1969 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე, Yves Saint Laurent-ის ჩვენებაზე ორი შთამბეჭდავი შიფონის კაბა იყო წარმოდგენილი, ლურჯ და შავ ფერებში. მათ ერთი დეტალი განსაკუთრებულს ხდიდა. კაბებს კლოდ ლალანის შექმნილი ოქროსფერი სკულპტურები ჰქონდათ მორგებული, რომლებიც მოდელ ვერუშკას სხეულის ფორმებს იმეორებდა.

“მასში ის მანცვიფრებს, რომ შეუძლია ოსტატობისა და პოეტურობის ერთი და იმავე მომთხოვნი სტანდარტები გააერთიანოს,” – ამბობდა ივ სენ ლორანი კლოდ ლალანზე საუბრისას. “მის მშვენიერ, მოქანდაკის ხელებს შეუძლიათ იდუმალების ნისლები განდევნონ და ხელოვნების ნაპირებამდე მიაღწიონ.”

Claude Lalanne & Yves Saint Laurent, 1969 © Sotheby’s / Jean-Philippe Lalanne

კუტიურიე კლოდის ქმარ ფრანსუა-ქსავიე ლალანს პირველად 1950-იანი წლების ბოლოს შეხვდა, როდესაც ის ჯერ კიდევ Christian Dior-ის მოდის სახლში მუშაობდა. 1960-იან წლებში წყვილი ბუნებით შთაგონებულ, მცენარეებისა და ცხოველების სიურეალისტურ ქანდაკებებს ქმნიდა.

სწორედ ამ პერიოდში, 1965 წელს მათი ნამუშევრებით მოხიბლულმა ივმა და მისმა პარტნიორმა პიერ ბერჟემ Place Vauban-ზე მდებარე თავიანთი სახლის მისაღები ოთახისთვის ბარი შეუკვეთეს. ეს ლალანებისგან მათი პირველი შენაძენი იყო. ოთხი წლის შემდეგ კლოდ ლალანსა და ივ სენ ლორანს შორის კოლაბორაციაც შედგა, რომელიც მოდის დიზაინერისა და არტისტის თანამშრობლობის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითია.