გასულ კვირას, იტალიურმა ბრენდმა, Tod’s გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეგა-ინფლუენსერი, კიარა ფერანი მათ თავმჯდომარეთა გუნდს უერთდებოდა. სელებრითებსა და ინფლუენსერებს მმართველ გუნდებში სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ, თუმცა საინტერესოა ეს გრძელვადიან პერიოდში რამდენად მომგებიანი იქნება. მოკლევადიან პერიოდში შედეგი უკვე სახეზეა – ბრენდის აქციების ღირებულება, კიარას დანიშნვის შემდეგ, 12%-ით გაიზარდა.
Tod’s თანამედროვე მომხმარებლების მიზიდვა საკმაოდ გაუჭირდა და ბრენდის დირექტორი, დიეგო დელა ვალე ფიქრობს, რომ კიარა შეძლებს ბრენდის ბიზნეს მოდელის გარდაქმნას და მის მორგებას ციფრულ ფორმატზე. “კიარას მსოფლიო გამოცდილება და ცოდნა დაგვეხმარება ახალგაზრდა მომხმარებლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” -ამბობს დელა ვალე.
კომპანიებისა და სელებრითების თანამშრომლობა მხოლოდ რეკლამირებით აღარ შემოიფარგლება. მსგავსი პრეცედენტები გასულ წლებშიც გვიხილავს, მაგალითად, ოპრა უინფრი Weight Watchers-ის მეწილე და თავმჯდომარეა, შაკილ ონილი – Papa John’s-ის, ხოლო გასულ წელს, ემა უოტსონი Kering-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა.