმარისი არასოდეს არის იმ საქმეებისთვის, რასაც ვაკეთებთ’’. ჩვენებისთვის 87 ლუქის მორგებაზე (Fitting-ზე) კონცენტრირებულიც კი მუსიკას უსმენს – ‘’სიჩუმე არ მჭირდება. დიდ არეულობაში ვმუშაობ’’-ამბობს ალესანდრო.

სანამ მოდის განხრით წასვლას გადაწყვეტდა, მიკელე კოსტიუმების დიზაინს სწავლობდა. მისი შთაგონება კი პიერო ტოსი იყო, ლეგენდარული იტალიელი რეჟისორის, ვისკონტის ფილმების კოსტიუმების დიზაინერი. ალბათ, ამიტომაც არის მიკელეს ჩვენებებისთვის სინმატიკურობა და თეატრალურობა დამახასიათებელი.

Gucci S/S 2019 Campaign

‘’ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაც არასწორად გავაკეთო – ავურიო. სრულყოფილება არ არსებობს, ამიტომ კარგი არასრულყოფილებაშიც უნდა დავინახოთ’’.

როგორც ინტერვიუდან ვიგებთ მიკელეს დიზაინის გუნდი განსხვავებული ეროვნების ადამიანებისგან შედგება. გუნდში არიან ახალი ზელანდიის, ჩინეთის, იაპონიის, შოტლანდიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები. მიკელე კმაყოფილია მრავალფეროვნებით, როგორც ამბობს გარემო ‘’სასიამოვნო წვეულების მსგავსია. ადამიანები ერთი და იმავე რაიმეს განსხვავებულად უყურებენ’’.

მიკელე ნოემბერში 46 წლის გახდა. მან ასაკზეც ისაუბრა და თქვა, რომ მიუხედავად ასაკის მატებისა, თავს ახალგაზრდულად გრძნობს და ისეთ რაღაცებს სწავლობს, რაც მისგან ძალიან შორს არის, ასევე ეცნობა მუსიკას და არტისტებს.  ‘’შეიძლება პიტერ პენივით ვარ – იმ ადამიანების მსგავსად, რომლებსაც უნდათ თავი კვლავ ახალგაზრდად იგრძნონ’’

მკვეთრი მხრების, ‘’ზუტის’’ კოსტიუმების მსგავს ტანსაცმელში გამოწყობილი მოდელების წინ და უკან სიარულისას, მიკელე აღიარებს, რომ მის ტანსაცმელში დედისა და ბებიის გავლენა იგრძნობა. ‘’ბებიაჩემი ძალიან ‘’შიქ’’ იყო. ყოველთვის შავს ატარებდა – კაბებს, შავ თრენჩს ან კუბოკრულ ტანსაცმელს. ვიფქრობ, სამკაულების სიყვარული მისგან გამომყვა’’. როგორც ამბობს ბებიამისს გლამური ძალიან უყვარდა, ამიტომ მის ქალიშვილებსაც სთხოვდა მსახიობის კარიერას გაჰყოლოდნენ.  ალესანდროს დედა ფილმის პროდიუსერის ასისტენტი გახდა და ყოველთვის უამბობდა იმ დროის ჭორებს, უყვებოდა, თუ როგორ ხვდებოდა ცნობილ ადამიანებს, მათ შორის ელიზაბეტ ტეილორს. ‘’დედაჩემი მართლა შეპყრობილი იყო ამერიკული ფილმებით. მისთვის რელიგიასავით იყო’’  – ამბობს მიკელე – ‘’მესმის ხალხი რატო იყო შოუბიზნესით შეპყრობილი, რადგან, როდესაც მოწყობილობა მოძრაობს და მოცეკვავე tap dance ასრულებს – იმდენად მომნუსხველია. მითოლოგია მიზიდავს და ვთვლი, რომ ჰოლივუდი ბერძნული მითოლოგიის მეორე თავია’’.

Gucci S/S 2019 Campaign

‘’აწმყო მიყვარს, მაგრამ ყოველთვის მინდა წასრულისკენ გავიხედო. ვერ უგულებელყოფ. ლედი გაგას შეხედეთ – მილინჯერ შეიცვალა, ყველაფერი ჩაუცვამს, მაგრამ საბოლოოდ უნდოდა ლანა ტერნერი ყოფილიყო, რადგან ძველი კინოვარსკვლავები არიან დივები, სილამაზისა და ძალაუფლების ქალღმერთები’’.

მიკელეს გუჩიში დანიშვნიდან ოთხ წელში ბევრი რამ შეიცვალა და როგორც თვითონ ამბობს, ახლა სტუდიაში ჩაკეტილი ვერავინ იჯდება, რადგან სამყარო შენთან კავშირს ითხოვს. ბევრ რამეს სწავლობს, რადგან ისეთი დიდი ბრენდის ხელმძღვანელობა როგორიც გუჩია დიდ პასუხიმგებლობას მოითხოვს. ინტერვიუში მიკელემ რასიზმში დადანაშაულებაზეც ისაუბრა. შეგახსენებთ 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციაში ბალაკლავები იქნა წარმოდგენილი, რომელმაც საზოგადოაში ‘’Blackface’’-ის ასოციაციები გამოიწვია. ამას დაემატა გუჩის შავი სვიტრები, რომლის გაყიდვიდან ამოღებაც მოუწია ბრენდს. Blackface თეატრალური მაკიაჟი იყო, რომელიც თეთრკანიანების მიერ შავკანიანების დასამცირებლად გამოიყენებოდა. მიკელე ამბობს, რომ ნიღბის შექმნისას მისი შთაგონება 80-იანების კლუბის გურუ, დიზაინერი და თვითონ ხელოვნების ნიმუში Leigh Bowery იყო, მაგრამ გააცნობიერა მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული პრობლემები და მისი დიზაინის გუნდის შემადგენლობაში გაითვალისწინა. ‘’საბოლოოდ ყველაფერი ნათელი გახდა, მაგრამ აქამდე რისთვისაც ყველაზე მეტი ყურადღება უნდა მიმექცია, ვუგულებელყოფდი. არ მინდა იმის გამეორება, რომ თითქოს ეს შეგნებულად არ ხდებოდა, რადგან მართლა ასეა, მაგრამ ჩემთვის იმ ფაქტის აღმოჩენა უფრო დიდი შოკი იყო, თუ ისტორიის როგორი უცოდინრები აღმოვჩნდით’’

‘’ხელობა მიყვარს. ყველა იმ ლამაზ რამეზე ვგიჟდები, რისი გაკეთებაც ხელით შეგიძლია, ამიტომ ვცდილობ ყველაფრისგან რაიმე შევქმნა – არასდროს არაფერი იკარგება’’ მაგალითად ამ კოლექციისთვის მიკელემ ყალბი ბეწვი გამოიყენა სხვა ქსოვილებთან ერთად, რათა ნამდვილის შესახედაობა მიეცა, რაც იმ იტალიელი ხელოსანი ხალხის შთაგონებით მოიფიქრა, რომლებსაც უწევდათ კრეატიულობისთვის მიემართათ, როდესაც მუსოლინმა იტალიას იმპორტი ჩაუკეტა. ‘’რაღაცის არარსებობა შემოქმედებითი ადამიანისთვის ძალიან საინტერესოა. როდესაც 1940-იანების იტალიურ სამკაულებს უყურებ დიზაინის მხრივ მათში ბევრი განსაკუთრებულად კარგი გადაწყვეტილება იკვეთება – ძვირფასი ქვების გარეშეც ძალიან თანამედროვედ გამოიყურებიან’’- ამბობს ალესანდრო, რომლის სამკაულებისადმი განსაკუთრებული გრძნობები მაშინვე ცხადი ხდება, როგორც კი შეხედავ. ინტერვიუს დროს მას მეცხრამეტე საუკუნის ყელსაბამი და სამაჯური უკეთია, ყველა თითზე კი ბეჭდები აუსხამს. ყელსაბამი, რომელსაც თითქმის უფარავს ზედის საყელო, ქართული კამეაა. ‘’ჩემი ესთეტიკის ფილოსოფია შეუწყვეტელი დინებაა: ახალსა და ძველს შორის არანაირი განსხვავება არ არის, მხოლოდ ლამაზი რაღაცები არსებობს’’

Photograph by Jason Schmidt
Aug 17, 2015

ინტერვიუდან ასევე ვიგებთ, რომ ალესანდრო და ვანი ვიტერბოში პატარა სახლს ფლობენ (სწორედ აქ მუშაობდა სადებიუტო კოლექციაზე მიკელე), ახლა კი კიდევ ერთი შეიძინეს, რომ მეგობრებს შეძლებოდათ მათთან ყოფნა.

 ‘’ეს ის არის, რაც ცოცხალი მხოლოდ 20 დღეა’’- ამბობს მიკელე კოლექციისთვის დაძაბულ მუშაობაზე – ‘’ამის მერე, ყველაფერი შემდეგ კოლექციაზეა, მაგრამ კრეტიული პროცესი ძალიან მისტიკური ხმაა და ის არის, რასაც ვერ შეაჩერებ’’ – განაცხადა ალესანდომ ჩვენების შემდეგ.

Tags :