კუბაში დაბადებულმა ამერიკელმა მომღერალმა კამილა კაბეიომ 23 ივლისს ახალი სინგლი – “Don’t Go Yet” გამოუშვა, რომელშიც ის ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას, სამოსით გვევლინება.
“Don’t Go Yet” არის პირველი სინგლი მისი მომავალი ალბომიდან – “Familia”. ვიდეოში მოქმედება მანქანაში იწყება, რომლითაც კამილა მიდის სახლთან, რომელშიც მას ოჯახის წევრები და ნათესავები ელოდებიან. მომდევნო სცენები მომღერლის კუბურ-მექსიკური ფესვებისადმი ერთგვარი პატივის მიგებაა.
“ეს ალბომი ორი რამით არის შთაგონებული: ოჯახით და საჭმლით,” – განაცხადა კაბეიომ. “ოჯახით, რომელსაც სისხლით ენათესავები და ასევე ოჯახით, რომელიც თავად აირჩიე. რომელთან ერთადაც სასადილო მაგიდასთან დაჯდომა, ღვინის სმა და მისაღებ ოთახში ცეკვა გინდა.”
სტილისტურად კლიპი საკმაოდ დატვირთული და სახასიათოა. ვიდეოს გმირები ოთხმოციანი წლების ესთეტიკას წარმოაჩენენ. ქებურიას ცისფერი კაბა “Malibu” კი ორგანულად ერგება კამილას იმიჯს.
კაბეიომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “X ფაქტორის” მონაწილეებით დაკომპლექტებულ ჯგუფ Fifty Harmony-ში დაიწყო, სადებიუტო სოლო ალბომი კი 2018 წელს გამოუშვა. ფართო საზოგადოებამ ის სინგლით – “Havana” გაიცნო, რომელიც გამოსვლის შემდეგ მსოფლიოს წამყვან ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა.
Camila Cabello – Don’t Go Yet
რეჟისორი: Pilar Zeta
სტილისტები: Chloe & Chenelle Delgadillo