ვიქტორია სეკრეტის 2019 წლის შოუ არ ჩატარდება. შოუს გაუქმებაზე სპეკულაციები გაზაფხულიდან ჟღერდებოდა, რაც აგვისტოში შანინა შაიკის განცხადებამაც გაამყარა. მოდელმა გაუაზრებლად და სპონტანტურად, საკუთარ დღიურ რუტინაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ წელს ვიქტორია სეკრეტის კასტინგისთვის არ ვარჯიშობს, რადგან შოუ არ ჩატარდება. შანინას განცხადების მიუხედავად, ბრენდის წარმომადგენლები 21 ნოემბრამდე სიჩუმეს ამჯობინებდნენ.

გუშინ L Brands -ის (კომპანია, რომელიც ვიქტორია სეკრეტს ფლობს) ფინანსურმა დირექტორმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2019 წელს ვიქტორია სეკრეტის შოუ არ გაიმართება. სტუარტ ბარგდოერფერის თქმით, ახლა ვიქტორია სეკრეტში ფიქრობენ როგორ განავითარონ მესიჯი, რომელმაც წარსულში ბრენდს უდიდესი წარმატება მოუტანა, თუმცა გასულ ათწლეულში მთავარ პრობლემადაც იქცა.

შანინა შაიკი ვიქტორია სეკრეტის 2018 წლის შოუზე

2000 წლიდან ვიქტორია სეკრეტის შოუ კულტურული ფენომენი გახდა. ეს იყო პირველი მოდური ჩვენება, რომელიც ტელევიზიაში გადაიცა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა. შეიცვალა მსოფლიო, სოციუმი, მოდაც, ვიქტორია სეკრეტი იგივე დარჩა. ბრენდში კრიზისი 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა 2016 წელს ყველასთვის შესამჩნევი გახდა. გაყიდვები განახევრდა და რეიტინგები დაეცა. სოციალურმა ქსელებმა, #metoo მომენტმა და მოდის ინკლუზიურობის ტენდენციამ ვიქტორია სეკრეტს ყველაზე მძიმედ დაარტყა. ყველაფერი კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც ბრენდის გენერალურმა დირექტორმა, ედ რაზეკმა ვოგთან წინააღმდეგობრივი და დისკრიმინაციული სახის განცხადებები გააკეთა. აგვისტოში რაზეკი თანამდებობიდან გადადგა.

სტუარტი არ ავრცელებს ინფორმაციას, შოუს გაუქმება მხოლოდ 2019 წელს ეხება, თუ ბრენდში შოუს გამართვის საკითხი სამომავლოდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.