ხმამაღალი, სწრაფი, აგრესიული – ეს ის სიტყვებია, რომელიც პანკს ახასიათებს. თუ 60-იანები მთლიანად ჰიპების ერა იყო, 70-იანები პანკებს ეკუთვნით. პანკი იყო ახალგაზრდული სუბკულტურა, რომელიც აპროტესტებდა ყველაფერს, რაც გარშემო ხდებოდა, ის ხასიათდება წინააღმდეგობით, ანარქიით, აგრესიულობით. პანკით ახალგაზრდები გამოხატავდნენ თავიანთ დამოკიდებულებას ეკონომიკური უთანასწორობის, ბურჟუების ფარისევლობისა და მუშათა კლასის პრობლემების უგულებელყოფის მიმართ, რაც ძირითადად პანკ მუსიკით მჟღავნდებოდა. პანკები საზოგადოებას სტილითაც ემიჯნებოდნენ და როგორც პანკ მუსიკა, ისე მათი სტილიც აგრესიის, ამბოხის და ინდივიდუალიზმს გამომხატველი იყო. ისინი ატარებდნენ აქსესუარებს, ტყავის ჟაკეტებს, Dr. Martens-ის მძიმე ჩექმებს და კუბოკრულ შარვლებს. ‘’პანკური რევოლუცია’’ კი ყველაზე ცნობილი ბრიტანული პანკ-ჯგუფის ‘’Sex Pistols’’-ის ჩამოყალიბებასთან ერთად იწყება 1975 წელს. პანკი ოდნავ მოგვიანებით მოდაშიც გამოჩნდა. ვივიენ ვესტვუდი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც პანკი მოდაში დაამკვიდრა.

70-იანებში ვესტვუდს მის პარტნიორთან, მალკოლმ მაკლარენთან ერთად ლონდონში მაღაზია ქონდა სახელად ‘’SEX’’, ისინი ყიდდნენ სამოსს, რომლითაც გარკვეულ განცხადებას აკეთებდნენ – მაისურებზე არ იყო ლოგოები, იყო სლოგანები, ნაცისტური სვასტიკები, დედოფლის პრინტები Sex Pistols-ის ‘’God Save The Queen’’ წარწერით. 1979 წელს ‘’Sex Pistols’’-ის დაშლასთან ერთად პანკის მიმართ ინტერესი დაიკარგა, მაგრამ პანკი მოდაში მხოლოდ ახლა იწყებოდა, როდესაც 1981 წელს პარიზში ვივიენ ვესტვუდი, რეი კავაკუბო და იოჯი იამამოტო გამოჩნდნენ.

Vivienne Westwood & Sid Vicious

‘’საკუთარ თავს მოდის დიზაინერად არ ვთვლიდი პანკ ერის დროს. მოდას უბრალოდ ჩემი წინააღმდეგობრიობისა და მეამბოხეობის გამოსახატად ვიყენებდი…’’ – ვივიენ ვესტვუდი

ვესტვუდის S/S 1994 წლის ჩვენება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია მის კარიერაში. ეს იყო სიმფოინია კარიკატურულად გამოხატული ეროტიკული სტერეოტიპების. ინგრიდ ლოშეკი ‘’როდესაც სამოსი მოდად იქცევაში’’ წერს: ‘’ვივიენ ვესტვუდი სიამოვნებას იღებს ისტორიული და ეთნიკური მემკვიდრეობითი დეტალების გამოყენებით, რომლებიც მაცდუნებლია და გაუცხოებულია, ახლებურად არის გარდაქმნილი და სრულიად თანამედროვედ გამოიყურება’’ და ძალიან ცოტა რამ აერთიანებს წარსულსა და აწმყოს ისე ეფექტურად, როგორც თითქმის შიშველი ქეით მოსი, რომელიც სრულიად აუღელვებლად მიირთმევს მაგნუმის ნაყინს პოდიუმზე. იმისთვის, რომ მოდელები ელისაბედის ხანის გოგოებად გარდაექმნა ვივიენმა კორსეტები, ნაქსოვი სამოსი და ფოჩები გამოიყენა. ჩვენება არაჩვეულებრივი ნაზავი იყო ტრადიციებისა, რომლებიც მოიცავდა და თან მასხრად იგდებდა მამაკაცის ყველაზე სასურველ ფანტაზიას.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მოდელების შემადგენლობაც. ჩვენებაზე გამოვიდნენ ნაომი ქემბელი, ქეით მოსი, ნადია აუერმანი, იასმინ ლე ბონი. მოდელები 15,5 სანტიმეტრის ქუსლებზე იდგნენ. ისინი აუდიტორიის წინაშე ერთმანეთს ნაყინებს სთავაზობდნენ და ტუჩებს პროვოკაციულად ილოკავდნენ.

როგორც ვივიენმა განაცხადა ამ კოლექციით ის მე-19 საუკუნის საფრანგეთს, უფრო კონკრეტულად კი პარიზს იკვლევდა. სამოსი კი მე-17 საუკუნის მხატვრის, ვან დიკის ნახატებით იყო შთაგონებული. ჩვენება ასევე ბრიტანელ კუტიურიეს ჩარლზ ვორტს ეძღვნებოდა, რომელმაც დაიპყრო ფრანგული მოდა მე-19 საუკუნის ბოლოს. ჩვენებას ესწრებოდნენ ჟან პოლ გოტიე და ჯონ გალიანო.

Vivienne Westwood S/S94

ჩვენების ჩანაწერი: