6 ივლისს დემნა Balenciaga-სთვის თავის მეორე ოტ კუტიურ კოლექციას წარადგენს. მაგრამ ფრანგული მოდის სახლისთვის ეს თარიღი მხოლოდ ამ მიზეზით არ იქნება მნიშვნელოვანი. როგორც დღეს გახდა ცნობილი, პარიზში, კრისტობალ ბალენსიაგას თავდაპირველი სალონის ადგილას – 10 Avenue Georges V-ზე, Balenciaga-ს პირველი ‘კუტიურ მაღაზია’ გაიხსნება. გასულ წელს ქართველი დიზაინერის პირველი ოტ კუტიურ კოლექციის პრეზენტაციაც სწორედ ამ სივრცეში მოეწყო.
მაღაზია განთავსებული იქნება ტრადიციული სალონის დაბლა. ადგილზე მისულ მომხმარებლებს, საშუალება ექნებათ შეიძინონ შეზღუდული რაოდენობით გამოშვებული სამოსი, აქსესუარები და სხვადასხვა ნივთები, რომელთა პერსონალიზაცია ან შეცვლა სურვილის შემთხვევაში ზედა სართულზე განთავსებული ატელიეების მიერ იქნება შესაძლებელი.
The Business Of Fashion-ის ცნობით, საწყის ეტაპზე, მაღაზიაში შესაძლებელი იქნება ჩანთების შეძენა, რომელთა ღირებულებაც 8,500-დან 15,000 ევრომდე იმერყევებს, ასევე 365 ევროს ღირებულების სანთლის, 3,500 ევროიანი სათვალისა და – ტანსაცმლის, რომლის ფასიც 100,000 ევრომდე ადის.

© Balenciaga
როგორც ბალენსიაგას გენერალურმა დირექტორმა სედრიქ შარბიმ აღნიშნა, ახალი მაღაზია კუტიურთან მისასვლელად კარიბჭის ფუნქციას შეასრულებს. “კუტიური დახურულ სამყაროდ რჩება, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის,” – ამბობს ის.
მან ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ბრენდის ტოპ კლიენტები დაინტერესებულები არიან ოტ კუტიურით, მაგრამ არ იციან როგორ შეიძინონ ის.
“არავინ იცის სად იყიდოს კუტიური. კლიენტისთვის ეს არ არის ნათელი. ასეთი მაღაზიით, კუტიური აღარ იქნება ილუზია.”
სედრიქ შარბი
Balenciaga-ს კუტიურ მაღაზიის სტუმრობა შესაძლებელი იქნება სამშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11-დან 7 საათმდე, ხოლო ორშაბათს და პარასკევს იქ მოსახვედრად საჭირო იქნება ვიზიტის წინასწარი დაჯავშნა.