სისადავე. სიმარტივე. მხოლოდ ის, რაც საჭიროა. არაფერი ზედმეტი. დიახ, ჩვენ მინიმალიზმზე ვსაუბრობთ.
კაცობრიობა უკვე დიდი ხანია აღარ სჯერდება მცირედს. გვინდა გვქონდეს ის, რაც სინამდვილეში არ გვჭირდება, მივისწრაფით მეტისკენ, რათა ჩვენი ყოველდღიურობა უფრო მრავალფეროვანი იყოს. რთულია ერთფეროვნებით ცხოვრების ინტერესის შენარჩუნება, ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ გავექცეთ უბრალოებას. სწორედ რაღაც ზედმეტი იწვევს ჩვენში მღელვარებას, როცა არსებულ უბრალოებაში ხიბლს ვეღარ ვხედავთ.
ყველაფრის საფუძველი მინიმალიზმია, რომელსაც შემდეგ სურვილისამებრ ვამკობთ დეტალებით, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ცხოვრების წესი თუ მისი შემადგენელი რომელიმე ელემენტი.
მინიმალიზმის მახასიათებლებიდან გამომდინარე ბუნებრივია, რომ ის შეიძლება უინტერესო იყოს, მაგრამ ეს მისი თვისება არ არის. მინიმალიზმის წარმოჩენა ისეც შეიძლება, რომ მნახველს აოცებდეს, სასიამოვნო განცდას და მეტის ნახვის მოლოდინს ბადებდეს. ექსტრავაგანტულობა არ არის შენში აღტაცების გამოწვევის აუცილებელი პირობა.
მოდაში მინიმალიზმი ფართოდაა გავრცელებული. თუმცა ამ მიდგომით ყურადღების მიპყრობა და რელევანტურობის შენარჩუნება მხოლოდ ერთეულებმა შეძლეს. მათ ამაში განსაკუთრებული ნიჭი და ის სიღრმე დაეხმარათ, რომელიც თავიანთ ნამუშევრებს შესძინეს.
რამდენიმე გამორჩეული მაგალითის განხილვა დაგვეხმარება იმაში დასარწმუნებლად, რომ მცირედი ზოგჯერ ძალიან ბევრს ნიშნავს.
კელვინ კლაინი
50 წლის წინ ამერიკელი კელვინ კლაინი საკუთარი ბრენდის შექმნით მინიმალიზმისკენ მიმავალ გზას გაუყვა, რომელიც მასთან ერთად მრავალმა ადამიანმა გაიარა. მისმა წინააღმდეგობრივმა სარეკლამო კამპანიებმა, ჯინსებმა, ‘Slip Dresses-მა,’ ქალებისთვის შექმნილმა მამაკაცის სტილის საცვლებმა, უნისექს სამოსმა და სუნამომ კელვინის ბრენდის საყოველთაო აღიარება განაპირობა.
დიზაინერი ქმნიდა როგორც კლასიკურ, ისე მოდერნიზებულ სამოსს. უმეტესად ნეიტრალურ, პასტელურ ფერებს იყენებდა. მამაკაცისთვის დამახასიათებელ სტილს ხშირად არგებდა ქალებს.
კელვინ კლაინის მინიმალიზმი განვითარებადი იყო. დროთა განმავლობაში მის კოლექციებში გაჩნდა: სპორტული ელემენტები, მკვეთრი ფერები, ასიმეტრიულობა.
კელვინ კლაინის სახით მნიშვნელოვანი თავი ჩაიწერა მინიმალიზმის ისტორიაში.
ჯილ სანდერი
ჯილ სანდერი წარმოშობით გერმანელია. მან თავისი ბრენდი საკუთარ სამშობლოში კელვინ კლაინის მსგავსად 1968 წელს დააფუძნა. მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ერთადერთი ქალი დიზაინერი, რომელიც მინიმალისტურ კოლექციებს ქმნიდა, დიდი დიზაინერებიდან არავის იმდენ ხანს არ გამოუყენებია ეს მიდგომა, რამდენ ხანსაც ჯილს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ ადგილზე რჩებოდა, თავის მნიშვნელობას მაინც არ კარგავდა. თავის არჩეულ გეზს 30 წლის განმავლობაში ერთგულად მიჰყვებოდა. სხვა ქალებისთვის ქმნიდა იმას, რასაც თავად ჩაიცვამდა. თავის ქმნილებებს თვითონ ირგებდა, რათა გამოეცადა როგორი შეგრძნება იყო მათი ტარება. მაშინ როცა დიზაინერთა უმეტესობა ცდილობდა შეექმნა ტანსაცმელი ისტორიით, ზოგჯერ მხოლოდ შოუსთვის, ჯილ სანდერის პრაქტიკული, სადა და წმინდა შემოქმედება უმეტესობისთვის იყო ის, რისი არამხოლოდ ყურება, არამედ ჩაცმაც სურდათ.
ენ დემულამესტერი
ენი ანტვერპენის ლეგენდარული ექვსეულიდან ერთ-ერთია. ოთხმოცდაათიანი წლების ბოლოს მოდაში რევოლუციის მოხდენის და იაპონელებთან ერთად ანტი-მოდის დამკვიდრების შემდეგ, ბელგიელებმა დამოუკიდებლად დაიწყეს თავიანთი კარიერის განვითარება. ენი პოეტურ მინიმალიზმს ქმნიდა, რომელშიც შავ-თეთრი დომინირებდა.
“ჩემთვის შავი ყველაზე პოეტურ ფერს წარმოადგენს, მაგრამ მას არ შეუძლია თეთრის გარეშე არსებობა, რომელიც ჩემთვის სიწმინდესთან ასოცირდება. ამიტომ ორივე მჭირდება. ჩემი სამუშაოს არსი ეს არის. და რადგანაც მას არქიტექტურასთან ვაკავშრებ, ტანსაცმლის კონსტრუირებას ვახდენ, ჩემთვის ფერი უფრო დეკორაციის როლს ასრულებს. წმინდა ფორმის შექმნის შემდეგ მოდიან ფერები. ამიტომაც ვიყენებ ზოგჯერ მხოლოდ შავს და თეთრს. მიჩნდება განცდა, რომ ასე საკმარისად განვმარტავ იმას, რისი ახსნაც მინდოდა. ფორმაზე და სილუეტზე მსურს ფოკუსირება. მაგრამ ზოგჯერ ფერების გამოყენების საჭიროებასაც ვგრძნობ. ფერებს ყველა კოლექციაში ნახავთ, თუმცა ისინი უფრო ჩრდილს, ფაქიზ ვარიაციებს წარმოადგენენ და არა მყვირალა ფერებს,“ – ენ დემულამესტერი.
ბელგიელის სამოსში შერწყმული იყო მასკულინური და ფემინური ელემენტები. ხშირად მოიხსენიებენ მის შემოქმედებას, როგორც ‘უნისექსს,’ თუმცა თავად არ მიაჩნია, რომ ეს სწორი დახასიათებაა. თვლის, რომ ყველა ქალს აქვს მამაკაცური მხარე, ისევე როგორც მამაკაცს ქალური, მას კი ამის გამოვლენა უნდოდა. ენის მიდგომა ემოციური და პერსონალურია. თავისი შემოქმედებით პიროვნების წარმოჩენას ცდილობდა და ის ამას მინიმალიზმით ახერხებდა.
ჰელმუტ ლენგი
„ძალიან იშვიათად ჩნდება დიზაინერი, რომელიც გვახედებს სარკეში, რომელშიც ვხედავთ ყველაფერს რად ყოფნაც გვინდა. ოთხმოცდაათიანებში ასეთი კაცი ჰელმუტ ლენგი იყო,“ – სარა მაუერი.
ჰელმუტ ლენგი თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი დიზაინერია. ის მათ რიგებს მიეკუთვნება, ვინც ეპოქა განსაზღვრეს. იმ დამოკიდებულებამ, განწყობამ, რომელსაც დიზაინერი თავის სამოსში აქსოვდა განაპირობა, რომ ჰელმუტ ლენგის ჩაცმით ხდებოდი ის, ვინც გინდოდა რომ ყოფილიყავი.
ავსტრიელი 1986 წელს საკუთარი ბრენდის შექმნით მოდაში მინიმალისტურ მოძრაობას შეუერთდა.
„არ მომწონს სამოსი, რომელიც ხმამაღლა ყვირის. ის არ უნდა იყოს არც ფრთხილი და არც აშკარა – არც ძალიან დიზაინერული და არც ძალიან კლასიკური. ჩემი ტანსაცმელი არც ერთია და არც მეორე. ის არსებულ წინააღმდეგობებში გამოსავლის მოძებნას გულისხმობს,“ – ჰელმუტ ლენგი.
ჰელმუტმა გამორჩეული სტილი შექმნა, რომელსაც დღესდღეობით გაცვეთილი ტერმინი cool ზუსტად აღწერს. მისი სამოსი იყო ნამდვილი ადამიანებისთვის, ყოველდღიურობისთვის შექმნილი და ამავდროულად პროვოკაციული და საკამათო. თავისი აგრესიული მინიმალიზმით ლენგმა არაერთ დიზინერს გაუკვალა გზა, მათ შორის: რაფ სიმონსს (ჯილ სანდერის, დიორის და კელვინ კლაინის ყოფილი შემოქმედებითი ხელმძღვანელი) და ნიკოლა გესკიერს (ბალენსიაგას ყოფილი და ლუი ვიტონის ამჟმაინდელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი).
დიზაინერის ესთეტიკა შეიძლება არ ეფუძნებოდეს მინიმალიზმს, მაგრამ მისი წარმოჩენის ცდუნებას ბევრი ვერ უმკლავდება, ამიტომაც იშვიათად ნახავთ ბრენდს, რომლის შემოქმედებაშიც მინიმალიზმი მცირე დოზით მაინც არ იჩენს თავს. მაგალითად განვიხილოთ ფიბი ფაილო.
ფიბიმ საკუთარ თავში აღმოაჩინა უნარი თავისი შემოქმედებით განევითარებინა ქალების გემოვნება. მან შექმნა ჩაცმადი და ამავდროულად ამაღელვებელი სამოსი. მისი სელინი შეიძლება არ მიეკუთვნება ერთ კონკრეტულ კატეგორიას, მაგრამ რამდენიმეს აერთიანებს, რომელთა შორისაა მინიმალიზმიც. განსაკუთრებით გამორჩეულია მისი ნამუშევრები, რომელთა სრულყოფასაც მცირე დეტალები განაპირობებს.
„მხოლოდ ფიბი ფაილოს შეუძლია მოდის ინდუსტრიას სუნთქვა შეაკვრევინოს შავ ქურთუკზე თეთრი ღილის განთავსებით,“ – თიმ ბლენქსი სელინის 2014 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის მიმოხილვაში.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი დიზაინერი მოდაში აღარ მოღვაწეობს. ისინი ვინც ამ საქმიანობას კვლავ აგრძელებენ და ერთ დროს მინიმალისტურ მიდგომას იყენებდნენ, ჯორჯო არმანის და მიუჩია პრადას ჩათვლით, დღეს უკვე კოლექციებზე მუშაობის განსხვავებულ გზებს ეძებენ. არსებული რეალობის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მინიმალიზმმა მოდაში თავისი თავი ამოწურა? შეიძლება ამ ვარაუდის უარსაყოფად ოლსენების The Row გაგვახსენდეს, მაგრამ გაგვიჭირდება სხვა ვარიანტების დასახელება, რომლებსაც მნიშვნელობა მართლა აქვთ. მინიმალიზმს შესაძლოა არ აქვს მრავალი მხარე და უკვე მისი ყველა ვერსია ვნახეთ. მაგრამ ხშირად, როცა გგონია, რომ სანახავი აღარაფერი დარჩა, სწორედ მაშინ ჩნდება ის, ვინც საპირისპიროს გიმტკიცებს. ამ ეტაპზე კი მსგავსი ემოციური ფონის, აზრის და დატვირთვის მქონე მინიმალიზმი, როგორსაც კელვინ კლაინი, ჯილ სანდერი, ენ დემულამესტერი თუ ჰელმუტ ლენგი გვთავაზობდნენ, მოდაში არ არსებობს.