On The Beach ლუი ვიტონის ახალი სუნამოა, რომლის სახე მსახიობი ეიზა გონზალეზია. სუნამოს კამპანია მალიბუში გადაიღეს. ხელოვანმა ალექს იზრაელმა, ფოტოსესიისთვის, ეიზას სხეული სრულად საღებავით დაფარა. ფერები სანაპიროზე მზის ჩასვლას მოგაგონებთ, რაც ზუსტად ერგება სუნამოს კონცეფციას, რომელიც გაჯერებულია იაპონური იუზუს, ტუნისური ნეროლისა და არომატული ბალახეულობის ნოტებით. “ისე გამოვიყურები, თითქოს მაგიურ ფერად ქვიშაში ვიგორავე”, სიცილით ამბობს გონზალეზი, “საღებავების დატანის პროცესი თითქმის 9 საათი გაგრძელდა, შემდეგ კიდევ 4 საათი დამჭირდა მის ჩამოსარეცხად.”
ლუი ვიტონის ახალ სახედ ყოფნა გონზალესისთვის დიდი პატივია, “90-იანებში გავიზარდე საკულტო კამპანიების ყურებით, თუმცა ბევრ ლათინოამერიკელს ვერ ვხედავდი, მით უმეტეს ასეთი დიდ ბრენდებში. ყოველთვის მეგონა, რომ აქ მოსახვედრად რაღაც კონკრეტული გარეგნობის უნდა ყოფილიყავი. ახლა კი ვხედავ, რომ ასე არაა და ასეთი ისტორიული ბრენდის ნაწილი ლათინოამერიკელი ქალია. ჩემთვის ეს დიდი პატივია და მე ძალიან ბედნიერი ვარ. ინკლუზიურობა ახალ ნორმად უნდა იქცეს.”
სუნამოებზე ვოგთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეს ადამიანის ინდივიდუალურობას უსვამს ხაზს. “ყოველთვის მომწონდა უნიკალური სურნელები, ისეთი, როგორიც ყველას არ აქვს. როგორც დინამიურ ქალს, ძალიან მომწონს ახალი სუნამო “On The Beach”. ის მზის ნათებას მახსენებს ლამაზ სანაპიროზე. ”