დადასტურდა სიახლე, რომელსაც მოდის სამყარო უკვე თვეებია ელის. რაფ სიმონსის და ფიბი ფაილოს ყოფილი პროტეჟე – მეთიუ ბლაზი Bottega Veneta-ს ტოვებს, რათა შეუერთდეს Chanel-ის მოდის სახლს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ შანელის შემოქმედებითი ხელმძღვანელის თანამდებობა მოდაში ყველაზე სასურველ სამუშაოდ ითვლება. გასული თვეების განმავლობაში, არ წყდებოდა სპეკულაციები თუ ვის შეიძლება დაეკავებინა ყველა დიზაინერისთვის საოცნებო პოზიცია.

Matthieu Blazy

მეთიუ ბლაზის მოდის მიმდევრები უკვე კარგად იცნობენ, იგი 1984 წელს პარიზში დაიბადა. მეთიუ ბრიუსელის La Cambre-ს კურსდამთავრებულია. მისი კარიერა მოდაში რაფ სიმონსის ბრენდში მამაკაცის სამოსის დიზაინერად მუშაობით დაიწყო. მეთიუ 4 წელი, ჯონ გალიანოს დანიშვნამდე, მარჯიელას კოლექციებზე იყო პასუხისმგებელი, 3 წელი სელინში გაატარა, ხოლო 2016 – 2018 წლებში, რაფ სიმონსის ხელმძღვანელობით, კელვინ კლაინის დიზაინერიც გახლდათ. 2021 წლიდან დღემდე, მეთიუ ბოტეგა ვენეტას კრეატიული დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

Louise Trotter

უკვე ცნობილია თუ ვინ დაიკავებს მეთიუ ბლაზის ადგილს Bottega Veneta-ში. მოდის სახლის მფლობელმა ფრანგულმა კონგლომერატმა, Kering-მა ზემოხსენებულ პოზიციაზე ბრიტანელი დიზაინერი, Lacoste-ს ყოფილი კრეატიული დირექტორი – Louise Trotter წარადგინა.