რად შეიძლება გარდაიქმნას შენი პირადი ამბავი თუ მათ სხვა ადამიანებს ანდობ? მაგალითისთვის შეგვიძლია ვეტმანი ავიღოთ. 2014 წელს ეს ბრენდი დააფუძნეს ადამიანებმა, რომლებსაც თავიდან უბრალოდ გართობა, თავისუფლება და არსებული რეალობისგან თავის დაღწევა უნდოდათ. ის დემნა გვასალიას პერსონალური ისტორია იყო – მისი და მის გარშემო მყოფი ადამიანების, რომლებიც ტანსაცმლით გადმოსცედმნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ და განიცდიდნენ. ვეტმანი იყო ტანსაცმელი დამოკიდებულებით. ირონიული და ზოგჯერ საკამათო. გამომხატველი და აზრიანი. ის მეტი იყო, ვიდრე ტანსაცმელი, VETEMENTS.
ახალმა კოლექციამ დაგვანახა, რომ ვეტმანი ისევ იმად დარჩა, რაც დემნას დროს იყო. დემნას წასვლით ვეტმანში ახალი ერა დაიწყო, მაგრამ მასში ბრენდისთვის ყველა ფუნდამენტური მახასიათებელი შენარჩუნებულია.
თუმცა ერთი დიდი და ლოგიკური განსხვავება, რაც დემნას ვეტმანსა და დემნას შემდგომ ვეტმანს შორის არსებობს არის ის, რომ ბრენდმა თავისი მნიშვნელობა დაკარგა და ახლა ის მართლაც უბრალოდ ტანსაცმელია, რომელიც ძველის ახლებური ინტერპრეტაციაა.
ჩვენ არაფერი ვიცით იმ გუნდის შესახებ, რომელიც ახლა დემნას პირადი ისტორიის განვითარებაზე ზრუნავს გარდა იმისა, რომ ისინი ამას ციურიხში აკეთებენ. თუმცა ვიცით გურამ გვასალიას დამოკიდებულების შესახებ, რომელიც მარჯიელას მიდგომას ამართლებს და ამბობს, რომ მთავარი ტანსაცმელია და სხვებისთვის ამის დასამტკიცებლად ჩრდილში დარჩენა ჯობს.
საბოლოო ჯამში ეს, ალბათ, საუკეთესო ვერსია იყო იმ ვეტმანის, რომელიც დემნას წასვლის შემდეგ უნდა გვენახა. რადიკალური ცვლილებები ბრენდს ისეთივე არაბუნებრივს გახდიდა, როგორებიც ჩვენებაზე გამოსული ყალბი სელებრითები იყვნენ.