ოსკარის რეკორდული 35 ნომინაციით, 8 გამარჯვებით, ათასზე მეტი ფილმისთვის შექმნილი დაუვიწყარი სამოსით და ცალკე ბრენდად ქცეული პირადი იმიჯით გარდაცვალებიდან 38 წლის შემდეგაც ედით ჰედი ყველაზე წარმატებულ და ცნობილ კოსტუმების დიზაინერად რჩება.

„მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში სამოსს ვქმნიდი, რათა მოსამსახურეები პრინცესებად, უბრალო ჯეინები გლამურულ გოგოებად, ძველმოდურები მოდურებად მექცია. როგორც ჩემი ერთი ვარსკვლავი მეგობარი დაჟინებით ამტკიცებს, „კონკიას ედით ჰედი რომ ჰყოლოდა, ზღაპრული ნათლია არასდროს დასჭირდებოდა.“ – ე.ჰ.

ედით ჰედი

ედითი 1889 წლის 28 ოქტომბერს კალიფორნიაში დაიბადა. ის სხვადასხვა ქალაქში იზრდებოდა, მათ შორის არიზონაში, ნევადასა და მექსიკაში. ჰედი ენების შესწავლით იყო დაკავებული. 1919 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო კალიფორნიის, მომდევნო წელს კი მაგისტრის ხარისხი სტენფორდის უნივერსიტეტისგან. სწავლის დასრულების შემდეგ მასწავლებლის პროფესია შეითავსა და ხელოვნებასთან ერთად ფრანგულ და ესპანურ ენებს ასწავლიდა. 1923 წელს თავის პირველ ქმარ ჩარლზ ჰედს გაჰყვა ცოლად.

კინო ინდუსტრიაში სარეკლამო განცხადების გამოხმაურებით მოხვდა. Famous Players-Lasky Studio, შემდეგში Paramount Studios, კოსტუმების ესკიზების არტისტს ეძებდა. მიუხედავად იმისა, რომ ედითს დიზაინში არც განათლება და არც გამოცდილება არ ჰქონდა, მაინც გადაწყვიტა ბედი ეცადა. მოპარული ესკიზებით მან სამუშაო მიიღო.

ედითი 1924 წლიდან სამი წლის განმავლობაში ჰოუარ გრირის დაქვემდებარების ქვეშ მუშაობდა. თავის პოზიციაზე მას ყველაზე მეტად ენების ცოდნა გამოადგა, რომელსაც სამსახურის შენარჩუნების მთავარ მიზეზად თვლიდა.

„ერთადერთი მიზეზი, რამაც მის პერსონალს შორის დამტოვა, როგორც ესკიზების გოგო უცხოური ენების ცოდნა იყო. ისინი ფილმების უცხოენოვან ვერსიებს აკეთებდნენ, მე კი ერთადერთი ვიყავი, ვისაც უცხოელ ვარსკვლავებთან გამართულად საუბარი შეეძლო.“ – ე.ჰ.

გრირმა ედითს თავისი სტილით ხატვა ასწავლა. მას შემდეგ, რაც 1925 წელს გუნდს ტრევის ბენტონი შეუერთდა ჰედი უკვე მისი გავლენის ქვეშ მოექცა. 1927 წელს ჰოუარდი ტრევისმა ჩაანაცვლა და ედითი თავის ასისტენტად დანიშნა.

ის ლოიალურობას ინარჩუნებდა ბენტონის მიმართ, როდესაც ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა და ხშირად აგვიანებდა ან საერთოდ არ ცხადდებოდა სამსახურში. 1938 წელს ბენტონის კონტრაქტი აღარ განახლდა, ხელმძღვანელებმა ახალი დიზაინერის მიყვანის ნაცვლად პარამოუნტის დიზაინ სტუდიის ხელმძღვანელად ედით ჰედი დანიშნეს.

„შეიძლება მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი ფიგურა არ გქონდეს, მაგრამ არ არსებობს მიზეზი თუ რატომ არ შეიძლება შესანიშნავი მდგომარეობა გაგაჩნდეს. გლორია სვანსონი საუცხოო მაგალითია იმისა თუ რას შეიძლება მიაღწიოს ძალიან პატარა ქალმაც კი თავისი ამაყი მდგომარეობით. როდესაც რამდენიმე წლის წინ სტუდიაში „სანსეთ ბულვარის“ გადაღებისთვის დაბრუნდა, შევეკითხე, ადარდებდა თუ არა ასეთი პატარა რომ იყო. მის სახეზე თავისი ბრწყინვალე ღიმილი აინთო და მითხრა, „საერთოდ არა, ედით, რადგან საკუთარ თავზე, როგორც პატარაზე არასდროს ვფიქრობ. ჩემი აზროვნება მაღალია.“ – ე.ჰ.

ედით ჰედი და გლორია სვანსონი

ჰოლივუდის ოქროს წლებში თითქმის ყველა მნიშვნელოვან მსახიობთან უწევდა მუშაობა, რომელთა შორისაც იყვნენ: ელიზაბეტ ტეილორი, კერი გრანტი, ბეტი დევისი, პოლ ნიუმანი, ინგრიდ ბერგმანი, მარლენ დიტრიხი, ოდრი ჰეპბერნი და სხვები. გამორჩეულად კარგი დამოკიდებულება კი გრეის კელის მიმართ ჰქონდა.

„ათასობით მსახიობი და ცხოველი შემიმოსავს, მაგრამ, როდესაც მეკითხებიან თუ რომელი ვარსკვლავია ჩემი პირადი ფავორიტი, გრეის კელის ვპასუხობ. ის შარმიანი ლედია, ყველაზე ნიჭიერი მსახიობი, ჩემთვის კი მნიშვნელოვანი მეგობარი.“ – ე.ჰ.

გრეისთან ედითის თანამშრომლობა 1954 წელს, ფილმისთვის „ტოკო-რის ხიდები“ კოსტუმების შექმნით დაიწყო და იმავე წელს გამოსული ფილმით „სოფლელი გოგონა“ გაგრძელდა, რომელში შესრულებული როლისთვისაც კელიმ თავისი ერთადერთი ოსკარი მიიღო. ატლასის ცისფერი კაბა, რომელიც მსახიობს ოსკარების დაჯილდოებაზე ეცვა ასევე ედითის შექმნილი იყო. მომდევნო კვირას იგივე კაბა მან უკვე ჟურნალ „ლაიფისთვის“ მოირგო.

გრეის კელი

რეჟისორებიდან ჰედის ურთიერთობა განსაკუთრებით ალფრედ ჰიჩკოკთან არის აღსანიშნავი, რომლის ფილმებისთვისაც მას არაერთი მსახიობი შეუმოსავს მათ შორის: ინგრიდ ბერგმანი „ფუჭი დიდებისთვის,“ კიმ ნოვაკი – „თავბრუსხვევის“ და ტიპი ჰედრენი „მარნისთვის.“

ინგრიდ ბერგმანი

მაგრამ, თუ ჰიჩკოკის ფილმებისთვის შექმნილ მის განსაკუთრებით დასამახსოვრებელ კოსტუმებზე ვისაუბრებთ, ვის შეიძლება დაავიწყდეს გრეის კელის ცისფერი შიფონის კაბა, რომელიც ედით ჰედმა მისთვის ფილმში „დაიჭირე ქურდი“ სათამაშოდ შექმნა? ან შავ კორსაჟსთან მორგებული თეთრი ტიულის კაბა ფილმიდან „ეზოში გამავალი ფანჯარა?“ გრეისის და ედითის მეგობრული ურთიერთობა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც კელი მონაკოს პრინცესა გახდა და სამსახიობო კარიერა მიატოვა.

გრეის კელი

ალბათ, გახსოვთ კადრი „რომაული არდადეგებიდან,“ რომელშიც თეთრ პერანგში და გრძელ სავსე კაბაში გამოწყობილი ოდრი ჰეპბერნი ველოსიპედს ატარებს. ამ და სხვა სცენებისთვის მსახიობის ლუქები სწორედ ჰედმა შექმნა.

„ოდრის მოდაზე ყველა სხვა მსახიობზე მეტი გაეგება თუ დიტრიხს არ ჩავთვლით. მისი მორგებები ათ საათს გრძელდება და არა ათ წუთს. „რომაული არდადეგებისთვის“ შექმნილ ესკიზებს თავისი ხედვა შემატა: უფრო სადა დეკოლტეები, მეტად ფართო ქამრები.“ – ე.ჰ.

ფილმა ოდრისაც და ედითსაც ოსკარი მოუტანა, 1954 წელს „საბრინასთვის“ მსახიობის შემოსვისთვის დიზაინერს კიდევ ერთხელ გადაეცა კინემატოგრაფიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო. მაგრამ ეს გადაწყვეტილება და დაჯილდოებაზე წარმოთქმული დიზაინერის სიტყვა ერთგვარი სკანდალის დასაბამი გახდა.

დიზაინერის და მუზის თემაზე საუბრისას შეუძლებელია პირველი ოდრი ჰეპბერნი და იუბერ დე ჟივანში არ გაგახსენდეს. მათ კი ერთმანეთი სწორედ „საბრინაზე“ მუშაობის პროცესში გაიცნეს.

ისტორია ასეთია: ფილმისთვის, რომლის მთავარი გმირი უცნაური მოზარდი საბრინა პარიზში მიდის და უკან ელეგანტური ქალბატონი ბრუნდება, ოდრიმ რეჟისორ ბილი უაილდერსგან ნებართვა აიღო, რომ „ნამდვილი პარიზული კაბა“ სცმოდა. უაილდერი დათანხმდა და ოდრის კრისტობალ ბალენსიაგასთან მისვლა ურჩია, მაგრამ დიზაინერმა მსახიობთან შეხვედრა დროის უქონლობის გამო ვერ მოახერხა და თავის მეგობარ, ახალგაზრდა დიზაინერ იუბერ დე ჟივანშისთან გადაამისამართა. ჟივანშიმ მოგვიანებით გაიხსენა:

„როდესაც სტუდიის კარი გაიღო, ახალგაზრდა, ძალიან გამხდარი და მაღალი, გულუბრყვილო თვალებიანი ქალი დავინახე. მოკლე თმა ჰქონდა, ვიწრო შარვალი, პატარა მაისური და ჩუსტები ეცვა, თავზე კი გონდოლიერის ქუდი ეხურა, რომელსაც წითელი ლენტა ამშვენებდა წარწერით „ვენეცია.“ ვუთხარი: „მადმუაზელ, სიამოვნებით დაგეხმარებოდით, მაგრამ ძალიან ცოტა მკერავი მყავს. კოლექციაზე მუშაობის შუა პროცესში ვარ – არ შემიძლია თქვენთვის სამოსის შექმნა.’ ოდრიმ კოლექციის ნახვა მთხოვა – და საბოლოოდ მისგან საბრინას პარიზის შემდგომი მთლიანი გარდერობი შეარჩია, რომელიც სუპერ-ელეგანტური ლუქით იწყება, რომლითაც თავის ბავშვობის სიყვარულს ხვდება, როდესაც საფრანგეთიდან ლონგ აილენდში ბრუნდება.“

ედითმა საბრინას ტანსაცმელი იმ ესკიზებზე დაყრდნობით შექმნა, რომლებიც პარიზიდან დაბრუნებულმა ოდრიმ მას წარუდგინა.

ოდრი ჰეპბერნი

ამ ყველაფერში უცნაური და სკანდალური არაფერი არ არის, მაგრამ როდესაც ოსკარების დაჯილდოებაზე ჰედს ჯილდო იმ კოსტუმებისთვის გადაეცა, რომელთა შექმნაში თავისი წვლილი იუბერმაც შეიტანა, მისმიერ წარმოთქმულ სიტყვაში ჟივანში ნახსენებიც კი არ იყო.

 „ფილმი გამოვიდა. მან კაბებისთვის ოსკარიც მოიპოვა, მაგრამ მე არავითარი კრედიტი არ მიმიღია. ის (ოდრი) გაცოფებული იყო და მოითხოვა „ყოველთვის, როდესაც ფილმში ვიქნები, ჟივანში ჩამაცმევს.“ – იუბერ დე ჟივანში

მას შემდეგ ოდრის ყველა ფილმში იმ დიზაინერის სამოსი ეცვა, რომელსაც „პიროვნულობის შემქმნელს“ უწოდებდა და თავის ახლო მეგობრად მიიჩნევდა – იუბერ დე ჟივანშის.

ჟან-პიერ დოლრეაკის პირად მემუარში დაწერილი ედით ჰედის აზრი კი ასეთია (დოლრეაკიც კოსტუმების დიზაინერია, რომელსაც მენტორობას ედითი უწევდა):
„“ეს ხომ ცნობილი ‘საბრინას’ კაბაა. როგორც გავიგე ის ჟივანშიმ შექმნა. (ეუბნება ჟან პიერი ედითს)“
„ჰა,“ – მომიგო ედითმა. „ეს ამბავი უკვე წლებია განიხილება. მადლობა მისის ჰეპბერნს.“
„მაგრამ რატომ?“
„ალბათ, მისი (ჟივანშის) კეთილგანწყობის მოპოვება უნდოდა და უფასო ტანსაცმელი,“ – აქ გაჩერდა და კაბა შეისწორა. „“საბრინასთვის“ წარმოების მომზადების პროცესში სან ფრანცისკოში იყო და ჰოლივუდში შეხვედრაზე მოსასვლელად დრო არ ჰქონდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ, მე მივედი მის სანახავად ისევე, როგორც „რომაული არდადეგების“ შემთხვევაში მოვიქეცი, როდესაც ნიუ-იორკში თამაშობდა. საკმაოდ სასიამოვნო იყო, მაგრამ ძალიან მტკიცე თავის გემოვნებაში. თავი შორს ეჭირა და ცოტა სევდიანი და უბედურიც იყო. მხოლოდ მაშინ იღიმოდა, როცა საჭირო იყო. იმ ჭორების დაჯერებას ვიწყებდი, რომლებიც ზოგი ჟურნალისტის და მსახიობისგან გამეგო და მას, როგორც ეგოცენტრულს ისე ახასიათებდა. გავაცნობიერე, რომ ჩემი მის მიმართ შექმნილი სიმპატია თავის წონას კარგავდა. მან ესკიზი მანახა, რომელიც ჩემს სწრაფად შესრულებულ ნახატებს ჰგავდა, რომლებიც „რომაული არდადეგებისთვის“ მქონდა მისთვის ნაჩვენები. მითხრა, რომ პარიზში ჟივანშის ჩვენების ყურების შემდეგ გააკეთა. წლების შემდეგ გავიგე, რომ მან ჟივანშისთან შეხვედრა ‘მის ჰეპბერნის’ სახელით მოახერხა. მას მაშინ თითქმის არავინ იცნობდა, რადგან „რომაული არდადეგები“ ეკრანებზე გამოსული ჯერ კიდევ არ იყო, ჟივანშიმ კი იფიქრა, რომ საუბარი კეტრინ ჰეპბერნზე იყო. ამ კაბის ესკიზი და კიდევ რამდენიმესი მისთვის „საბრინასთვის“ სასურველი კოსტუმები იყო.“
„მაგრამ როგორ შეიძლებოდა მას ასეთი მოთხოვნა ჰქონოდა, როდესაც კოსტუმების დიზაინერი შენ იყავი?“
„რეჟისორთან, ბილი უაილდერთან მივიდა. სცენარიდან გამომდინარე აუხსნა, რომ, რადგანაც სკოლის დამთავრების შემდეგ საფრანგეთიდან ბრუნდებოდა კარგი იქნებოდა ნამდვილი პარიზული ტანსაცმელი თუ ექნებოდა. როგორც ყველა რეჟისორი, ისიც დათანხმდა, რათა თავისი ვასკვლავი ბედნიერი ყოფილიყო. ამიტომ, ორივესთვის სასარგებლოდ, დავთანხმდი და შემოთავაზებულ ლუქში აქა-იქ ცვლილების შეტანა შევთავაზე,“ – ამაყად მითხრა. „რათა ჩემი ხელი შემევლო.“ ქმნილებას ისე დააკვირდა თითქოს პირველად ხედავდა. „თავიდანვე საკმაოდ მშვენიერი დიზაინი იყო, მაგრამ უკეთესი გახდა მას შემდეგ, რაც საშინელი ცალმხრივი პეპლუმი მოვაშორე და ბაფთები დავამატე.“
„შესანიშნავი იყო, მასთან ერთად თეთრი ნაქარგებიანი კაბაც. ქსოვილი მისი (ჟივანშის) ატელიედან გამოგიგზავნეს?“
„მან კიდევ ერთხელ ჩაიცინა. „ნახატი, რომელიც მან წარმომიდგინა, სოლიდური ფერის იყო, კაბისთვის ატლასის ქსოვილი მოიაზრებოდა ნაქარგების გარეშე. ჟივანშისგან არასდროს არაფერი მიმიღია. ბოლო შესწორებები ჩემმა ესკიზების არტისტმა შეიტანა, პატერნი კი პარამოუნტში შეიქმნა. შალი მისი პიჯაკისთვის, აბრეშუმის ტაფეტა, ნაქარგი ორგანზა და ყველა სხვა მასალა ქსოვილის ადგილობრივმა დილერებმა მოგვაწოდეს.“
„ანუ ყველაფერი შენი დიზაინით შეიქმნა?“
„კი, ჩემო ბიჭო.“
„არ გწყინდა ბრალდებები, რომლებიც შენ მიმართ გაისმოდა?“
„მართლა არ მადარდებდა. კუტიურიეები წლების განმავლობაში აკოპირებდნენ ჩემს შემოქმედებას, და სხვა კოსტუმების დიზაინერების ნამუშევრებსაც, ირწმუნებოდნენ, რომ ისინი თავიანთი ორიგინალი იდეები იყო. ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, ბიზნესის ნაწილია.““

ედით ჰედი და ოდრი ჰეპბერნი

ჰედი უკიდურესად დიპლომატიური, პრინციპული და პირდაპირი იყო. მას გამორჩეული პერსონალური სტილი ჰქონდა. ის იმ ერთეულების რიგებს მიეკუთვნება, რომელთა შექმნილი მყარი იმიჯიც თავის ხელწერას ატარებს და უცვლელი რჩება. როგორც სალვადორ დალისთვის გრძელი აწეული ულვაშები, ანა ვინტურისთვის კარე, კარლ ლაგერფელდისთვის თეთრი თმის კუდი და შავი სათვალე, ედითის შემთხვევაში მისთვის დამახასიათებელი მრგვალი სათვალეები და თმის ვარცხნილობაა მის ვიზუალთან ასოცირებული დეტალები. საინტერესო ფაქტია, რომ დიზაინერის შთაგონებით შეიქმნა ედნა მოუდის პერსონაჟი ანიმაციური ფილმიდან „ყველაზე მაგრები.“

ედით ჰედი / ედნა მოუდი

„არ აქვს მნიშვნელობა წარმატების მისაღწევად რომელ მიმართულებას აირჩევ, რა გაცვია და როგორ გამოიყურები შესაძლოა შედეგზე გავლენას ახდენდეს. მასიური წარმოების პერიოდში, როგორც მოგეხსენებათ, პროდუქტი, რომელიც თვალს ნაკლებად იზიდავს თაროზე მტვერს იდებს. ამიტომ თავიდანვე ვამბობთ, „იფიქრე შენს თავზე, როგორც პროდუქტზე.“ იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო პროდუქტი უნდა გაყიდო, ამიტომ აქედანვე დაიწყე იმაზე ფიქრი თუ როგორ შეგიძლია მისი გაუმჯობესება.“ – ე.ჰ.

კოსტუმების დიზაინერებს მაღალი მოდის ბრენდების დიზაინერებისგან პირველ რიგში ის განასხვავებს, რომ ისინი სამოსს ადამიანის ფანტაზიით შექმნილი სამყაროსთვის ქმნიან და არა რეალური ცხოვრებისთვის. მაგრამ ეს წარმოსახვითი სამყარო სინამდვილის ნაწილია, რომელიც მას უფრო მშვენიერს და მრავალფეროვანს ხდის. ძირითადი საერთო ამ ორი ტიპის დიზაინერს შორის კი ის არის, რომ მათ შემოქმედებას ერთნაირი გავლენა აქვს იმ ადამიანის იდენტობის გამოხატვაზე, რომელიც მას ატარებს, იქნება ეს გამოგონილი პერსონაჟი თუ რეალური პიროვნება.

„რასაც კოსტუმების დიზაინერი აკეთებს მაგიას და კამუფლაჟს შორის არსებული კვეთაა. ჩვენ მსხაიობების იმად გარდაქმნის ილუზიას ვქმნით, რაც არ არიან. საზოგადოებას მოვუწოდებთ, ყოველთვის, როდესაც შემსრულებელს ეკრანზე ნახავენ სჯეროდეთ, რომ ის სხვა პიროვნება გახდა.“ – ე.ჰ.

ყველაფერთან ერთად ედითი ყველაზე მეტი აკადემიური ჯილდოს მფლობელი ქალიც არის.

ფილმები, რომელთა კოსტუმების დიზაინმაც ედითს რვა აკადემიური ჯილდო მოუტანა: „მემკვიდრე ქალი“ (1949), „სამსონი და დილაილა“ (1949), „ყველაფერი ევას შესახებ“ (1950), „ადგილი მზის ქვეშ“ (1951), „რომაული არდადეგები“ (1953), „საბრინა“ (1954), „ცხოვრების ფაქტები“ (1960), „აფერა“ (1973).

ედით ჰედი

„[1954 წელს თავისი მეხუთე ოსკარის მიღებისას]: ვაპირებ, რომ სახლში წავიღო და მისთვის კაბა შევქმნა.“

Tags :